ხატი სტალინის გამოსახულებით – როგორ და რა გზით მოხვდა ის სამების საკათედრო ტაძარში

7 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი თქმით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, გიორგი კანდელაკმაც. წმინდა მატრონა მოსკოველის ხატმწერის ვინაობა ცნობილი არ არის.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე “ტაბულასთან” საუბარში ამბობს, რომ სტალინის ხატზე გამოსახვის შესახებ საუბარი შობის დღესასწაულის გადასაფარად არის შემოტანილი საინფორმაციო სივრცეში და აზუსტებს, რომ საუბარია არა სტალინის, არამედ მატრონას ხატზე.
“ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ. გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის” – უთხრა ანდრია ჯაღმაიძემ ტაბულას.
ანდრია ჯაღმაიძის განმარტებას დეკანოზი ილია ჭიღლაძე არადამაჯერებლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ ამ ორ შემთხვევაში კონტექსტი განსხვავებულია.
„დიოკლიტიანე ხატებზე ისახება როგორც ეკლესიის და წმ. გიორგის მდევნელი მკვლელი, როგორც დამარცხებული ბოროტება. ხოლო სტალინის მატრონას ხატზე გამოსახვის ერთადერთი აზრი და მიზანდასახულობაა გაავრცელოს ხალხში აზრი, რომ სტალინი იყო ფარული ღრმად მორწმუნე და მოქმედებდა “წმინდა” მატრონას ლოცვა-კურთხევით, რომ იყო წმინდანის გზით და მითითებით მავალი ქრისტიანი“ – ამბობს ის.
პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ფეისბუკ ვიდეოში, რომელიც მან პირად გვერდზე 7 იანვარს საღამოს გამოაქვეყნა, ადასტურებს, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იგივეს ამბობს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მისი პარტიის წევრი, . ისინი უსაფუძვლოდ მიიჩნევენ საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას ეკლესიაში სტალინის გამოსახულების არსებობის შესახებ.
ვრცლად radiotavisupleba.ge