„უკეთესი ვერ იქნებოდა“ – ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტმა, ნატოს სამიტის ფარგლებში მასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ. დონალდ ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს ომის დასრულება – „ვფიქრობ შესანიშნავი დროა მის დასასრულებლად“ – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ აპირებს რუსეთის პრეზიდენტთან დალაპარაკებას – „ვნახოთ, თუ შევძლებთ ამის [ომის] დასრულებას“. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელები „მამაცი ხალხია“. ტრამპმა მორიგჯერ გაუსვა ხაზი რუსეთ-უკრაინის ომში მსხვერპლის მასშტაბს: „გასულ კვირაში შვიდი ათასამდე ახალგაზრდა ჯარისკაცი – რუსი და უკრაინელი იყო მოკლული. შვიდი ათასი, ერთ კვირაში – ეს სიგიჟეა! ასე რომ, დაველაპარაკები ვლადიმირ პუტინს. კარგი შეხვედრა მქონდა ზელენსკისთან… ის მამაცურ ბრძოლაშია. ეს მძიმე ბრძოლაა“.
შეხვედრის შესახებ თავის ოფიციალურ გვერდზე დაპოსტა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ:
“კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჰააგაში.
მივულოცე პრეზიდენტ ტრამპს ახლო აღმოსავლეთში წარმატებული ოპერაცია. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მოქმედებებმა დაასუსტა არა მხოლოდ მათი ბირთვული პროგრამა, არამედ დრონების წარმოების შესაძლებლობებიც. გავაგრძელებთ ვითარების კონტროლს”.
ზელენსკის თანახმად, მან აშშ-ის პრეზიდენტთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზეც ილაპარაკა და აცხადებს, რომ ასეთი ტექნიკის შეძენა აშშ-ის თავდაცვითი წარმოების მხარდაჭერაც იქნება:
“პრეზიდენტთან ვიმსჯელეთ ჩვენი ხალხის დაცვაზე – პირველი და უმთავრესი, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაა ჩვენი ქალაქების, ჩვენი ხალხის, ეკლესიებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. უკრაინა მზად არის შეიძინოს ეს ტექნიკა და მხარი დაუჭიროს ამერიკის იარაღის მწარმოებლებს. ევროპას შეუძლია დახმარება. ვიმსჯელეთ აგრეთვე დრონების ერთობლივად წარმოების შესაძლებლობაზე. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი გავაძლიეროთ”.
აშშ-ის პრეზიდენტმა 25 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი “ნახავს, თუ შეუძლია” კიევისთვის დამატებითი “პატრიოტის” ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნა. არ დაუზუსტებია ამ სისტემების გადაცემას განიხილავს თუ მიყიდვას. თუმცა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სისტემები, რომელთა საყიდლადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აპრილში მიმართა, “ძალიან რთულად საშოვნელი” იყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ამ სისტემების აშშ იმ დროს უკვე აწვდიდა ისრაელს.
უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, ტრამპთან საუბარი შეეხებოდა აგრეთვე სტამბოლში ბოლოს გამართულ ტექნიკური ჯგუფის შეხვედრას და მიღებულ შედეგებს, კერძოდ – ტყვეებისა და ცხედრების გაცვლას:
“რუსეთმა თავისი სამხედროების ცხედრები გადმოგვცა. ახლა კიევში მიმდინარეობს ექსპერტიზა, მათი ნათესავების ვინაობის დასადგენად”.
ზელენსკი წერს, რომ ტრამპს ესაუბრა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზეც: “პუტინი ნამდვილად არ იმარჯვებს. პრეზიდენტს მივაწოდე ფაქტები იმაზე, თუ რა ხდება ადგილზე რეალურად”.
ფორუმი
