GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის განცხადებით, კომპანიამ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ორშაბათს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ყველა ის კრიზისი იყო განხილული, რომლის წინაშეც დარგი დგას. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
მელიქიძის განმარტებით, ის ადამიანები, რომლებიც რაიმე დანაზოგს ფლობდა, ამ ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელებას აღარ გეგმავენ და ცენტრალურ აზიაში ინვესტიცრებით არიან დაინტერესებული. შესაბამისად, ახლა დღის წესრიგში დგას საკითხი, რომ არსებული ინვესტორები ქვეყანამ შეინარჩუნოს.
„ეს არის კაპიტალტევადი ბიზნესი და დღეს თუ მოვლენების გავლენა ჰორეკა სექტორმა და ტურიზმმა იგრძნო, დარწმუნებული ვარ, დროის ამბავია, რომ ჩვენი სექტორი უახლოეს 2-3 თვეში ინვესტიციების თვალსაზრისით იგრძნობს. თუ გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ დერეფანი, ამ ყველაფერს გარედან მიღებული ინვესტიციების გარეშე ვერ მივაღწევთ. ამ დროს ყველა წევრი იმაზე საუბრობს, რომ იმ ინვესტორებს, რომლებსაც ქვეყანაზე გარკვეული ხედვა ჰქონდათ, ამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ახლა ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით, უკვე კითხვებს სვამენ, რამდენად ღირს საერთოდ ინვესტიციის განხორციელება.
ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულ დანაზოგებს ფლობდნენ, უკვე ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში საქმიანობა აღარ გააგრძელონ, ცენტრალურ აზიაში გადავიდნენ და იქ დაიწყონ თავიანთი დაგროვებული კაპიტალის ინვესტიცია“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.
GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, საინვესტიციო იმიჯი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ის თანხები, რომელიც საქართველოსთვის იყო განსაზღვრული, შემცირდა და სხვა ქვეყნებში განვითარება პოვა. მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი და უზბეკეთი.
„საერთაშორისო ინვესტორები დაინტერესებული არიან თუ რამდენად დაცული იქნება მათი ინვესტიციები და რამდენად დაცული იქნება ის ინვესტიციები, რომელიც უკვე განხორციელებულია. ამიტომ, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან დიალოგი, რათა სირთულეები, რომელიც დგას, ამაზე შესაბამისი პასუხი გავცეთ, რომ გარკვეულწილად ვიყოთ გარანტი, ხიდი, შუამავალი ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის“, – ამბობს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი.