ჯეიმს მაკკლირი: ბიძინა ივანიშვილი ღელავს, რომ ბრიტანეთის სანქციები შეიძლება რეალობად იქცეს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი, ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი ჯეიმს მაკკლირი რადიო თავისუფლებასთან ს სანქცირებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ “ბიძინა ივანიშვილს ეშინია, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებს და სანქცირებული აღმოჩნდება”.
ჯეიმს მაკკლირი ერთ-ერთია იმ დეპუტატებიდან, რომლებიც აქტიურად მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას. მან შეიტანა ბრიტანეთის პარლამენტში ე.წ. Early day motion პროცედურული ინიციატივა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, “იყო ბრიტანეთის პარლამენტის ყურადღების მიპყრობა იმაზე, რაც საქართველოში ხდება”.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა ბედი ეწია დიდი ბრიტანეთის პარლამენტში წარდგენილ ამ წინადადებას, ის ამბობს:
“ეს იყო პროცედურული ნაბიჯი, რომლის მიზანი იყო ბრიტანეთის პარლამენტის ყურადღება მიგვეპყრო იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ვფიქრობ, ეს მიზანი მიღწეულია – დღეს გაცილებით მეტი დეპუტატი ინტერესდება საქართველოს თემით. ზოგს, ცხადია, ისედაც ჰქონდა გარკვეული წარმოდგენა თუ ინტერესი, მაგრამ იზრდება მათი რიცხვი, ვისაც ესმის, რა დევს სასწორზე საქართველოში”.