ცხინვალში იმედოვნებენ, რომ ახალი კანონი კიდევ უფრო დააახლოვებს მათ რუსეთს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა და ს ელჩმა ცხინვალში მარატ კულახმეტოვმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც ეხება ორმაგი მოქალაქეობის დარეგულირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის სერტიფიკატების გაცვლას.
შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის 2021 წლის 20 სექტემბერს გაფორმდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეების მოქალაქეებს აქვთ უფლება, არსებული მოქალაქეობის უარყოფის გარეშე მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა. ორმაგი მოქალაქეობის მექანიზმი ხშირად გამოიყენება რუსეთის მიერ დე ფაქტო რეგიონებში გავლენის გასაძლიერებლად.
„ჩვენი ერთობლივი, მტკიცე და ნაყოფიერი მუშაობა შედეგს აღწევს. მალე დავასრულებთ ამ კანონის მიღების პროცესს და დავიწყებთ დოკუმენტის დაგეგმილ რეალიზაციას. ეს სწრაფი პროცესი არ არის, მაგრამ პრაქტიკულად ფინიშთან ვართ”, – თქვა მარატ კულახმეტოვმა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ახსარ ჯიოევის თქმით, შეთანხმების ძალაში შესვლა მნიშვნელოვნად გააადვილებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის პენსიებისა და სოციალური შეღავათების მიღებას. ამასთან, მისი თქმით, შეთანხმებას აქვს მრავალი სარგებელი და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რუსეთისთან ურთიერთობების განმტკიცებაში:
„რუსეთის მოქალაქეობა იძლევა წვდომას სხვადასხვა სოციალურ შეღავათებზე – მათ შორის სამედიცინო მომსახურებაზე, სოციალურ გადახდებზე და განათლებაზე. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, თუმცა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მოქალაქეობის მიღებას ცდილობს, კვლავ იზრდება.“
ჯიოევმა თქვა, რომ შეთანხმება ასევე არეგულირებს სამხედრო სამსახურის საკითხსაც:
„მოქალაქეები, რომლებიც ერთ მხარეს სამხედრო სამსახურს გაივლიან, გათავისუფლდებიან მეორე მხარეს გაწვევისგან.“
ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლაზე კომენტარი გააკეთა ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა, რომლის თქმით, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს რუსულ საზოგადოებაში.
“ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ რუსულ საზოგადოებაში არა მხოლოდ პოლიტიკურ და სამოქალაქო, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ დონეზეც მეტად ინტეგრირდეს”.
მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლისა და საერთო კავშირის მოქალაქეობის გაუქმების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მუდმივად ცდილობდა მაქსიმალურ ინტეგრაციას რუსულ სივრცეში, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გზით.
ჯიოევმა მადლიერება გამოხატა რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რომელმაც 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მოსახლეობის დიდ ნაწილს მიანიჭა რუსეთის მოქალაქეობა.
„ახლა, სამხრეთ ოსეთის ხალხს შეუძლია თავი რუსებად იგრძნოს არა მხოლოდ სულით, არამედ პასპორტითაც.“