2021 წლის მარტში კულტურის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყო და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა. მისი ხელმძღვანელობის პირველ ერთ წელიწადში სამინისტროდან და მისი დაქვემდებარებული უწყებებიდან ათობით ადამიანი გაათავისუფლეს. ნაწილმა თავად, მინისტრის კულტურის პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა სამსახური. სამინისტრო ამ ცვლილებებს რეორგანიზაციას არქმევს, ათობით ადამიანი კი თვლის, რომ სამსახურიდან განსხვავებული აზრის, მინისტრთან ოპონირების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. ნაწილი უფლების აღსადგენად სასამართლოში ჩივის.
ეს “ონლაინ გალერეა” განსხვავებული პროფესიების, ინტერესების, ასაკისა და გამოცდილების ადამიანების ისტორიებს აერთიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ უსამართლობის მსხვერპლი გახდა. ამ ამბების უმეტესობა სისტემურ პრობლემებზე მიანიშნებს – სისტემის მოძველებული სტრუქტურა, პროფესიონალების სიმწირე, მოუქნელობა, სიახლეებისა და ცვლილებების სიმწირე, დაგვიანებული რეფორმები და მმართველი გუნდი, რომლიც თვლის, რომ კულტურას მოთვინიერება სჭირდება. ეს ის საკითხებია, რომლებიც ბევრი წელია განვითარებას უშლის ხელს და რომლებიც ახალი სიმწვავით გააცოცხლა თეა წულუკიანის დანიშვნამ.
ეს პროექტი ვერ ჩაითვლება კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების სრულყოფილ სურათად, დიდწილად იმის გამო, რომ კულტურის მინისტრი და სამინისტროს ჩინოვნიკები არ თანხმდებიან ამ თემებზე საუბარს.
დავით ნიორაძემ მუზეუმში მუშაობის გაგრძელებაზე უარი 2021 წლის ნოემბერში თქვა, იქ გატარებული 6 წლის შემდეგ.
ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის არარენტაბელურად გამოცხადება, მუზეუმიდან საუკეთესო სპეციალისტების გათავისუფლება, მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმის არაკვალიფიციური მართვა და ბოლოს ასეთი მასშტაბის დარტყმა მეცნიერებაზე, რაც დაფინანსებული კვლევების შეჩერებაში გამოიხატა, არის კულტურული მემკვიდრეობის, ქვეყნის და პირადად ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, უკეთესი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.
მე არ მინდოდა ვყოფილიყავი იმ გუნდის ნაწილი, რომელსაც არ ვეთანხმებოდი მიდგომაში, რაც მათ აქვთ სამუზეუმო საქმის მიმართ.
არქეოლოგი ნინო ჯაყელი ეროვნულ მუზეუმში 1982 წლიდან მუშაობდა, 2022 წლის 24 მაისამდე. ამ დღეს ნინოსთან ერთად ეროვნული მუზეუმის 20-ზე მეტი თანამშრომელი თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან.
ნინოს გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკა ახალბედაშვილი – მას ნინომ 17 თებერვალს, საჯაროდ, მედიის თანდასწრებით უთხრა, რომ კულტურის სამინისტრო მუზეუმის მხარდაჭერის ნაცვლად დაპირისპირების კერებს აღვივებდა ამ სისტემაში. ნინოს გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ მუზეუმის თანამშრომელთა კვალიფიკაციის შემსწავლელმა კომისიამ ის არაკომენტენტურად მიიჩნია.
გათავისუფლების შემდეგ ნინოსთვის არავის უთქვამს, ვის უნდა გადააბაროს ათასობით ექსპონატისგან შემდგარი ფონდი, ან რა ბედი ელის იმ კვლევით პროექტებს, რომლებიც უკვე დაფინანსებულია და რომელიც მას მუზეუმის სხვა, ასევე გათავისუფლებულ თანამშრომლებთან და უცხოელ კოლეგებთან ერთად უნდა განეხორციელებინა.
რაც ამ ქვეყანაში ხდება, ის ხდება მუზეუმში. ნგრევა, მეთოდური ნგრევა. ფასეულობების განადგურება.ეს იყო ძალიან წარმატებული მუზეუმი, როგორც საგამოფენო, ისე სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ანგრევენ. არის ხალხი, ვისაც ეს მოწონს.
ეკა კიკნაძე ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული გალერეის მმართველი იყო. ის ჯერ ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს 2021 წლის 30 ივლისს, 2022 წლის დასაწყისში კი გაათავისუფლეს. ეკა კიკნაძემ მკვლევართა ჯგუფთან ერთად რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა, მაგრამ მუზეუმმა უარი თქვა მათ პროექტზე. 13 დაფინანსებული პროექტიდან მუზეუმმა უარი მხოლოდ ერთზე თქვა, იმაზე, რომლის შემადგენლობაშიც ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები (ნინო ხუნდაძე, ნანა ბურჭულაძე, დავით ნიორაძე, დინარა ვაჩნაძე და ეკა კიკნაძე) შედიოდნენ.
