განათლების სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
„აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტში შესატანი ცვლილებები წარმოადგინა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
კითხვებზე პასუხისას გაბისონიამ განაცხადა, რომ დღეს არსებული მოდელის მიხედვით, როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ოფცია, ანუ ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, მესამეში, მეოთხეში და “რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, რომ ვარდება”.
“ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე პერიოდში, იმაზე მოკლე პერიოდში, ვიდრე განათლების სისტემაში შეიძლება რომ მოდელი განსაზღვრო, პირველადი შედეგები ნამდვილად გვექნება, რადგან იქ მოხვდებიან მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის აბიტურიენტები”, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
მანამდე ზვიად გაბისონიამ ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულია უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა და, შესაბამისად, ეს გახლავთ პირველი პაკეტი. მოგეხსენებათ, რომ თავად კონცეფცია მიზნად ისახავს შვიდი გამოწვევის დაძლევას და, შესაბამისად, ის დაყოფილია პაკეტებად იმის და მიხედვით, რა პერიოდულობით გვჭირდება ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელება.
პირველი პაკეტი მოიცავს რამდენიმე კანონში ცვლილების შეტანის საკითხს. ეს გახლავთ უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონი, თავდაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ საქართველოს კანონი და საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.
პირველ მოსმენაზე ავხსნით, რა მიმართულებით იქნება ცვლილებები შეტანილი. პირველი ეხება დაფინანსების სრულიად ახალი საგანმანათლებლო სისტემის შემოტანას. მოგეხსენებათ, რომ ახალი გადაწყვეტილების მიხედვით უქმდება აქამდე არსებული საგრანტო სისტემა და მას მთლიანად ჩაანაცვლებს სრულად სახელმწიფოს დაფინანსების მოდელი, იგულისხმება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, უშუალოდ პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100%-იანი დაფინანსების მოდელზე გადასვლა, შესაბამისად, გაუქმებული იქნება ე.წ. 100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი და 30%-იანი საგრანტო სისტემა, თუმცა ამ მიმართულებით დაფინანსება გაუუქმდება კერძო უნივერსიტეტებსაც, ვგულისხმობ საგრანტო დაფინანსების ნაწილს. მოგეხსენებათ, რომ არსებული მოდელის მიხედვით ხდებოდა გრანტების გაყოლა იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, რომელშიც მოიპოვებდა სწავლის უფლებას. პირველი ცვლილება სწორედ ამ ნაწილს ეხება.
მეორე ნაწილი იგულისხმება ის, რომ აქამდე, ანუ 2025 წლის ჩათვლით ჩარიცხული სტუდენტები შეინარჩუნებენ იმ მოდელს, რაც აქამდე არსებობდა ანუ საგრანტო მოდელს, შესაბამისად, დღევანდელ პირველკურსელებს დაფინანსების ნაწილში არ ვეხებით.
ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება თვითონ სასწავლო სისტემის გარდაქმნას. აქამდე არსებული მოდელის მიხედვით, ბაკალავრიატი განხილული იყო 4-წლიანი პერიოდულობით, ხოლო მაგისტრატურა განხილული იყო 2-წლიანი პერიოდულობით. ამ მოდელის მიხედვით, მოდელი იქნება 3+1+1, რაც გულისხმობს იმას, რომ სამი წელი იქნება არარეგულირებადი პროფესიების მიმართულებით ბაკალავრიატის ნაწილი, ხოლო მაგისტრატურა იქნება 1+1 მოდელი, ხოლო არსებული 2-წლიანი მოდელი ჩანაცვლდება 1+1 მოდელით, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი წლის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება საშუალება, მიიღოს მაგისტრატურის დამადასტურებელი დიპლომი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს, სამომავლოდ სწავლა განაგრძოს ე.წ. დოქტორანტურის საგანმანათლებლო მესამე საფეხურის პროგრამაზე, მას ექნება საშუალება, რომ დაიმატოს კრედიტები ერთი წლის კომპონენტის ნაწილში და ამით ბოლონიის პროცესის სრულ თანხვედრაში მოვალთ. ის შეავსებს 300 კრედიტს, რაც იქნება საფუძველი იმისათვის, რომ მან მეცნიერების ნაწილში ანუ მესამე საგანმანათლებლო საფეხურზე გააგრძელოს სწავლა. ეს ცვლილება სწორედ ამ ნაწილს ეხება.
აქვე, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ ის, რომ სამინისტროს წარდგინებით უნივერსიტეტებს განესაზღვრება იმ საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა, რასაც მთავრობა დაადგენს. თქვენ იცით, რომ ჩვენი შემოთავაზებული მოდელის მიხედვით, რაც მთავრობას აქვს დამტკიცებული, მოდელში იგულისხმება ე.წ. ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ერთ ქალაქში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების გადუალება. ერთი და იგივე პროგრამის განხორციელება ერთ ქალაქში არ შეიძლება იყოს რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწორედ ამას ეხება აღნიშნული ცვლილება. აქვე ვგულისხმობთ სტუდენტების კვოტირების ნაწილსაც. მოგეხსენებათ, რომ საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხდება შესაბამისი პროფესიების დადგენა, რა მიმართულებით რა კვოტირების ნაწილი გვჭირდება და სწორედ ამ მიმართულებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მთავრობა გამოაცხადებს იმ კვოტების ნაწილს, რა კვოტებშიც მოხდება სტუდენტების მიღება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ აქამდე არსებობდა სრულიად სხვა პრინციპი, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა რამდენიმე უნივერსიტეტის შემოხაზვის შედეგად სხვადასხვა უნივერსიტეტში მაინც მოხვედრილიყო, აქ საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაკულტეტი და კონკურენცია ამ ნაწილში გაიზრდება.
ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ნაწილში ხარისხი მკვეთრად მოიმატებს დროის ძალიან მოკლე პერიოდში.ბოლო ნაწილი უფრო ტექნიკური ხასიათის არის. თქვენ იცით, რომ არსებული ცვლილებების მიხედვით, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ერთ-ერთი ცვლილება ეხებოდა ონლაინ-უნივერსიტეტის კონცეფციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შექმნას და ამ სტანდარტებთან დაკავშირებით ვითხოვთ, რომ 2028 წლის 1 იანვრისთვის იყოს გადავადებული ონლაინ-უნივერსიტეტის კონცეფციის სტანდარტების შექმნა, რადგან მას სჭირდება დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერა და, შესაბამისად, ამ ნაწილში ამ ცვლილებით გვინდა, რომ გადავადება 2028 წლამდე მოვახდინოთ”, – განაცხადა გაბისონიამ.
www.interpressnews.ge




