ჯორჯ კლუნი: ჯო ბაიდენი მიყვარს, მაგრამ ახალი კანდიდატი გვჭირდება

ს ერთ-ერთმა უდიდესმა მხარდამჭერმა, ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯორჯ კლუნიმ The New York Times-ში გამოაქვეყნა მოსაზრება, რომელშიც ის ამბობს, რომ საჭიროა დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებისთვის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი გამონახოს.
ჯორჯ კლუნის მოსაზრების სათაურია: “ჯორჯ კლუნი: ჯო ბაიდენი მიყვარს, მაგრამ ახალი კანდიდატი გვჭირდება”.
მოსაზრებაში კლუნი წერს, რომ ის მთელი ცხოვრებაა დემოკრატების მხარდამჭერია და ეამაყება ის, რასაც ეს პარტია წარმოადგენს. ის არამხოლოდ დემოკრატების ამომრჩეველია, არამედ კამპანიისთვის ფულის აგროვების უდიდესი კამპანიების ორგანიზატორიც, რაზეც ყურადღება თავადაც გაამახვილა.
“მე მიყვარს ჯო ბაიდენი. როგორც სენატორი. როგორც ვიცეპრეზიდენტი და პრეზიდენტი. მე ის მეგობრად მიმაჩნია და მისი მჯერა. მჯერა მისი ხასიათის. მჯერა მისი მორალის. ბოლო ოთხ წელში მან მრავალი ბრძოლა მოიგო. თუმცა ბრძოლა, რომელსაც ის ვერ მოიგებს, დროის წინააღმდეგ ბრძოლაა. არცერთ ჩვენგანს ეს არ შეუძლია.” – წერს კლუნი.
ჯორჯ კლუნი ხაზს უსვამს, რომ დღევანდელი ბაიდენი არაა იგივე ადამიანი, ვისაც წლების წინ იცნობდა.
კლუნიმ გააკრიტიკა ბაიდენი დონალდ ტრამპთან გამართული დებატების გამო და თქვა, რომ დემოკრატიული პარტია ხალხს არ უნდა აჯერებდეს, თითქოს “51-მა მილიონმა ადამიანმა ეს არ ნახა”.
“ამ პრეზიდენტით ნოემბერში ვერ მოვიგებთ. მეტიც, ვერ მოვიგებთ წარმომადგენელთა პალატას და დავკარგავთ სენატს. ეს არაა მხოლოდ ჩემი მოსაზრება. ეს არის ყველა სენატორის, კონგრესის წევრისა და გუბერნატორის აზრი, ვისაც პირადად ველაპარაკე.” – წერს მსახიობი.
კლუნის აზრით, მაღალჩინოსანმა დემოკრატებმა ბაიდენს უნდა სთხოვონ, რომ საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. მისივე თქმით, დემოკრატების ახალი კანდიდატი არჩევნებში ხმებს მაინც აიღებს. მსახიობი ხაზს უსვამს, რომ ეს რთული პროცესი იქნება, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია.
“ჯო ბაიდენი გმირია. ის დემოკრატიას ემსახურა 2020 წელს. გვჭირდება რომ 2024 წელსაც კვლავ ასე მოიქცეს.” – ამ სიტყვებით ასრულებს ჯორჯ კლუნი საკუთარ მოსაზრებას.