ეკა კიკნაძე კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში დავობს და სახალხო დამცველისგან ითხოვს დისკრიმინაციის დადგენას მის საქმეში. ეროვნული მუზეუმი მას არ აძლევს იმ დოკუმენტებს, რომლის გაცემის ვალდებულებაც კანონით აქვს, როგორც საჯარო ინფორმაციის და რაც ეკას სამართლებრივი დავისთვის სჭირდება.
ეტყობა, მინისტრმა, რომელსაც ძალიან “ვუყვარვარ”, ახალ დირექტორს უთხრა, “ჩამოალაბორანტებო”. მას კი დოჩანაშვილი არ წაუკითხავს და პირდაპირ გაიგო.
ხელოვნების მუზეუმი ყოველთვის იყო ჩაკეტილი და გასაიდუმლოებული… სამეცნიერო შესწავლა, ინტეგრირებული კვლევა, კოლექციების მოქცევა საერთაშორისო, სამუზეუმო ბაზებსა და სამეცნიერო მიმოქცევაში არის მთავარი მიზანი, რაც სჭირდება ამ მუზეუმს და სწორედ ამას ეწინააღმდეგებოდნენ ეს ძალები.
გაგა ჩხეიძე კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან 14 მარტს გაათავისუფლეს. სამინისტრო შიდა აუდიტის დასკვნას დაეყრდნო, რომელიც კინოცენტრში დარღვევებს აღწერდა და პროკურატურაში გადაიგზავნა. გაგა ჩხეიძე აუდიტის სამსახურის შეხვედრებიდან იხსენებს, როგორ აფრთხილებდნენ მას იმის შესახებ, რომ ყურადღებით ეცნობოდნენ რას წერდა ფეისბუკზე, და მინისტრთან შეხვედრასაც, სადაც მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ კინოცენტრმა დააფინანსა ფილმი ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური ბაღის შესახებ. სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება“ კინოცენტრმა მანამ დააფინანსა, სანამ მისი ხელმძღვანელი გაგა ჩხაიძე გახდებოდა.
ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელად, გაგა ჩხაიძის გათავისუფლების შემდეგ, მინისტრის მოადგილე კარლო (კახა) სიხარულიძე დაინიშნა სამი წლით. გაგა ჩხეიძემ კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.
აუდიტის დასკვნა მას შემდეგ მივიღეთ, რაც მე მომიტანეს განთავისუფლების ბრძანება. მითხრეს, რომ სამინისტრომ რამდენიმე ასეთი აუდიტი ჩაატარა – ეს არის სამინისტროს შიდა აუდიტი. ამ სამსახურს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, რომელიც მინისტრის კადრია. აუდიტის დანიშნულება არის ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესება – ორგანიზაციებს აქვთ უფლება, გაითვალისწინონ მისი რეკომენდაციები ან არა. ჩვენ 18 რეკომენდაცია მოგვცა 2021 წლის სექტემბრის თვეში აუდიტმა და ნაწილი გავითვალისწინეთ, ნაწილი ვერ და არ გავითვალისწინეთ.
აუდიტის დასკვნაში 27 დარღვევაა ჩამოთვლილი და ნათქვამია, რომ მათგან მხოლოდ სამი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მე ვთვლი, რომ არც ამ სამ შემთხვევაში არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ეს უფრო ჩემი დასჯის თუ დაშინების მცდელობაა.
ლაშა ჩხვიმიანი ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა – ეს არის ერთადერთი სახელმწიფო თეატრი საქართველოში, რომელსაც არ აქვს საკუთარი შენობა და არ ჰყავს მუდმივი დასი. მწირი იყო თეატრის ბიუჯეტიც, წელიწადში დაახლოებით 30 000 ლარი. 2019 წელს თეატრმა დადგა ჰენრიკ იბსენის პიესა „ხალხის მტერი“ – ადგილობრივ თვითმმართველობას ეს სპექტაკლი არ მოეწონა და ლაშას ჩინოვნიკებთან ურთიერთობა გაუფუჭდა. დმანისის მერმა რეჟისორს მისწერა, რომ „ასეთი იდიოტიზმი აღარ უნდა განმეორებულიყო“, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს კი დმანისის თეატრის წარმოდგენებზე მისვლა აეკრძალათ.
2022 წელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში ლაშა ჩხვიმიანი ერთადერთი კანდიდატი იყო – 8 თებერვალს მინისტრმა კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა, დმანისის სამხატვრო ხელმძღვანელად კი იმავე დღეს დანიშნა გიორგი სიხარულიძე, რომელიც არ მონაწილეობდა კონკურსში. დმანისის თეატრის ბიუჯეტი 26 000 ლარიდან 408 462 ათას ლარამდე გაიზარდა.
