მოცვის მწარმოებელი კომპანია “აგროლეინი” საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე მუშაობს. როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ღვინიაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი გალფის ქვეყნებია.
მისი თქმით, შარშან, “აგროლეინმა” თანამშრომლობა ინდოეთთან დაიწყო და ამ დროისათვის, მოლაპარაკებები პოლონეთსა და გერმანიასთან მიდის.
გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე 40 ჰექტარზე გაშენებულ მეურნეობაში ყოველწლიურად საშუალოდ 300 ტონა მოცვს აწარმოებს, რომლის დაახლოებით 70% ექსპორტზე გადის. მისივე თქმით, წლევანდელი მოსავალი სავარაუდოდ, კლიმატური პირობების გამო, შემცირებული იქნება, თუმცა ეს არ აფერხებს კომპანიის გეგმებს საექსპორტო ბაზრების გაფართოების მიმართულებით.
„ჩვენ ვიზრდებით, გვჯერა ამ ბიზნესის და გვჯერა, რომ შეიძლება რეალურად საინტერესო ბიზნესად ვაქციოთ. ჯამური ინვესტიცია, საწარმოს ჩათვლით, დაახლოებით 5 მილიონ დოლარს შეადგენს“, – აცხადებს ღვინიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, წელს კომპანიას მოცვი ისრაელშიც უნდა გაეტანა, თუმცა ისრაელ-ირანის დაპირისპირების გათვალისწინებით, კონტრაქტის შესრულება ვერ ხერხდება. ხოლო პოლონეთისა და გერმანიის ბაზრებიდან “აგროლეინის” მოცვს ელიან და შესაბამისი ხარისხის მოსავლის მიღების შემთხვევაში, კომპანია წელს ამ ორ ახალ ბაზარზე გავა.
„ევროკავშირში პოლონეთსა და გერმანიასთან ვმუშაობთ. თუ გვექნება შესაბამისი ხარისხი და რაოდენობა, მიწოდება იქნება. გველოდებიან, უბრალოდ სეზონმა დაიგვიანა და ამინდების გამო პრობლემებია“, – ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.
ოფიციალური სტატისტიკით წელს, 4 თვეში საქართველომ საზღვარგარეთ 18 ტონა მოცვი გაყიდა, საიდანაც $232 ათასის შემოსავალი მიიღო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $183 ათასი იყო, გაყიდული პროდუქტის მოცულობა კი 16 ტონას შეადგენდა. მოცემული მონაცემები ცხადყოფს, რომ წელს ქვეყანას მოცვის ექსპორტი გაეზარდა.
