ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების მწარმოებელ კომპანია „დადარის“ ექსპორტი 60%-ით შეუმცირდა. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, არჩილ გობეჯიშვილმა ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ამ დროისათვის ორ საწარმოს – თბილისსა და ზუგდიდში ფლობს. ზუგდიდის ფილიალი კომპანიას გასულ წელს შეემატა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, წარმატებით ფუნქციონირებს. „დადარის“ მთავარი შემოსავალი ექსპორტიდან იყო, რომლის წილიც გაყიდვებში 98%-ს შეადგენდა. თუმცა, არჩილ გობეჯიშვილის ცნობით, გეოპოლიტიკური კრიზისისა და ომების ფონზე, მოთხოვნა შემცირდა.
„სამწუხაროდ, 2024 წელი ისე წარმატებულად არ გაგრძელდა, როგორც დაიწყო. დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენა ექსპორტის შემცირებამ. 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს ექსპორტზე მოთხოვნა 60% -ით შეგვიმცირდა. აღნიშნულის მიზეზად ჩვენი B2B პარტნიორებს მხრიდან განმარტებული იყო მსოფლიოში მიმდინარე ომები და არეულობა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროპულ ბაზარზე. განსაკუთრებით ჩვენს სექტორში.
რაც შეეხება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, როგორც ყველა ქართველისთვის, მიმდინარე პროცესები ძალიან მძიმე და მტკივნეულია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროდუქციის წარმოებაში ექსპორტის წილს 90%-ზე მეტი უჭირავს და საქართველოში ძირითადი გაყიდვები ონლაინ მარკეტის მეშვეობით მიმდინარეობს, ქვეყანაში მიმდინარე სამწუხარო მოვლენებს, პროდუქციის გაყიდვებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, 2025 წელს განახლებული ენერგიითა და მიზნებით შეხვდნენ როგორც ევროპულ, ასევე ადგილობრივ ბაზარზე.
კომპანია იანვრის ბოლოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მონაწილეობას სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც გერმანიაში გაიმართება („Spielwarenmesse 2025 Nuremberg“). არჩილ გობეჯიშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ახალ B2B პარტნიორებს მოიძიებენ და შემცირებული ექსპორტის მოცულობის გაზრდას შეძლებენ.
აღნიშნულ გამოფენაზე გასასვლელად, კომპანია ახალ პროტოტიპებს და მოდელებსაც ამზადებს, ასევე, აფართოებს ასორტიმენტს და ტექნიკურ შესაძლებლობებს ზრდის. გარდა ამისა, კომპანია თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართველ მომხმარებლებს დიდი ასორტიმენტი შესთავაზონ.
