წალენჯიხაში ვამჯობინეთ დღეს ვებრძოლოთ შიმშილს – “არამიზნობრივი” კვება ბავშვებისთვის – რა ხდება რეგიონებში და რას არ აკეთებს მთავრობა?

ყველა არსებული კვლევის შემდეგ, ყველა ვჯერდებით იმაზე, რომ ბავშვების 35% შიმშილობს სკოლებში, ზოგი სრულ შიმშილს განიცდის, ზოგი ნაწილობრივს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაც არ უნდა კარგი მოდელები შევიმუშაოთ, რაც არ უნდა კარგი მეთოდოლოგია შევარჩიოთ, რაც არ უნდა საერთაშორისო სტანდარტებს დავუახლოვოთ ჩვენი სახელმძღვანელო, აზრი არა აქვს რაიმეს შეთავაზებას სასწავლო კუთხით, იმიტომ რომ მას შია და ფიზიკურად შეუძლებელია, როცა ბავშვს შია მან ისწავლოს. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ ბაღში ბავშვი არის დაჩვეული 3-ჯერად კვებას, შემდგომ უცებ ხვდება ისეთ გარემოებაში, როდესაც უკვე აღარ იკვებება და შესაძლებელია, მის ოჯახსაც აღარ გააჩნდეს საშუალება, რომ გაატანოს 1 ან 2 ლარი და ბავშვმა ხაჭაპური ან ლობიანი იყიდოს. ანუ, საბოლოო ჯამში, ბავშვი 3-ჯერადი კვებიდან სკოლაში საკვებს ვეღარ იღებს და არც შესაბამისი თანხები გააჩნია, რომ რამე იყიდოს და ჩვენ მას ვაიძულებთ, რომ – ისწავლოს. ეს უბრალოდ შეუძლებელია, ამის მრავალი პრეცედენტი არსებობს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ თბილისთან და დიდ ქალაქებთან შედარებით,სოფლებში და რაიონებში უფრო მეტი გაჭირვებაა და უფრო ნაკლები შესაძლებლობა იმისა, რომ ოჯახებმა კვების თანხა გაატანონ შვილებს.
ამ პრობლემის მოგვარების 2 მეთოდი არსებობს: ერთი ის, რომ ბავშვს ჰქონდეს შესაბამისი თანხა, ან ჰქონდეს ლანჩბოქსით მირთმეული საკვები. ლანჩბოქსების თემა სერიოზულ საკითხთან არის დაკავშირებული, ვინაიდან საკვები არის მალფუჭებადი და იმისთვის,რომ ცენტრიდან მოვიდეს სკოლამდე, უნდა იყოს სპეციალური მაცივრებით მიტანილი, რომელიც ზაფხულის პერიოდში ძალიან პრობლემურია. ბავშვებს დავურიგეთ სპეცბარათები და ამ ბარათებზე მათ ერიცხებათ თანხები. ეს ყველაფერი გავაკეთეთ მუნიციპალიტეტის ფულით, 300-მდე ბენეფიციარი სარგებლობს უკვე მეორე წელია წალენჯიხაში ამ პროგრამით, მხოლოდ პირველკლასელი, სამწუხაროდ მეტი ფული არ გვქონდა, სურვილი მეორე კლასელების გამოკვების დიდია, მით უფრო, როცა ისინი, პირველ კლასში უკვე დაეჩვივნენ კვებას, ვთხოვეთ დახმარება ცენტრალურ ხელისუფლებას, როცა ვნახეთ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ გავწვდებოდით, საუბარია სულ რაღაც 200 000 ლარზე, ორჯერ ვთხოვეთ მთავრობას ეს თანხა და მათგან სრული იგნორი მივიღეთ.
რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, დღესდღეობით ბავშვებს ერიცხებათ თანხა და ის შეუძლია გამოიყენოს როგორც სკოლის სასადილოში, ასევე მიმდებარე მარკეტებში. წალენჯიხის 30 საჯარო სკოლიდან 7 მათგანშია სასადილო, სხვაგან არ არის და შეუძლებელია იყიდოს ბავშვმა იქ საჭმელი. ამიტომ ჩვენ წავედით იმ კუთხითაც, რიმ მარკეტებშიც ყოფილიყო პროდუქტი შეძენილი და ასევე ამის მეორე ნაწილია, ისიც, რომ თუკი მარკეტიც არ არის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 20 ლარს ვურიცხავთ და მშობელი 1 კვირის მანძილზე ატანს გარკვეულ ულუფას ბავშვს სკოლაში. ამ პროექტმა გაამართლა. ეს თანხა არ არის უკონტროლო, დავბლოკეთ თანხების გამოტანა ქეშად, ასევე დავაწესეთ ონლაინშეზღუდვები და მხოლოდ და მხოლოდ საკვებ ობიექტებში და მარკეტებში შეუძლიათ რომ ბარათი გამოიყენონ. ამ პროექტის განხორციელებას ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა უნდა გითხრათ, რომ 2 თვეში გავაკეთეთ და მინდა გულწრფელად გითხრათ, არ იყო მაინცდამაინც რთული. სახელმწიფომ რომ მოინდომოს ამის გაკეთება, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელი 3-4 თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბითაც ამ პროექტის განხორციელება.