„აბსურდულია სკოლების ავტონომიურობაზე საუბარი, მაშინ როცა ისინი პოლიტიკური გავლენების ქვეშ არიან“ – რევაზ აფხაზავა

„როდესაც საუბარია სკოლების ავტონომიურობის გაზრდაზე, ეს საერთოდ აბსურდია, რადგან ხელისუფლება ამისთვის მზად არ არის და რეალურად არ აქვს ამის სურვილი. სკოლები პოლიტიკური პროცესების გავლენის ქვეშ არიან და ამას არაერთი ფაქტი მოწმობს. ჩვენ ვიხილეთ სუს-ის მიერ გაკეთებული კრებსები, რომლითაც კარგად ჩანდა, თუ როგორ იმართება პროცესები საჯარო სკოლებში“, – ამის შესახებ ექსპერტმა განათლების საკითხებში რევაზ აფხაზავამ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, საჯარო სკოლების ავტონომიურობის იდეის განხორციელება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, თუმცა პოლიტიკური მიზნების პრიორიტეტულობა ამ პროცესში განათლების ხარისხზე მაღლა დადგა.
„სკოლების ავტონომიურობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2004 წლიდან დაიწყო, როცა სკოლები დამოუკიდებელ იურიდიულ პირებად იქცნენ, თავიანთი ანგარიშები ჰქონდათ და ა.შ. თუმცა, სწორედ იმ ხელისუფლების პირობებში გაფუჭდა ეს იდეა, რადგან ამოქმედდა პარტიული პოლიტიკა და არჩევნების გამო სისტემისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ჩვენი შვილების მომავალი.
დღეს ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერებულია და უამრავი მაგალითი გვაქვს იმის, თუ როგორ ხდება დირექტორების წარდგენა. პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით ხდება ადამიანების მოწონება ან დაწუნება. ასევე გვაქვს ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომელიც პირდაპირ არჩევნების საკითხიდან გამომდინარეობს“, – აღნიშნა რევაზ აფხაზავამ.
ექსპერტის შეფასებით, სწორედ პოლიტიკური ნიშნით კადრების შერჩევის გამო დღეს სკოლებში უამრავი არაკომპეტენტური მასწავლებელია.
„გვყავს უამრავი მასწავლებლები, რომელსაც თავის საგანში კომპეტენციის დადასტურება არ შეუძლია და ამაზე თვალი გვაქვს დახუჭული. ახლა ბილინგვურ სისტემაზე გადავედით და გვყავს მასწავლებლები, რომლებიც ვერ ადასტურებენ, რომ ქართული იციან, მაგრამ მაინც ამ ბილინგვური სწავლების სისტემაში არიან. სრული თვალსაჩინოებაა იმის, რომ დავინახოთ რომ მიზანმიმართულად ინგრევა განათლების სისტემა“, – აღნიშნა რევაზ აფხაზავამ.
მან ასევე სკოლებში ეროვნული შეფასება დაბრუნების მიზანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ იდეას მხარს უჭერს, თუმცა მთავარი მისი სწორად განხორციელება იქნება.
„ის რომ შეფასებები უნდა ტარდებოდეს ეს ცალსახად სწორი, მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ამაში ნამდვილად ვეთანხმები მინისტრს და წარმატებას ვუსურვებ ამის განხორციელებაში. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაღმები. არ შეიძლება ეროვნული შეფასებები გამოვიყენოთ რეპრესიებისთვის. თუ მაგალითად რომელიმე მაღალმთიანი რეგიონის სკოლა ცუდ შედეგს აჩვენებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ დირექტორი უნდა გავათავისუფლოთ.
ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და არა მოსწავლის, მასწავლებლის ან სკოლის, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს შესაბამის ხარისხს,”- განაცხადა აფხაზავამ.