„ძალადობის წამახალისებელი სიუჟეტის მომზადებას მთხოვდნენ“ — იმედის ყოფილი ჟურნალისტი

ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეარხი “იმედი” ხუთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა და მიზეზად ხელმძღვანელისგან ძალადობის წამახალისებელი სიუჟეტების მომზადებაზე მიღებული დავალება დაასახლა.
ამის შესახებ ჟურნალისტმა 17 ივნისს ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.
„ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ძალადობას არასდროს და არსად წავახალისებ! მე არასდროს ვიქნები ისეთ გადაუმოწმებელ ფაქტებზე ხელმომწერი, რომელიც ძალადობას ახალისებს!
მეტი კონკრეტიკისთვის, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა.
უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, მადლობა ჩემს კოლეგებს და მეგობრებს ქრონიკაში, რომლებიც ღირსეულად გვერდით დამიდგნენ, რადგან ისინიც ჩემს აზრზე არიან!“ — წერს თამარ შარიქაძე.
შარიქაძის მიერ მომზადებული ბოლო სიუჟეტი, რომელიც „იმედის“ ვებგვერდზე იძებნება, 28 მაისით თარიღდება. ეს სწორედ ის დღეა, როდესაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. პარლამენტში 84 დეპუტატის მიერ რუსული კანონისთვის ხმის მიცემას და მის საბოლოო დამტკიცებას წინ დებატები უძღოდა.
შარიქაძის სიუჟეტს „დებატები და უცხოური დირექტივა“ ჰქვია და ს რეპლიკებზეა აგებული, რომლითაც ის რუსული კანონის მოწინააღმდეგე ოპოზიციონერ დეპუტატებს მოღალატეებსა და უცხოური დირექტივების შემსრულებლებს უწოდებდა.
„თითქმის ორ საათს გაგრძელდა პოლიტიკური დებატები. „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციისთვის წარსულის შეხსენება არაერთხელ დასჭირდა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ხალხის ნების უკეთ გასაგებად, ოპონენტებს მათთან კონტაქტისკენ მოუწოდა“, — ამბობს შარიქაძე სიუჟეტის აღწერაში.
„იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნათია სონღულაშვილი, ნეტგაზეთთან შარიქაძის ამ გადაწყვეტილებას „ახალ სამსახურში გაპიარების მცდელობას“ უწოდებს.
„სამწუხაროა, რომ პიარი ყოფილი თანაგუნდელების შეურაცხყოფით გადაწყვიტა”, – ამბობს ნათია სონღულაშვილი.
რუსულ კანონთან დაკავშირებული ბოლო დროინდელი მოვლენებისა და ანტირუსული პროტესტის გაღვივების ფონზე, „იმედი“ რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა დილის, შუადღის და სხვა გასართობი გადაცემებიდან. თუმცა შარიქაძე პირველია „იმედიდან“ წამოსულ ჟურნალისტებში, რომელიც საინფორმაციო სამსახურში მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე