საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, სავარაუდოდ, დაესწრება სამიტს, რომელზე დასწრებაზეც ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ ლავროვის გამო უარი თქვეს – ამის შესახებ გამოცემა Ехо Кавказа წერს.
გამოცემა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ მათ ეუთოს სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს – ისინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სამიტზე ყოფნას ეწინააღმდეგებიან. განცხადებაში წერია, რომ ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მინისტრებს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია არ სურთ.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ მოწმენი ვართ, რომ ეუთოს ერთი მონაწილე სახელმწიფო აქტიურად და სასტიკად ცდილობს მეორის განადგურებას… თავდაპირველად, ეუთო ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად შეიქმნა. რუსეთმა კი თავისი უკანონო და სასტიკი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპის უსაფრთხოების პარტნიორი არ არის. ფაქტობრივად, დღეს, ევროპას რუსეთისგან უსაფრთხოება სჭირდება – მის წინააღმდეგ და არა მისგან”, – წერია განცხადებაში.
ასევე, ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია, ზიანის ანაზღაურება და ომის დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.
მანამდე კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს გამოუცხადებს. უკრაინის დელეგაცია ღონისძიებას ელჩების დონეზე დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს სამიტი 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიაში გაიმართება. ჩრდილოეთ მაკედონია, მიუხედავად სანქციების ფარგლებში რუსული თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვისა, სპეციალურად ამ სამიტისთვის ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გახსნას დათანხმდა.