ომბუდსმენი ლევან იოსელიანი ქალ დეპუტატებზე ქართული ოცნების წევრების მხრიდან თავდასხმებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ქალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია”.
მისი შეფასებით, პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც საქმის გარკვევა ძალადობით უნდა ხდებოდეს.
“პირველივე შემთხვევიდან მე გამოვეხმაურე ამას. ჩემს სოციალურ ქსელზე დავგმე ამგვარი ქმედება ქალი დეპუტატების მიმართ. ყოველთვის ამ აზრზე ვარ. ზოგადად, პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ძალადობით უნდა ხდებოდეს საქმის გარკვევა. აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია ქალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება და ყველა ასეთ შემთხვევაზე გვაქვს რეაგირება. ეს საკითხიც და მათ შორის, პარლამენტში მიმდინარე საკითხები, რომლებიც სიძულვილის ენის გამოყენებას ეხება, ქალებთან დაკავშირებული საკითხები მოხვდება ჩვენს ანგარიშში და ამის შესახებ უკვე საზოგადოება უფრო დასაბუთებულად მოისმენს ჩვენს პოზიციას”- თქვა იოსელიანმა.
17 ნოემბერს, მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენისას დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მგალობლიშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თინა ბოკუჩავას, შემდეგ კი ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია.
მანამდე, 31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას “ბანძი” უწოდა.
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ – შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.