“აგროქიზიყი” ახალ ფერმას აშენებს, საქონელი ყაზახეთიდან ჩამოიყვანეს

კომპანია „აგროქიზიყი“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოსთან ახლოს ფერმას აშენებს.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა განაცხადა, ფერმის მშენებლობაში უკვე ინვესტირებულია 2 მილიონ ლარზე მეტი და ინვესტირების პროცესი გრძელდება.
მისივე ინფორმაციით, ფერმა, ძირითადად, ორი მიმართულების იქნება: მოეწყობა როგორც საკარანტინო-საექსპორტო ზონა ცხოვრებისთვის, ასევე, სასუქი მოედანი მსხვილფეხა საქონლისთვის.
„ფერმაში, დაახლოებით, 15 000-დან 20 000-მდე სული ცხვრის ერთდროულად შენახვა შეგვეძლება და ეს ნაწილი უკვე მოწყობილია. ახლა კი კეთდება მსხვილფეხა საქონლისთვის სასუქი მოედნები, სადაც ერთდროულად 3000-დან 5000-მდე რქოსანი პირუტყვის გასუქება შეგვეძლება. ჩემი აზრით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფერმა გამოდის, რომელსაც შეეძლება, ყველაზე დიდი რაოდენობის საქონელი მიიღოს და დაამუშაოს“, – აღნიშნა ფერმერმა.
ბექა გონაშვილი ამბობს, რომ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, საქონლის ხორცის რეალიზაციას, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე გეგმავენ.
„წერტილთან“ ინტერვიუში მეწარმემ სახორცე მიმართულებით ნედლეულის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსხვილფეხა მესაქონლეობაში დამატებითი ღირებულება ქვეყანაში შეიქმნას, ამიტომ გადაწყვიტა, ცოცხალი ნედლეულის იმპორტი ყაზახეთიდან განეხორციელებინა.
„დღეს, საქართველოში იმდენად დიდი მოთხოვნაა ძროხის ხორცზე, რომ საექსპორტოდ არაფერი გვრჩება. მსხვილფეხა საქონლის მიმართულებითაც ქვეყანა მიბმულია რუსეთზე. რა იწვევას ამას? – დასავლეთ საქართველოში ცუდი გენეტიკა გვაქვს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ საქონელს კი, ძირითადად, ერაყელები და სხვები, პატარა ასაკშივე ყიდულობენ. ამდენად, სახორცე მიმართულებაში ნედლეულის პრობლემაა. ამიტომ მე რა უნდა ვქნა?! – ან უკრაინიდან უნდა ჩამოვიყვანო, სადაც ომია და რთულია; ან – ევროპიდან, მაგრამ ძვირია; ან კიდევ დან, საიდანაც იაფია, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობა დიდად არ გამომდის, ამიტომ შორი გზით წავედი და წელს, საქონელი ყაზახეთიდან ჩამოვიყვანე. ძალიან კარგი გენეტიკა და სულადობა აქვთ. დაახლოებით, 7 დღე-ღამე მოვდიოდით ყაზახეთიდან მე და 56 სული ყაზახი ბუღა საქართველოში და პირველ იანვარს საბაჟოზე შევხვდით… მთავარი პრობლემაა შორი გზა და ბიუროკრატიაა, მაგრამ მაინც ღირს. ყაზახეთი საინტერესო ქვეყანაა, დიდი პოტენციალით სოფლის მეურნეობაში და საქართველომ შეიძლება ჰაბის ფუნქციაც შეასრულოს“, – განაცხადა ბექა გონაშვილმა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 83.7 ათასი ტონა ხორცი აწარმოვა. მაჩვენებელი წლიურად 6.4%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ გასულ წლამდე ხორცის წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2006 წელს იყო – 83.3 ათასი ტონა.
ოფიციალური სტატისტიკით, ხორცის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე წელიწადში 45 კილოგრამს შეადგენს. მაჩვენებელი მზარდია, ვინაიდან 2022 წელს 40 კგ იყო, რაც 2023 წელს უკვე 45 კგ-მდე გაიზარდა.
2023 წლის მონაცემებით, ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 47%-ია. ეს ჩამორჩება 2024 წლის 50%-იან ნიშნულს. ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი, 52% 2018 წელს იყო.
რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს, საქართველო ბევრად მეტ ხორცს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის.
2023 წელს ხორცის იმპორტი 108.7 ათასი ტონა იყო (წლიურად 7.5%-ით მეტი), ხოლო ექსპორტი 18.2 ათასი ტონა (წლიური კლება 30.5%).