ხელოვნების მუზეუმს კიდევ ერთი დაკარგული ფერწერული ნამუშევარი დაუბრუნდა

ხელოვნების მუზეუმს კიდევ ერთი დაკარგული ფერწერული ნამუშევარი დაუბრუნდა
დღეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ჟან სიმეონ შარდენისათვის (1699-1779) მიკუთვნებული ნატურმორტი გადასცა.
1994 წლის 27 ივლისს მოცემული ნატურმორტი ხელოვნების მუზეუმიდან ლუკას კრანახის “მაჭანკალთან” და იაკობ ვან რუისდალის “ჩანჩქერთან” ერთად მუზეუმზე თავდასხმის შედეგად გაიტაცეს. მოგვიანებით სამიდან ორი ნამუშევარი – ლუკას კრანახის “მაჭანკალი” და იაკობ ვან რუისდალის “ჩანჩქერი” – მუზეუმს დაუბრუნდა, ხოლო ჟან შარდენის სავარაუდო ავტორობით შესრულებული ნამუშევარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში, სამინისტროში ნახატი მიიტანა პირმა, რომელმაც ფართო საზოგადოების წინაშე მისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.
სურათს ჩაუტარდა კვლევა ხელოვნების მუზეუმში ახლადშექმნილ ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში. ჩატარებული ტექნოლოგიური კვლევა უტყუარად ადასტურებს, რომ კვლევის ობიექტი წარმოადგენს 1994 წელს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან გატაცებულ ფერწერულ ნამუშევარს. ნამუშევრის ავთენტურობა დარღვეული არ არის.
მოცემული სურათი მუზეუმისათვის კუთვნილი რიგით 132-ე ექსპონატია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვალია: ეხლა მომისმინეთ! ამ დასში მეც ვარ და მაგრად არ მსიამოვნებს როცა სხვის ნამოქმედარს მე და განსხვავებულ აზრზე მყოფ მსახიობებს გვტენიან არასწორად ინფორმირებული სააგენტოები თუ ინდივიდუალური პირები!