აბუ-დაბი ბიზნესმენების ახალ „სამოთხედ“ იქცა – Bloomberg

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ-დაბი მილიარდერების ახალ „სამოთხედ“ იქცა – 2017 წლიდან ემირატში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 100-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის აქტივების დაზოგვის ყველაზე პოპულარული ადგილები კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და შვეიცარია იყო. მაგრამ ბოლო წლებში, სიმდიდრის ახალი კერა – ცათამბჯენებით სავსე აბუ-დაბი – სულ უფრო პოპულარული ხდება მილიარდერებში.
საკონსულტაციო ფირმა M/HQ-ის თანახმად, ამჟამად ემირატში 5000-ზე მეტი კერძო კომპანიაა რეგისტრირებული, 2016 წელს მხოლოდ 46 იყო.
კერძოდ, Binance კრიპტო ბირჟის დამფუძნებელმა ჩანგპენგ ჟაომ, ინდოელმა ადანის ოჯახმა, ფინანსისტმა რეი დალიომ და რუსმა მეტალურგ-მაგნატმა ვლადიმერ ლისინმა თავიანთი კომპანიები აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში დაარეგისტრირეს. ისინი იმ ათეულობით მდიდარ ადამიანს შორის არიან, რომლებიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქით ახლახან დაინტერესდნენ.
აბუ-დაბი იზიდავს მეწარმეებს, რადგან ის უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას, აქტივების დაცვას და დაბალ გადასახადებს. არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება ასევე სთავაზობს გრძელვადიან ბინადრობის ნებართვას ინვესტორებს, რომლებიც რეგიონში დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ. ამავდროულად, სხვა ოფშორული ზონები, როგორიცაა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ბოლო დროს მნიშვნელოვნად კარგავენ პოპულარობას.
აქტივების დაზოგვის ხელსაყრელი პირობების გარდა, ბევრ ინვესტორს სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან კავშირების დამყარების შესაძლებლობაც იზიდავს. კერძოდ, მილიარდერები იმედოვნებენ კონტაქტებს შეიხ ტაჰნუნ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან და დუბაის პრეზიდენტის ძმასთან. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შეიხის მიერ კონტროლირებადმა კომპანიებმა რამდენიმე შვილობილი კომპანია შექმნეს აბუ-დაბის რაიონში.