აბუ-დაბიში ფრენების შეჩერება გააძვირებს ტურისტულ პაკეტს და ნაკლები ადამიანი იფრენს – ბერეკაშვილი

ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორის ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ Wizz air-ის მიერ აბუ-დაბის მიმართულების გაჩერებას მის ბიზნესზე სერიოზულ გავლენას იქონიებს.
ამ შემთხვევაში თბილისიც ვერ იქნება ალტერნატივა, რადგან თბილისის აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებით ბიუჯეტური ავიაკომპანიები არ დაფრინავენ, ეს კი როგორც ბერეკაშვილი ამბობს, ტურებს გააძვირებს.
“საკმაოდ გააძვირებს პაკეტს, რადგან რა ტურებსაც ტურისტებს ახლა ვთავაზობდით იმ თანხის 80% თბილისიდან ფრენის შემთხვევაში ბილეთის ღირებულება იქნება. ახლა თუ 80-60 ადამიანი ახერხებს წასვლას, გაძვირებულ პაკეტით ალბათ 20 ადამიანი შეძლებს. შეიძლება აღარც ღირდეს იმის გაკეთება, რაზეც ახლა ვმუშაობთ. შემომყვან ტურიზმს რაც შეეხება, საკმაოდ მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სასტუმროებს, ტრანსპორტს, ავტოგაქირავებას, კვების ობიექტებს და ა.შ.
ვფიქრობ, რაც გამოცხადდა Wizz air გასვლის შესახებ, უნდა შექმნილიყო გარკვეული კრიზისული მართვის ჯგუფი. მოლაპარაკება გამართულიყო სხვადასხვა დაბალბიუჯეტიან კომპანიასთან თუნდაც არაბულ ავიაკომპანიებთან, რათა ეს მიმართულება შევინარჩუნოთ. მთავრობის პასუხისმგებლობას იმაში ვხედავ, რომ მნიშვნელოვანი მიმართულება გაუქმდა, როგორმე მისი სხვა ავიაკომპანიით ჩანაცვლება უნდა მოხდეს. ის, რომ კომპანია გავიდა და ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ვერ იქნება კრიზისის მართვა. ამ შესაძლებლობის გამოყენება გვჭირდება, რათა ასობით ადამიანი ტურიზმში ისე არ დარჩეს”, – ამბობს ბერეკაშვილი.
14 ივლისს Wizz air-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან აბუ-დაბის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ფრენების გაჩერების გადაწყვეტილება შეეხო ქუთაისსაც, საიდანაც Wizz Air Abu Dhabi-ი დაფრინავს.
კომპანიის განცხადებაში წერია, რომ ბაზრის დინამიკის, ოპერაციული სირთულეებისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, Wizz Air წყვეტს Wizz Air Abu Dhabi-ის ოპერაციებს, რაც გულისხმობს ყველა ადგილობრივი რეისის შეჩერებას 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
Wizz Air გააძლიერებს ფოკუსს თავის ძირითად ბაზრებზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია, იტალია და გაერთიანებული სამეფო. ამ სტრატეგიული გადანაწილებით კომპანია შეძლებს რესურსების მიმართვას იმ რეგიონებისკენ, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში აჩვენებენ ზრდისა და მოგებიანობის პოტენციალს.