ლაშა ჩხვიმიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანის მხრიდან სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენას სთხოვს.
სამინისტროს მმართველობაში 29 თეატრია, აქედან 21-ში გამოცხადდა კონკურსები და მგონია, ეს არ იყო რეალური კონკურსები, უფრო წმენდა იყო და გადალაგებ-გადმოლაგება მინისტრის ერთპიროვნული შეხედულებისამებრ. ძნელია იმაზე ლაპარაკი, რა არ მოეწონა მინისტრს დმანისის თეატრში: კანონი არ განსაზღვრავს, რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს მინისტრმა მიზანშეწონილად. ჩემს შემთხვევაში ბევრი ვერსია არსებობს, მაგრამ რეალურ მიზეზს ალბათ ვერ გავიგებთ, ყველაფერი მაინც მარჩიელობა იქნება.როცა გავიგე 8 თებერვალს, რომ კონკურსი ჩაიშალა და იმ დღეს სხვა დაინიშნა, სანამ საჯაროდ რამეს ვიტყოდი, მინისტრს პირადად მივწერე ფეისბუკგვერდზე. მან მიპასუხა, თუმცა არ უთქვამს რატომ ჩაიშალა კონკურსი: მირჩია, დავმშვიდებულიყავი და მითხრა, რომ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი დიდი რეჟისორია, მის პირობებში გაჩნდება დასი და მოგვარდება შენობის პრობლემა. ტელეეთერებში თქვა, რომ მე ის არ მიცნობს და მასთან არ ვყოფილვარ სამინისტროში იმ ათი თვის განმავლობაში, რაც ის მინისტრი იყო. ვერც ეს ვერ გავიგე, რას ნიშნავდა. როცა ის მინისტრი გახდა, თქვა, რომ ყველა თეატრს პირადად ესტუმრებოდა და ადგილზე გაეცნობოდა თეატრების პრობლემებს. ჩვენ ველოდებოდით, იმედი გვქონდა, რომ თბილისის თეატრების შემდეგ ყველაზე გაჭირვებულ თეატრში ჩამოვიდოდა – საბოლოოდ ყველა თეატრს ესტუმრა, დმანისის თეატრის გარდა. დმანისში მაშინ ჩამოვიდა, როცა მე აღარ ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი.
სამუზეუმო სფეროს რეფორმირების პროცესში მკვეთრად შესუსტდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის ხელთ არსებული მართვის ბერკეტები. ის ახლა ვალდებულია, ყველა გადაწყვეტილება მუზეუმის დირექტორატთან ერთად მიიღოს – დირექტორატი ძირითადად მინისტრის მიერ დანიშნული კადრებით არის დაკომპლექტებული.
დავით ლორთქიფანიძემ სამუზეუმო სფეროში მიმდინარე ცვლილებებზე საჯაროდ მხოლოდ ერთხელ, ეროვნული მუზეუმში ისაუბრა მედიასთან – ამ დღეს ის ნიკოლოზ ახალბედაშვილის მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა. ხელოვნების მუზეუმის მაშინდელი დირექტორი, რომელიც ახლა ლორთქიფანიძის მოადგილის თანამდებობას იკავებს, ლორთქიფანიძეს “მუზეუმის გამოშიგვნაში” ადანაშაულებდა – სწორედ ახალბედაშვილი აწერს ხელს 2022 წლის მაისში ეროვნული მუზეუმიდან მეცნიერების გათავისუფლების ბრძანებს.
სამსახურიდან დაითხოვეს ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები. მე იმედი მაქვს გადაწყვეტილებები შეიცვლება და ეს ადამიანები მუზეუმში დაბრუნდებიან.
ირმა კოპალიანი ხელოვნების მუზეუმში 2018 წლის 1 ივლისიდან მუშაობდა. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლექტორების რეკომენდაციით მოხვდა და ორთვიანი სტაჟირების შემდეგ ფონდში დარჩა: ქსოვილებისა და ნაქარგობის და რუსული ხელოვნების განყოფილებებში. მუზეუმის დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა ის 2021 წლის 5 ივლისს ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა. როცა ირმა ამბის გასარკვევად დირექტორის ოთახში შევიდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.
ირმას შრომითი ხელშეკრულება 3 ივლისამდე ჰქონდა და ამის შემდეგ აღარ გაუგრძელებიათ. ის დღეს ეროვნულ მუზეუმში მუშაობს.
