სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი, საბა ბრაჭველი ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ ბოლო ორ დღეში ჩატარებულ შეხვედრებს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „აგენტების კანონს“ შეეხებოდა.
სწორედ ანტიკორუფციული ბიუროა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ე.წ. ფარას აღმასრულებელი უწყება.
საბა ბრაჭველის განცხადებით, ამ შეხვედრებიდან ცნობილი გახდა, რომ რაჟდენ კუპრაშვილი აგენტების რეესტრში ჩასმით, ან ხუთწლიანი ციხით ემუქრება აბსოლუტურად ყველას, ვინც სოცმედიაში ხელისუფლების კრიტიკას გადაწყვეტს.
„ორი დღეა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენი, დიპლომატებს, ფონდებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს ხვდება და ფარას აღსრულებაზე ისეთი რიხით ესაუბრება, მეფე-მზეს რომ არ დასიზმრებია. მეო, ფარას ყველაზე გავავრცელებო, საელჩოების თანამშრომლებსაც დავერევიო, ორგანიზაციებს დავაყადაღებო, მოქალაქეებს ძალით დავარეგისტრირებო, აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ და იქით გორასა ძვრას ვუზამო. სხვა უწყებებს (და სასამართლოსაც კი) ბევრს არაფერს დავეკითხებიო. მაგალითად, მედიებს რომ მივადგები, ეს მე გადავწყვეტ, რას აშუქებენ ობიექტურად და რას არა და ვაი იმათი ტყავის ბრალი, ვისაც ავითვალწუნებო.
მეფე მზე რაჟდენის ნაამბობიდან ერთი ცალკე მოსაყოლია:
აქამდე ვიცოდით, რომ ფარას გავრცელება მიბმული პირის საქმიანობაზე იქნებოდა, ბატონი რაჟდენი კი ამას პერსონალიებზეც აბამს. მაგალითისთვის, რაჟდენის განმარტებით, თუ მოქალაქე ვებ დეველოპერად ან ბუღალტრად მუშაობს უცხოურ ორგანიზაციაში და ხელფასი იქიდან ერიცხება, მაგრამ თან ფეისბუქზე მთავრობას აკრიტიკებს, ის აგენტად შეირაცხება.
კანონში ცალსახად წერია, რომ ფარას გავრცელებისთვის პირი ფულს ამ კონკრეტული საქმიანობისთვის (ამ მაგალითში – ფეისბუქზე პოსტში) უნდა იღებდეს. ამერიკაში კი არა, არადემოკრატიულ ქვეყნებშიც კი (რუსეთის გარდა), ასეა. მაგრამ რაჟდენ ბატონს ეს არ აინტერესებს – ყველას გააგენტებას აპირებს, ვისაც მთავრობაზე აუგი დასცდება.
კი, სწორად გაიგეთ – ეს კაცი აგენტების რეესტრში ჩასმით, ან ხუთწლიანი ციხით ემუქრება აბსოლუტურად ყველას, ვინც სოცმედიაში ხელისუფლების კრიტიკას გადაწყვეტს.
მომილოცავს ყველასთვის, ვისაც ასეთ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება. ხოლო ვისაც ეს არ გვსურს, 31 მაისს, კანონის ძალაში შესვლის დღეს, მგონი მკაფიოდ უნდა დავანახოთ ბატონ რაჟდენს, რამდენად რეალისტური (ან სასაცილოა) მისი დელუზიების რეალობად ქცევა და ქუჩაში კი არა, სოციალურ ქსელებშიც კი მთელი საქართველოს გაჩუმება“, – წერს საბა ბრაჭველი Facebook-ზე.
