ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით ირანი ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს არ განიხილავს მანამ, სანამ ისრაელს მასზე იერიშები მიაქვს.
“დღევანდელი გარემოებების ფონზე და მანამ, სანამ სიონისტური რეჟიმის თავდასხმები გრძელდება, ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკებებს არავისთან, მით უმეტეს, შეერთებულ შტატებთან”. – თქვა არაღჩიმ.
მისი თქმით, მოლაპარაკება სწორედ ამერიკულ მხარეს სურს.
“მათ არაერთხელ გამოგზავნეს შეტყობინებები, მათ შორის, ძალიან სერიოზულებიც,
მაგრამ ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით, რომ სანამ აგრესია და იერიშები გრძელდება,
მოლაპარაკებასა და დიპლომატიაზე საუბრის არანაირი სივრცე არ არსებობს”. – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანი აშშ-ს მიმდინარე იერიშების თანამონაწილედ მიიჩნევს.
“ჩვენ არ ვაწარმოებთ არანაირ მოლაპარაკებას შეერთებულ შტატებთან, რომელიც, ჩვენი თვალსაზრისით, ამ დანაშაულების თანამონაწილეა”. – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ ირანი ლეგიტიმური თავდაცვის მდგომარეობაში იმყოფება.
მანამდე, 19 ივნისს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებში აშშ-ს ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს.
“იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ არსებობს მოლაპარაკებების ხელშესახები შანსი, რომელიც შესაძლოა შედგეს ან არ შედგეს უახლოეს მომავალში, მე ჩემს გადაწყვეტილებას, ჩართვა-არ ჩართვაზე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებ,” – ციტირებს ტრამპს თეთრი სახლის პრესმდივანი.