ჩეჩნეთში, ქალაქ აჩხოი-მარტანის მოედანზე, გამოიტანეს 16 წლის მოზარდის ცხედარი – მოზარდს ჩეჩნეთის ხელისუფლება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. “კავკაზ.რეალიის” ცნობით, თავდასხმა საგზაო პოლიციის პოსტზე 7 აპრილის საღამოს მოხდა. თავდამსხმელმა, გვარად ხუმაშევმა, ორი პოლიციელი დაჭრა, რომელთაგან ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდი ადგილზე დახვრიტეს.
9 აპრილს ხელისუფლებამ აჩხოი-მარტანის ადმინისტრაციასთან მდებარე მოედანზე შეკრიბა სახელმწიფო მოხელეები, მასწავლებლები და საშუალო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიებას ესწრებოდა აჩხოი-მარტანის მუნიციპალიტეტის რაიონის ხელმძღვანელი ხოზა ბურსაგოვი. “უფროსმა რაღაცის თქმა დაიწყო, მაგრამ ყველას ყურადღება მიიქცია იმან, თუ როგორ გადმოჰქონდათ გაჩერებული მანქანიდან მუშამბაში გახვეული რაღაც და მოჰქონდათ მოედანზე, რომ ყველას ენახა. თვალებს ვერ ვუჯერებდი: მუშამბაში გახვეული იყო გვამი, რომელიც სისხლით იყო დაფარული.. დავინახე, როგორ ქანაობდა მუშამბიდან გამოყოფილი ფეხი”, – უთხრა ერთ-ერთმა მასწავლებელმა ქალმა გამოცემა “კავკაზსკი უზელს”.
თვითმხილველის თქმით, რამდენიმე ქალმა გონება დაკარგა, ზოგი ცდილობდა მოედანს გასცლოდა, მაგრამ უსაფრთხოების ძალები და საბიუჯეტო დაწესებულებების ხელმძღვანელები თვალყურს ადევნებდნენ, რომ ადგილიდან არავინ დაძრულიყო მანამ, სანამ ადმინისტრაციის წარმომადგენლები სიტყვას არ დაასრულებდნენ.
კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიმეორეს ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის სიტყვები, რომ მოკლულის ახლობლებს ჩეჩნეთიდან გაასახლებდნენ, ხოლო მათი ქონება სახელმწიფოს გადაეცემოდა. ირწმუნებიან, რომ ნათესავებს პოლიციელებზე თავდამსხმელი მოზარდის დამარხვის უფლება არ მიეცემათ.
ფორუმი