აგრძელებს გზას მსოფლიო მოდის მწვერვალებისკენ! მატილდა გვარლიანი Homme Girls-ის გარეკანზეა – Marao

მოდისა და კულტურის პლატფორმა HommeGirls მატილდა გვარლიანის ახალ ფოტოს აქვეყნებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში მატილდამ მსოფლიო მოდის სამყარო აალაპარაკა. მან ისეთ მოდის ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა პარიზისა და მილანის მოდის კვირეულები, ამასთან იყო ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი.
14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო.
როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ – ამბობს მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა და დღეს მატილდა გვარლიანი უამრავ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს.
“12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე” – იხსენებდა მატილდა.
15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear’s 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.
პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება – „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” – თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.
2024 წელს მატილდამ ისტორია დაწერა და გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria’s Secret-ის მოდის ჩვენებაზე გაიარა.
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.