2021 წლის 1 ივლისს, ხუთშაბათ დღეს, ნიკა ახალბედაშვილმა დამიბარა კაბინეტში და მიბრძანა, მომდევნო დღისთვის დამესრულებინა ქსოვილებისა და ნაქარგობის ფონდის პასპორტიზაცია. 700 ექსპონატის პასპორტიზაცია მქონდა დარჩენილი. ავუხსენი, რომ ორ დღეში ამ საქმის დასრულება წარმოუდგენელი იყო, მით უმეტეს, როცა რუსულ განყოფილებაშიც ძალიან ბევრი საქმე მქონდა. მან მითხრა, შემეწყვიტა რუსულ განყოფილებაში მუშაობა, რასაც დავთანხმდი, თუმცა ვუთხარი, რომ პარასკევამდე ქსოვილებისა და ნაქარგობის ექსპონატთა პასპორტიზაციის დასრულება მაინც ვერ მოხერხდებოდა ფიზიკურად და შევპირდი, რომ შაბათ-კვირის დღეების გამოყენებით, ორშაბათს აუცილებლად ჩავაბარებდი საბოლოო შედეგს. მართლაც, ორშაბათ დილითვე გადავეცი დასრულებული ნამუშევარი, რაზეც მადლობა გადამიხადა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ ნიკა ახალბედაშვილმა დამირეკა და კაბინეტში დამიბარა. მითხრა, რომ ჩემთვის ცუდი ამბავი ჰქონდა და, როგორც შტატგარეშე თანამშრომელი, უნდა გავეთავისუფლებინე. მიზეზად უსახსრობა დაასახელა და თქვა, რომ მუზეუმს უწევდა უარის თქმა შტატგარეშე თანამშრომლებზე. ჩემი ხელფასი მუზეუმში 329 ლარი იყო, მერე გაირკვა, რომ მე ერთადერთი შტატგარეშე თანამშრომელი ვიყავი, ვისაც ახალი დირექტორი “ემშვიდობებოდა”. მინდოდა გამეგო, რა ნიშნით შემარჩია გასაშვებ კანიდადატურად და ამ კითხვით შევედი მის ოთახში. ჩანდა, რომ არ ესიამოვნა… მითხრა, რომ ჩემი კითხვიდან ისე ჩანდა, თითქოს მინდოდა სხვა თანამშრომლებიც გაეშვათ. ამ დღეს პასუხი ვერ მივიღე. ორი დღის შემდეგ გავიგე, რომ ფონდის კურატორებთან იწუნებდა ჩემს შესრულებულ სამუშაოს. მასთან კიდევ ერთხელ მივედი. როგორც კი დამინახა, ძალიან დაიძაბა, არ მაცადა საუბარი, მაგიდაზე ხელის დარტყმით, ძალიან აგრესიულად მიყვირა – „გაეთრიე ოთახიდან!“ მის ყვირილზე დაცვის თანამშრომლები მოვიდნენ, ხელი ჩამავლეს და უხეშად და ყვირილით დამატოვებინეს მუზეუმის შენობა. ვიჯექი იქვე პარკში, ვტიროდი და თან ჩემ თავზე ვბრაზდებოდი, რომ გაავებულ ქოფაკთან მივედი მშვიდად სალაპარაკოდ და მჯეროდა, რომ ამას აზრი ექნებოდა.
ნინო ხუნდაძე ხელოვნების მუზეუმიდან 2022 წლის დასაწყისში გაუშვეს, რეორგანიზაციის გამო. ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომაზე, როცა მუზეუმი მისმა ახალგაზრდა თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს, ნინოს მიაჩნდა, რომ ეს მცდარი არჩევანი იყო. 2021 წლის ბოლოს, გასაუბრებაზე მუზეუმის დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა ჰკითხა, რატომ არ წერდა მუზეუმის ადმინისტრაციას და კულტურის სამინისტროს წერილებს იმის შესახებ, რომ მუზეუმის ფონდის რამდენიმე ნამუშევარი ადგილზე არ იყო. ნინო ხუნდაძის თქმით, ხელმძღვანელობა მუზეუმიდან საუკუნის 50-იან და 80-იან წლებში გატანილ ნამუშევრებს ეძებდა, ექსპონატებს, რომელთა დაკარგვაც ათწლეულებია ყველასთვის ცნობილი იყო.
როცა სიცივე იყო, ზედმეტი ქარი ან წვიმა, პირველი, რაზეც ვფიქრობდით – მუზეუმში რა ხდება, და მივდიოდით. რამდენჯერ ღამეც მივსულვართ იმის სანახავად, რამე ხომ არ აზიანებს ექსპონატებს და ეს გრძელდებოდა წლები.
ნანა ბურჭულაძე ხელოვნების მუზეუმში 46 წელი მუშაობდა. თითქმის ყველა პოზიციაზე: გიდი, მეცნიერ-თანამშრომელი, ფონდების კურატორი. სამსახურიდან 2022 წლის დასაწყისში გაათავისუფლეს. გათავისუფლებას წინ უძღოდა გასაუბრება, რომელსაც თავად ნანა ბურჭულაძე დაკითხვას უწოდებს. მუზეუმის ხელმძღვანელობისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა მას ჰკითხა, რატომ არ მოსწონდა მუზეუმის ახალი ხელმძღვანელობა, ცვლილებები, რომელსაც ისინი გეგმავდნენ, რატომ მონაწილეობდა აქციებში და აწერდა ხელს პეტიციას, რომელიც ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციასთან დაკავშირებული პროცესის გასაჯაროებას ითხოვდა.
სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მუზეუმის ადმინისტრაციამ ნანა ბურჭულაძეს ერთი დღე მისცა მუზეუმიდან თავისი ნივთების წასაღებად და მეთვალყურედ დაცვის თანამშრომლები მიუჩინა. ჩაბარგებას ორი დღე დასჭირდა. ამის შემდეგ მისთვის მუზეუმის კარი დაიკეტა: მინისტრის თანხმობის გარეშე მას შენობაში შესვლა აეკრძალა.
ნანა ბურჭულაძე თავისი გათავისუფლების ბრძანებას უკანონოდ მიიჩნევს და სასამართლოში ჩივის.
წლების განმავლობაში შავი პიარი იყო აგორებული მუზეუმის წინააღმდეგ. ამბობდნენ, “გამოშიგნულია მუზეუმი”, ის “მხოლოდ ქაღალდზეა დარჩენილი”. მე ვმუშაობდი ამ მუზეუმში თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მთელი ჩემი საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობა, რომლის დროსაც თავს არ ვზოგავდი, შეფასდა მავნებლობად. გამოშიგნულობა რას ნიშნავს, რომ მუზეუმში არსებობს ვიღაც გამომშიგვნელი და მე, ფონდის კურატორი, ამის თანამონაწილე ვარ. ამ ცილისწამებით შექმნეს შთაბეჭდილება, რომ რაც მუზეუმში ხდება, ის სწორია, ვისაც უშვებენ, ამის ღირსები არიან.
ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს. ჩვენისთანა ადამიანებს კედელთან აყენებდნენ ზუსტად ერთი საუკუნის წინ. ვინ წარმოიდგენდა, რომ ერთი საუკუნის მერე იმავე საფრთხის წინაშე ვიქნებოდით. გახსოვთ ალბათ, რა მდგომარეობაში ჰყავდათ ექვთიმე თაყაიშვილი მას შემდეგ, რაც განძი დააბრუნა. ივანე ჯავახიშვილი თავის აშენებულ უნივერსიტეტის კართან იდგა და შიგნით არ უშვებდნენ. მეც ვიდექი ასე ერთხელ მუზეუმის კართან და შიგნით არ მიშვებდნენ. მაშინ ვფიქრობდი, რა კარგია, რომ ახლა კარს აქეთ ვდგავარ და არა შიგნით.
ბესო სოლომანაშვილი ერთ-ერთი წევრი იყო 5-კაციანი საკონკურსო კომისიისა, რომელსაც დებიუტანტ რეჟისორებს შორის საუკეთესო უნდა ამოერჩია. ეროვნულმა კინოცენტრმა ბესოსთანაც და კომისიის სხვა წევრებთანაც ხელშეკრულება 2022 წლის 14 თებერვალს გააფორმა. 14 მარტს, კინოცენტრის ხელმძღვანელი შეიცვალა. ახალმა დირექტორმა, კახა სიხარულიძემ 28 მარტს კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა ისე, რომ ჟიურის ძველი წევრებისთვის არაფერი უცნობებია. არც კინოცენტრსა და არც კულტურის სამინისტროს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია. დებიუტანტი კონკურსანტები, ვისაც უკვე ჰქონდა გასაუბრება კინოცენტრში, ამბობენ, რომ მათ გასაუბრება გაიარეს ჟიურისთან, რომლის შემადგენლობაში იყვნენ რეჟისორები გოგა ხაინდრავა, რუსუდან გლურჯიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, გიორგი ცხვედიანი, გიორგი მეგრელიშვილი, სცენარისტი ირაკლი სამსონაძე და POST TV-ის წამყვანი, ბაჩო ოდიშარია.
დღემდე კინოცენტრის საიტზე ჩვენი გვარ-სახელები დევს, ისევ ჩვენ ვართ კომისიის წევრები და კონკურსანტები ხვდებიან სხვა ადამიანებს. შეურაცხყოფაა. პირდაპირ მეუბნები: „ვინ მიგდიხარ?“
ჩვენი ხელშეკრულებები მოქმედია. ხელშეკრულება იწურება მაშინ, როცა მთავრდება კონკურსი და გამოვლინდება გამარჯვებულები. თანხის გადახდაც მაშინ ხდება, როცა სამუშაო დასრულებულია.
თუ არ გველაპარაკები საერთოდ, მაშინ ისღა დაგვრჩენია, მივიდეთ სასამართლოში. რა ვერდიქტს გამოიტანს სასამართლო, არ ვიცი, მაგრამ იმას მაინც გავიგებთ, რა ხდება. თუ პროფესიულად არ გინდა ამის განხილვა, იძულებული ვარ, მივიდე სასამართლოში და გაიძულო, მითხრა, რომ „აი, შენ რომ გაქვს ეგეთი გარეგნობა, არ მომწონხარ და აღარ მინდა იყო კომისიის წევრი.
არქეოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და რამდენიმე არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი სამსახურიდან 24 მაისს გაათავისუფლეს – ის ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი მაისის თვეში დაარსებული მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფესიული კავშირის დაარსება გახდა, რომლის თავმჯდომარეც თვითონაა.
სამსახურიდან გათავისუფლების მომენტში ნიკოლოზს და მის გუნდს მომდევნო წლებისთვის უკვე მოპოვებული ჰქონდათ რამდენიმე სამეცნიერო გრანტი, რომლითაც საქართველოს მღვიმეები და მასში უძველესი ადამიანის ნაკვალევები უნდა შეესწავლათ. მისი გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ რომ მუზეუმის თანამშრომელთა კვალიფიკაციის შემსწავლელმა კომისიამ ის არაკომენტენტურად მიიჩნია. ბრძანებას ხელს ნიკა ახალბედაშვილი აწერს, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თუ ვინმეს ჩემს კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება, შემიძლია ჩემი CV გავუგზავნო. წელს დაახლოებით 7 პროექტში გავიმარჯვეთ – ჩემი მისია რომ ვუხელმძღვანელო არქეოლოგიურ ექსპედიციებს და მოვიზიდო პროექტები. ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე – არ არის 7 საერთაშორისო, უმაღლესი რანგის კონკურსში გამარჯვება.
გვანცა ბერძენიშვილმა ხელოვნების მუზეუმში მუშაობა 2018 წელს დაიწყო, მეთვალყურედ. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ანაზომებისა და ნახაზების ფონდის კურატორის თანაშემწე გახდა. ჩართული იყო სამეცნიერო სამუშაოებში. დავით ნიორაძესთან ერთად არის ავტორი წიგნისა ანატოლი კალგინის შესახებ, რომლის ნამუშევრებიც ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
ახლა დოქტორანტურაში სწავლობს და XIX-XX საუკუნეების არქიტექტურაზე მუშაობს. ხელოვნების მუზეუმი 2021 წლის ნოემბერში საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.
რაც ბოლო თვეებში ხელოვნების მუზეუმში დავინახე, მხოლოდ საბჭოთა კავშირის შესახებ დაწერილ წიგნებში მქონდა წაკითხული. ვიღაც ჩუმად არის, ვიღაცას ეშინია, ვიღაც ხელმძღვანელობასთან “ალაგებს” ურთიერთობას. საუკეთესო თანამშრომლები გამოუშვეს, ვინც გაჩუმდა, დღეს პრივილეგიებით სარგებლობს. შეიძლება, ვისაც საბჭოთა კავშირში უცხოვრია, იმისთვის უფრო მარტივია ამის ყურება, მაგრამ მე არ შემეძლო ამ სისტემის ნაწილი ვყოფილიყავი. დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე და არ მინდა, ვინმემ საბჭოთა კავშირში ცხოვრება მაიძულოს.
სტუდენტობის დროს და მერეც სულ მესმოდა საუბარი იმაზე, რომ მუზეუმში ახალგაზრდები არ არიან. ხელოვნების მუზეუმშიც და ეროვნულ მუზეუმშიც ბოლო წლებში ბევრმა ახალგაზრდამ დაიწყო მუშაობა. სამწუხაროდ, ბოლო ახალგაზრდა ახლა წამოვიდა მუზეუმიდან, რამდენიმე დღის წინ – ახლა ნამდვილად აღარ არიან ახალგაზრდები იქ.
არ იყო მარტივი 329-ლარიან ხელფასზე მუშაობა დანგრეულ შენობაში, სადაც არც გათბობაა, არც გაგრილების სისტემა, მტვრითაა დაფარული ყველაფერი, სველი წერტილები შენობის გარეთაა და კედლებს ბზარები აქვს, მაგრამ გვქონდა იმის შეგრძნება, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდით, რომელიც გვიყვარდა. როცა ნიკა ახალბედაშვილი მოვიდა დირექტორად, თქვა, რომ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც 17 წელი არ გაკეთებულა. 17 წელი მე იქ არ ვმუშაობდი, მაგრამ სამი წელი ვმუშაობდი და ეს განცხადება ჩემი შეურაცხყოფაც იყო.
„მოთვინიერება“ სალომე ჯაშის ბოლო დოკუმენტური ფილმია, რომელიც ეკრანებზე 2021 წელს გამოვიდა. ფილმი ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური ბაღისთვის ხეების შეგროვების პროცესს ასახავს და ნაწილობრივ ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით არის გადაღებული.
