,,აბსურდია, მსგავსი რამ ვერ მოხდება” – გიორგი კაკაურიძე დავით პაპაშვილს პასუხობს

,,აბსურდია, მსგავსი რამ ვერ მოხდება” – გიორგი კაკაურიძე დავით პაპაშვილს პასუხობს
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აბსურდს უწოდებს ინფორმაციას, რომ შემოსავლების სამსახური კომპანიებს წინასწარ სთხოვს გადასახადების გადახდას. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა bm.ge-ს ეთერში განცხადება გააკეთა. „არის პრაქტიკაში შემთხვევები, როცა მსხვილ ბიზნესს შემოსავლების სამსახური უკავშირდება და თხოვნით მიმართავს, რომ თუ არის საშუალება წინასწარ გადაიხადოს გადასახადი, რადგან ბიუჯეტში თანხის მობილიზების პრობლემაა.’’- თქმა გადაცემა ,,ანალიტიკაში“ სტუმრობის დროს ბიზნესმენმა.
დავით პაპიაშვილმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, აღნიშნული მიზეზით დაფიქსირდა გეგმასთან შედარებით 261.2%-იანი ზრდა “სხვა გადასახადებში”, რადგან “სხვა გადასახადები” გადამხდელების მიერ წინასწარ გადახდილი გადასახადია. “ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილი კი შეივსო 102%-ით, მაგრამ წინსწრებით გადახდილი გადასახადების ხარჯზე”, – განაცხადა პაპიაშვილმა.
საკითხს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გამოეხმაურა. გიორგი კაკაურიძის კომენტარი თავად სამინისტრომ გაავრცელა. მინისტრის მოადგილე კომენტარში განმარტავს, რომ თავდაპირველად “სხვა გადასახადების” კატეგორიაში ხვდება საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი თანხა, რაც მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში.
“აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს შემოსავლების სამსახური კომპანიებს სთხოვს, რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც რა თქმა უნდა, აბსურდია, მსგავსი რამ ვერ მოხდება. რაც „სხვა გადასახადების“ შესრულებაზე შეიძლება ითქვას ისაა, რომ ხელფასთან ერთად, რა თქმა უნდა, კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც თავდაპირველად ხვდება “სხვა გადასახადებში” და ეს უკვე მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში, რაც ყველა კომპანიამ კარგად იცის. ამიტომ, არ მგონია მსგავსი განცხადებები მიზანმიმართული დეზინფორმაციის გარდა სხვა რაიმეს ემსახურებოდეს”,- განაცხადა კაკაურიძემ.
მისივე თქმით, ბიუჯეტის შესრულებას დღეის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით, გადაჭარბებით არის შესრულებული. – “ნებისმიერი მცდელობა წარმოაჩინონ თითქოს ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუებაა.”- განაცხადა კაკაურიძემ.
პირველ კვარტალში გადასახადების სახით ბიუჯეტში 5.4 მლრდ ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მოცულობას 2.3%-ით აჭარბებს. მიუხედავად ამისა, რიგი მიმართულებით გეგმასთან ჩამორჩენა დაფიქსირდა. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-მარტში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. თუმცა “სხვა გადასახადების” კატეგორია 161.2%-იანი გადაჭარბებით შესრულდა.