რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, უკრაინის დაზვერვამ სცადა რუსი სამხედრო პილოტის მოსყიდვით Tu-22M3-ის ტიპის სტრატეგიული რაკეტმზიდის გატაცება.
რუსეთის ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვის სამსახური რუს პილოტს $3 მილიონს და იტალიის მოქალაქეობას სთავაზობდა სამხედრო თვითმფრინავის გატაცების სანაცვლოდ. ФСБ ამტკიცებს, რომ ოპერაციაში ჩართულები იყვნენ NATO-ს წევრი ქვეყნებიც.
რუსულ მედიაში გავრცელდა Telegram-ში მიმოწერის ფოტოები, რასაც ФСБ უკრაინის მიმართ ბრალდების მტკიცებულებად იყენებს.
მსგავსი ბრალდება რუსეთმა 2022 წლის ივლისშიც გააჟღერა და ამტკიცებდა, რომ უკრაინა ცდილობდა რუსი სამხედროების თვითმფრინავების გატაცებაში დარწმუნებას და სანაცვლოდ დიდ თანხასა და ევროკავშირის მოქალაქეობას ჰპირდებოდა.