რუსეთი ბიჭვინთას მთლიანად გადაიფორმებს – ამ საფრთხეს უკვე თავად დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ხედავენ. ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ხმაურიანი განხილვისა და მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ახლა უკვე ოკუპანტი ქვეყნისთვის ბიჭვინთის აპარტამენტების გადაცემის საკითხი დგას დღის წესრიგში. საუბარია საკმაოდ დიდ და პრესტიჟულ ტერიტორიაზე, სადაც ეს აპარტამენტები უნდა აშენდეს. აფხაზეთში უკვე იციან, რომ ამ ქონების შემსყიდველები რუსეთის მოქალაქეები იქნებიან, რადგან აფხაზეთში სხვა არავინ არაფერს ყიდულობს და ამდენი ფული არც თავად აფხაზებს აქვთ. სამზადისი ე.წ საკანონმდებლო დონეზე კი უკვე აქტიურად მიმდინარეობს.