“აბსოლუტურად ყველა დელეგატი თავის საქმის პროფესიონალია” – ოდიშარია ბერლინალეს დელეგაციაზე

კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი და პროპაგანდისტული POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინო-ბაზრობაზე 32-წევრიანი დელეგაციის გამგზავრებას განცხადებით ეხმაურება.
ოდიშარიას თქმით, ყველანაირი ისტერია კინოცენტრის დელეგაციასთან დაკავშირებით “მხოლოდ უსახური პროპაგანდის და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია”. ის ირწმუნება, რომ კინოცენტრის დელეგაციაში მყოფი “აბსოლუტურად ყველა დელეგატი თავისი საქმის პროფესიონალია”.
“აბსოლუტურად ყველა დელეგატი არის თავის საქმის პროფესიონალი, სიის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი რეჟისორებისა და პროდუსერებისგანაა დაკომპლექტებული; 23 რეჟისორი/პროდუსერი, 5 კინოცენტრის თანამშრომელი, 4 მედია გამშუქებელი. ეს ნაწილი რასაკვირველია ნაცმედიის სათაურებში არ ხვდება. იქ ხვდება მხოლოდ პოსტვს და იმედის გამშუქებლები. ეს უკანასკნელნი, სიაში მოხვდნენ იმისათვის, რომ ფესტივალის ირგვლივ მედია გაშუქება და სიუჟეტების დამზადება უზრუნველყონ, რაც ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი პრაქტიკაა. და დიახ, რასაკვირველია კინოცენტრი ზრუნავს რომ მაქსიმალურად გაშუქდეს ქართული სტენდი და მისი აქტივობები ბერლინალეზე. […]
ყველანაირი ისტერია კინოცენტრის დელეგაციასთან დაკავშირებით მხოლოდ უსახური პროპაგანდის და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია. წლევანდელი ქართული სტენდი, როგორც გაშუქების, ისე საქმიანი შეხვედრების მხრივ იქნება ყველაზე ინტენსიური და მასშტაბური და მოემსახურება ქართული კინემატოგრაფის ინტერესებს, რომელსაც ასე აქტიურად ცდილობენ სახელი შეულახონ საერთაშორისო კინოსივრცეებში მავნებლებმა”, – წერს ოდიშარია.
ამასთან, ოფიციალური წარმომადგენლების სიაში არიან თავად კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაც, კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი და პროპაგანდისტული POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია.