მოსკოვის ტაგანის რაიონულმა სასამართლომ Дождь-ის რედაქტორის, ვალერია კიჩიგინას დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ინფორმაციას ტელეგრამ-არხი Осторожно, новости ავრცელებს.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ ეს “რუსეთის არმიის შესახებ ყალბის ამბების გავრცელების” საწინააღმდეგო კანონის ფარგლებში აღძრული პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს არ უკავშირდება.
კიჩიგინას ორ ეპიზოდზე წარუდგინეს ბრალი, 2023 წელს, აგვისტოს ომის წლისთავზე Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც წერდა, რომ “15 წელია საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული” და ჟურნალისტი დიმიტრი კოლეზევის მიერ ბუჩის შესახებ დაწერილი სტატიის გაზიარებას.
აღსანიშნავია, რომ იმ დროს ჟურნალისტი რუსეთში იმყოფებოდა და ქვეყანა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დატოვა.
2024 წელს ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 2025 წლის მარტში კი კიჩიგინა ძებნილად გამოცხადდა.