„მოთვინიერების“ დაგეგმილი ჩვენებები საქართველოს კინოაკადემიამ 2022 წლის აპრილის თვეში გააუქმა და ეს გადაწყვეტილება ფილმის შინაარსით ახსნა, რომელიც კინოაკადემიის ხელმძღვანელის განმარტებით, მაყურებელში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. კინოს სახლში ჩვენებების გაუქმების შემდეგ სხვადასხვა სივრცეში “მოთვინიერების” ათობით ჩვენება გაიმართა.
ჩემთვის პირადად არავის არ უთქვამს სამინისტროდან ფილმზე, ხმები მოდიოდა და მომდის, რომ მინისტრი არ იყო კმაყოფილი ჩემი ფილმის გამოსვლით. ფილმებს თავისთავად არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ რომელიმე მინისტრი იყოს კმაყოფილი.
ჩვენ არ ვიცით, რისი შექმნა უნდა მას. ვნახეთ რაღაც ვიდეოთამაშის მონახაზი – არცერთი ახალგაზრდა ამას არ ითამაშებს. გადაყრილი ფულია. ის არ შეასრულებს თავის დანიშნულებას, ეროვნულ სულისკვეთებას არ გააღვივებს. ვიცით, რომ უნდათ დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღება. დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღებაც არ ნიშნავს ეროვნული სულისკვეთების გაღვივებას. რა არის საერთოდ ეროვნული სულისკვეთება? რა არის ეროვნული პროდუქტი? ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ღირებულებებზე. ჩემი აზრით, ეს სამინისტრო არ არის კულტურული ღირებულებების მატარებელი.
ეს დესტრუქციული პოლიტიკა, შეიძლება დღეს ვინმეს არ ეხება, მაგრამ აუცილებლად ყველა დამოუკიდებელ ხელოვანს მიუკაკუნებს რაღაც დროს კარზე.
გიორგი გაგოშიძე სამსახურიდან 2022 წლის 14 იანვარს გაათავისუფლეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან. ბრძანება ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნეს ისე, რომ გათავისუფლების მიზეზები არ განუმარტავთ. კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურში რეორგანიზაცია მხოლოდ მას შეეხო.
გიორგი გაგოშიძე 1981 წლიდან ხელოვნების მუზეუმში მუშაობდა. აქვე მუშაობდა მისი შვილი, სოფო გაგოშიძე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხელოვნების მუზეუმის ახალმა დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა. გიორგი გაგოშიძე და მისი ოჯახი კულტურის მინისტრისა და მისი გუნდის წევრებისთვის დისკრედიტაციის სამიზნე გახდნენ. თეა წულუკიანმა რამდენიმე ინტერვიუში ახსენა „გაგოშიძეების კლანი“, მისი გარემოცვის წევრები ფეისბუკში ავრცელებდნენ გიორგი გაგოშიძის ანტისაოკუპაციო აქციაზე გადაღებულ ფოტოსაც იმის დასტურად, რომ ის წინა ხელისუფლების მხარდამჭერია.
ძალიან ძნელია სახელმწიფოსთან ბრძოლა. ძალიან ბევრი მექანიზმი აქვს სახელმწიფო მანქანას და ადვილად გჩაგრავს.
კულტურის მინისტრი გადაცემებში სულ ჩემს გვარს ახსენებს. ისეთ მიუღებელ რაღაცებს იძახის, ჩემი შვილების სახელებს ახსენებს. არ ვიცი, რატომ თვლიან, რომ მამიდან შვილზე პროფესია არ უნდა გადადიოდეს. რა არის დანაშაული იმაში, რომ მამაჩემი არქეოლოგია, მე ხელოვნებათმცოდნე და ჩემი შვილებიდან ერთი არქეოლოგია და მეორე ხელოვნებათმცოდნე? სად უნდა გვემუშავა ამ პროფესიებით, თუ არა მუზეუმში?
მეც, მამაჩემსაც და ჩემს შვილებსაც, ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე. ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი. მხოლოდ ინტერესის, ახლის გაგების სურვილის გამო თუ იქნები ადამიანი მეცნიერი, მეცნიერებს დიდი შემოსავალი ამ ქვეყანაში არასოდეს ქონიათ, ეს კომპენსირდება აღმოჩენების სიხარულით. ახალგაზრდები უფრო და უფრო ცოტა მიდიან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და როცა შენ მუზეუმში მისულ ახალგაზრდა ადამიანს ათავისუფლებ, ეს ძალიან ცუდი საქმეა… მაინც დროებითი მგონია ეს ყველაფერი. პროგრესს ვერავინ გააჩერებს.
