ლუკა ძაძამია, რომელიც კახა კალაძემ ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინა და რომელიც პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე იყო სოციალურ ქსელში წერს, რომ “უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს” და მიხვდა, “რამდენად ეროვნულ პოლიტიკას ატარებს ოცნება და რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ პარტიის ლიდერები, როდესაც მსოფლიოში პირველებმა ამხილეს გლობალური ძალები სხვა ქვეყნების დამონების მცდელობაში”.
“რადგან უსამშობლო აგენტები არ ჩერდებიან, მოდი ვუპასუხებ:
დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომლებიც ქუჩაში გამოვდიოდით და ჩვენს აზრს ამ ფორმით ვაფიქსირებდით. 19 წლის, აბსოლუტურად გამოუცდელ ასაკში, ძალიან რთულია გაუძლო სიცრუის იმ ამაზრზენ ნიაღვარს, რომელსაც მარტო ჩვენთან კი არა, მთელს მსოფლიოში თავს ახვევენ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ისინი საკუთარი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენონ.
დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომელიც მალევე მიხვდა, რომ უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და იმ აქციებს საერთო არაფერი ქონდა არც უკრაინის მხარდაჭერასთან, არც დემოკრატიასთან და არც თავისუფალი სიტყვის დაცვასთან. ბოლოს ყველანი მივხვდით, რომ ის აქციები საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციები იყო.
ბოლოს მხოლოდ ის ხალხი დარჩა, რომლებიც კონკრეტული აგენტურული ორგანიზაციებისგან ხელფასს იღებენ იქ დგომაში და ერთიდაიგივე ორასამდე ადამიანი, როტაციის პრინციპით, დადიან როგორც სამსახურში და ნახევარი სათით კეტავენ რუსთაველს.
მე კი, უამრავი ჩემი თანატოლის მსგავსად, განსაკუთრებით მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამოდინარე, ბოლოდმდე დავრწმუნდი, რამდენად ეროვნულ პოლიტიკას ატარებს ქართული ოცნება და რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ პარტიის ლიდერები, როდესაც მსოფლიოში პირველებმა ამხილეს გლობალური ძალები სხვა ქვეყნების დამონების მცდელობაში.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ვყოფილიყავი ქართული ოცნების, როგორც ყველაზე გაბედული, ამაყი და ეროვნული გუნდის წევრი და მადლობა მის თითოეულ ლიდერს იმისთვის, რომ მომცეს საკუთავი თავის რეალიზებისა და მათი გუნდის წევრობის საშუალება!” – წერს ძაძამია.
2024 წლის დეკემბერში მიმდინარე აქციების დროს, ძაძამიამ TV პირველის ჟურნალისტთან საუბრისას თქვა, რომ გრძნობდა იმ ტკივილს, რასაც მისი მშობლების თაობა წლების წინ რუსთაველზე დგომისას განიცდიდა.
“არ ვიცი რამდენად ვხვდები, მაგრამ შინაგანად მაქვს შეგრძნება, რომ ვგრძნობ იმ ტკივილს, რასაც ახლა ჩვენი მშობლების თაობა გრძნობს. არ ვიცი, მაგრამ მოსმენილი მაქვს, მიგრძნია მათგან როგორი ტკივილი იყო თავის დროზე, ჩვენს ასაკში აქ [რუსთაველზე] დგომა და ჩვენთვის ბრძოლა და ახლა, წლების შემდეგ, იმის ნახვა, რომ მათი შვილები იგივე საქმეს აგრძელებს – ისევ იბრძვის თავისუფლებისთვის, ისევ იბრძვის თავისუფალი გამოხატულებისთვის და არ ვიცი, სირცხვილია, რომ მესამე თაობაზე გადადის ეს ბრძოლა”. – თქვა ძაძამიამ.
კახა კალაძემ მისი წარდგენის დროს შესახებ განაცხადა, რომ ძაძამია ოცნების გუნდის ახალგაზრდა წევრი და სამართალმცოდნეა.
“ლუკაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრია, სამართალმცოდნე, სამგზის სახელმწიფოს სტიპენდიანტი, მას აქვს გავლილი კარგი იურიდიული პრაქტიკა სხვადასხვა იურიდიულ კომპანიასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში. ფლობს რამდენიმე უცხო ენას. მიღებული აქვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდო. წარმატებებს ვუსურვებთ მას”. – თქვა კალაძემ.