ჩეხეთი ისტორიაში პირველად რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლდა – Reuters

ჩეხეთი ისტორიაში პირველად რუსული ნავთობის მიწოდებაზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლდა. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა დასავლეთიდან მომავალი ტრანსალპური (TAL) მილსადენის სიმძლავრის გაზრდის პროცესის დასრულების შემდეგ.
ჩეხეთის პრემიერის, პეტრ ფიალას თქმით, ზემოხსენებული მილსადენის საშუალებით გაზრდილმა მიწოდებამ უკვე მიაღწია ჩეხეთის ცენტრალურ ნავთობის საცავს.
როგორც Reuters აღნიშნავს, გასული წლის ბოლოს ჩეხურმა მილსადენების ოპერატორმა MERO-მ ტრანსალპური (TAL) მილსადენის მოდერნიზაცია დაასრულა. TAL მილსადენის გავლით იტალიიდან ნავთობი გერმანიაში გამავალ IKL მილსადენს მიეწოდება, რომელიც ჩეხეთს ამარაგებს.
TAL-ის მოდერნიზაციის შედეგად კი ჩეხეთისთვის ხელმისაწვდომი გამტარიანობა წელიწადში 8 მილიონ ტონამდე გაიზარდა, რაც ქვეყნის წლიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისია.
შედეგად ჩეხეთის მთავრობამ დაასრულა ნაწილობრივი დამოკიდებულება რუსული Druzhba-ს მილსადენზე, რომელიც ჩეხეთს რუსული ნავთობით თითქმის 60 წლის განმავლობაში ამარაგებდა.
tabula.ge