„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციები გაიმართა რეგიონებში

ზუგდიდში მოქალაქეები სკეიტ-პარკში შეიკრიბნენ პლაკატებით, საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროშებით. აქციაზე სახელწოდებით „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ გამოფენილი იყო საინფორმაციო ბანერები ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და მათ მიერ საერთაშორისო გრანტებით განხორციელებული პროექტების შესახებ.
მათი თქმით, აქციები ემთხვევა ევროპის დღეებს, თუმცა ამ თარიღის აღნიშვნის ნაცვლად, უწევთ „რუსული კანონის“ გაპროტესტება, რომელიც აფერხებს საქართველოს ევროპასთან მეგობრობას.
სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებენ გორში, გმირების მემორიალთან შეიკრიბნენ.
ქუთაისში მოქალაქეები შეიკრიბნენ პარლამენტის ყოფილ შენობასთან. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
„მიკავშირდებიან კოლეგები მხარდაჭერას გამოთქვამენ და მეუბნებიან, რომ ვერ გამოდიან აქციებზე. აუცილებლად უნდა გაბედონ და ჩვენ ერთად შევცვლით ამ პროცესებს სასიკეთოდ“, – უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პედაგოგმა სოფო როინიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ბორჯომში აქციაზე შეკრებილები მმართველ პარტიას მოუწოდებდნენ, უკან გაიწვიო „აგენტების კანონი“. აქცია წმინდა ნინოს ქუჩაზე (ყოფილ გამგეობასთან) გაიმართა.
3 აპარილს „აგენტების კანონის“ ხელახალ ინიცხირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ კანონპროექტი, ხალხმრავალი აქციების მიუხედავად, ორი მოსმენით უკვე მიიღო. პარლამენტში მესამე კენჭისყრა მომდევნო კვირაში იგეგმება.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი