ხელოვანების უარი პრემია “დურუჯს”

მსახიობებმა, რეჟისორებმა, დრამატურგებმა, მწერლებმა, მხატვრებმა პრემია “დურუჯზე” უარი განაცხადეს და მის დამფუძნებელს ლაშა პაპაშვილს უკან დაუბრუნეს, რომელიც მიიღეს სხვადასხვა როლების, პიესებისა და სპექტაკლებისთვის: დავით გაბუნიამ სპექტაკლისთვის “საპნის ოპუსი”, მიხეილ ჩარკვიანმა – “კატცელმახერი”, სანდრო ნიკოლაძემ – “ღვთაებრივი კომედია”, გია სურმავამ – “ჰოლანდ, ჰოლანდი”, დავით გაბუნიამ – “ჰოლანდ, ჰოლანდი”, თორნიკე გოგრიჭიანმა – “მარიონეტების ცხოვრებიდან”, დათა თავაძემ – “ტროელი ქალები”, ნატუკა კახიძემ “- კატარინა ბლუმი”, ალექს ჩიღვინაძემ – “მარინა რევია”, თამთა მელაშვილმა – “გათვლა”, ქეთა შათირიშვილმა – “რომეო პლუს ჯულიეტა”, დათო საყვარელიძემ – “ლისისტრატე”, მ – “ლისისტრატე”, კახა კინწურაშვილმა – “ბალიშის კაცუნა”, თამრი ოხიკიანმა – “ორკესტრი ტიტანიკი”, გეგა გაგნიძემ – “ბალიშის კაცუნა”, პაატა ციკოლიამ და ოთარ ქათამაძემ – “კალიგულა”, ნინო კასრაძემ “- ლისისტრატე”, ანკა კალატოზიშვილმა – “მისტერიები”.
თეატრის გაფიცულმა ხელოვანებმა დრამატურგმა დავით გაბუნიამ და რეჟისორებმა მიხეილ ჩარკვიანმა და პაატა ციკოლიამ პრიზები “რედიქსის” ოფისში მიიტანეს და ლაშა პაპაშვილს მიმართვაც დაუტოვეს:
„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს, ლაშა პაპაშვილს, თეატრის გაფიცული ხელოვანების :მიმართვა
ბატონო ლაშა, ჩვენ მოვისმინეთ 30 დეკემბერს, BMG-ს ეთერში გასული თქვენი ინტერვიუ, რომელიც სავსეა აზრსა და სიმართლეს მოკლებული განცხადებებით. თქვენ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებთ, ხოლო ოლიგარქ ივანიშვილს აცხადებთ ისტორიულ ფიგურად და ამბობთ, რომ მან ქვეყანას ომი აარიდა. სინამდვილეში ოლიგარქმა ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ქართული თეატრს და იმ ხელოვანებს, რომელთა უმრავლესობაც თქვენ მიერ დაარსებული პრემია „დურუჯის“ ლაურეატია.
დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ თქვენი ინიციატივით იმართებოდა წლების განმავლობაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიება იყო და აღნიშნავდა სეზონის საუკეთესო თეატრალურ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ მწვავე სოციალური თემატიკით, ფორმისეული სიახლითა და პოლიტიკური გამბედაობით. ამ პრესტიჟული პრემიის მიღება საპატიო და სასიხარულო იყო ჩვენთვის, თქვენ კი დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელოვნებო პროცესის მხარდამჭერად წარმოგაჩენდათ, სწორედ იმ ხელოვნების, რომლის ავტორებსაც სასტიკად გაუსწორდნენ, უკანონოდ დააკავეს, დაემუქრნენ სამსახურიდან გაშვებით და შეულახეს ღირსება. ჩვენი ორი კოლეგა ახლაც პატიმრობაშია და განაჩენს ელოდება.
მოძალადე რეჟიმის გამამართლებელმა თქვენმა განცხადებებმა სრულად გამოაცალა პრემიას ყველა ღირსება. ჩვენ სამარცხვინოდ მიგვაჩნია რაიმე კავშირის ქონა ყველა იმ პირთან, რომელიც მხარს უჭერს ძალადობას და არ იცავს ქართველი ხალხის ინტერესს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით, უკან დაგიბრუნოთ ის ჯილდოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ნამუშევრებს მიანიჭეთ.
პრემია „დურუჯის“ ლაურეატების უმრავლესობა ამჟამად გაფიცულია.
ქანდაკების გარდა, პრემია გულისხმობდა ფულად ჯილდოს, რომლის ეკვივალენტსაც ახლა ვაგროვებთ, რათა გადავრიცხოთ გაფიცული კოლეგების დახმარების ფონდში.
საქართველოს მომავალი ევროპაშია!
არა მოძალადე რეჟიმს!
მოვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს!
თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!
პრემია „დურუჯის“ ლაურეატები.”
პაატა ციკოლია, რეჟისორი:
– ძალიან ვამაყობდი ამ პრემიით, მაგრამ არასდროს მოგცემთ უფლებას, ოდესმე დაიკვეხნოთ, რომ რამე გააკეთეთ ქართული კულტურისთვის.