მიხეილ ჩარკვიანი 2018 წლიდან მუშაობდა ქუთაისის სახელმწიფო თეატრში, არის დამოუკიდებელი სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ადგილობრივი მსახიობების მიწვევით 2018 წელს დადაგა სპექტაკლი „ჰეკაბე“ და გადაწყვიტა, ბედი ეცადა სამხატვრო ხელმძღვანელებისთვის გამოცხადებულ კონკურსში. თეატრის განვითარების პროგრამას 2 წლის განმავლობაში წერდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად. მას თეატრის მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრად გარდაქმნა სურდა. მიხეილ ჩარკვიანის პროგრამა არ განუხილავთ, იგი ასაკისა და მართვის გამოცდილების არქონის გამო დაიწუნეს. მიხეილ ჩარკვიანი სახალხო დამცველს სთხოვს დაადგინოს ასაკობრივი დისკრიმინაცია მის საქმეში.
მე ვთვლი, რომ კულტურის სამინისტროს დღეს ეშინია ადამიანების, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს უფრო სახელმწიფოებრივი ინტერესები და ნაკლებად პარტიული. ამ ორი რამის გამიჯვნა ერთმანეთისგან ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო თეატრი სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და სახელმწიფო ვართ ჩვენ, ხალხი, ვინც ვაფინანსებთ მას ჩვენი გადასახადებით.
ჩემს შემთხვევაში თქვეს, რომ მე არ მაქვს მილიონიანი ბიუჯეტის მართვის გამოცდილება და ვარ ახალგაზრდა. ეს მართალია, მე ვარ 32 წლის და მართლაც არასოდეს მქონია მილიონი. ვერ გექნება მილიონიანი ბიუჯეტის მართვის გამოცდილება, თუკი ეს შესაძლებლობა არ მოგეცემა. ქუთაისის თეატრს ყოველთვის ძალიან დიდი ბიუჯეტი ჰქონდა… ეს ფული იხარჯება არასწორ სამხატვრო პოლიტიკაში, არც თეატრის ტექნიკური და არც შემოქმედებითი რესურსი სათანადოდ არ არის გამოყენებული და ჩვენ ვიღებთ ძალიან დაბალი ხარისხის პროდუქტს.
ჩემს პროგრამაში ნათლად ჩანდა, რომ ვაპირებდი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და ამ პლატფორმის მისთვის დათმობას და, როგორც ჩანს, ეს საშიშად მიიჩნიეს.
ისე დალაგდა ყველაფერი, რომ მინისტრს თუ არ მოსწონხარ, ეს არის კომპლიმენტი. ეს ძალიან სამწუხაროა და ცუდია. არ შეიძლება, კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობა გეთაკილებოდეს ადამიანს და მუდამ ბოიკოტირებაზე ფიქრობდე. კულტურის მინისტრი არ არის კულტურის სამინისტრო და ეს სამინისტროს უნდა ესმოდეს.
ანა ეროვნულ მუზეუმში თითქმის 20 წლის განმავლობაში მუშაობდა – იყო არაერთი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორი და სამეცნიერო კვლევითი პროექტის მონაწილე. ერთ-ერთი პროექტი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევა, რომელზეც მას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა ემუშავა ეროვნული მუზეუმის სხვა თანამშრომლებთან ერთად, 2022 წლის თებერვალში შეაჩერა მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა.
ანას გათავისუფლების ბრძანებაში უწერია, რომ გათავისუფლების მიზეზი მისი დაბალი კვალიფიკაციაა, თუმცა მუზეუმის ეზოში შემხვედრით შეხვედრისას ანას ნიკა ახალბედაშვილმა უთხრა, რომ დებოშისა და საბოტაჟისთვის გაათავისუფლა. ანას საბოტაჟი იყო თებერვლის თვეში მისთვის დასმული კითხვა შეჩერებულ სამეცნიერო პროექტებთან დაკავშირებით. ანას პრესტიჟულ საერთაშორისო ჟურნალებში ათობით სამეცნიერო სტატია აქვს გამოქვეყნებული და ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა ციტირების ინდექსით ქართველ მეცნიერებს შორის. ანას მუზეუმიდან გათავისუფლების შემდეგ მისი მუზეუმში დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეადგინეს მისმა სტუდენტება – ამ პეტიციას ასობით ახალგაზრდამ მოაწერა ხელი.
როდესაც ეროვნული გალერეადან და ხელოვნების მუზეუმიდან გაათავისუფლეს იქ მომუშავე სპეციალისტები, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, მე ჯერ კიდევ მჯეროდა გულუბრყვილოდ, რომ კულტურის მინისტრთან და მის გუნდთან შეიძლებოდა გამონახულიყო საერთო ენა და გვეკეთებინა ის საქმე, რაც მე მაგალითად ძალიან მიყვარს. ახლა ძალიან მეცინება ჩვენს გულუბრყვილობაზე. მე არათუ სამსახურიდან გამათავისუფლეს, მუშაობა ამიკრძალეს. პირველი ივნისიდან მუზეუმის დაცვას აქვს სია გათავისუფლებული თანამშრომლების და ბრძანება,რომ ჩვენ ვიზიტორებადაც კი არ შეგვიშვან შენობაში.