საავტომობილო გზების დეპარტამენტი მცხეთასთან, მდინარე არაგვზე არსებული ავარიული ხიდის ახლით ჩანაცვლებას გამარტივებული სანებართვო პირობებით ითხოვს და დასძენს რომ ეს ფორსმაჟორულმა სიტუაციამ გამოიწვია. საუბარია ხიდის სამშენებლო ნებართვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) გარეშე გაცემაზე.
გზების დეპარტამენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ არსებული ხიდი ვერ უძლებს სატრანსპორტო ნაკადის გაზრდილ დატვირთვებს და არაერთი შეკეთების მიუხედავად, მისი მზიდი კონსტრუქცია ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალისთვის წარდგენილ მოთხოვნებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – სენაკი – ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე არსებულ ხიდზე 2023 წლის დეკემბერში დაზიანდა ხიდის ფილა,ხოლო 2024 წლის მარტის თვეში დაზიანების ხარისხმა საგრძნობლად იმატა, რამაც გამოიწვია ფილის ჩავარდნა. 2023 წლის დეკემბრიდან 2025 წლის 2 აპრილამდე სავალი ნაწილის ფილა სხვადასხვა ადგილზე ლოკალურად 8 ჯერ დაზიანდა, მათ შორის, ხიდის ფილის აღდგენის მიზნით, სამჯერ საჭირო გახდა ხიდზე 10 დღიანი პერიოდით, ერთი სამოძრაო ზოლის შეზღუდვა,შესაბამისი სამუშაოების განხორციელების მიზნით. ხიდზე მიმდინარეობდა და ამჟამადაც მიმდინარეობს სისტემატური მონიტორინგი.
ხიდის გამოკვლევა-გამოცდის შედეგების მიხედვით, არსებული დაზიანებული ელემენტების და დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, ახალი დაზიანებების გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს სახიდე გადასასვლელის აღდგენას და საჭირო არის უფრო მასშტაბური სამუშაოების განხორციელება, რაც გამოიწვევს ხიდის ჩაკეტვას 1 წელზე მეტი პერიოდით. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – სენაკი – ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე არსებული არაგვის სახიდე გადასასვლელის ალტერნატიული მარშრუტი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის არ არსებობს და მარშრუტის გადართვა უნდა მოხდეს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებაზე არსებულ ხიდზე, რითაც შეიზღუდება ორივე მიმართულება (აღმოსავლეთიდან დასავლეთის და დასავლეთიდან აღმოსავლეთის). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 16 მარტს არაგვის ხიდზე მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში (ხიდის ფილის აღდგენა) მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლის შეზღუდვამ, ფაქტობრივად, გამოიწვია სატრანსპორტო კოლაფსი, ხანგრძლივი დროით ხიდის ჩაკეტვა უარყოფითად იმოქმედებს სატრანზიტო გამტარუნარიანობაზე, რაც უარყოფითად აისახება სატრანზიტო გადაზიდვებზე და ასევე ქვეყნის შიდა გადაადგილებაზე. ამასთან, მნიშვნელოვნად გაზრდილია ინტენსივობა მაგისტრალზე და რეაბილიტაციის შემთხვევაში ხიდი ვერ დააკმაყოფილებს გაზრდილ პარამეტრებს. ზემოაღნიშნული გარემოებების, გამოკვლევა-გამოცდის შედეგების და განსახორციელებელი სამუშაოების მასშტაბურობის გათვალისწინებით,მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობის თაობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით 2024 წელს მომზადდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი -სენაკი – ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე (პკ25+300) (მარცხენა მიმართულება – დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით) არსებული არაგვის სახიდე გადასასვლელის პროექტი (შემდგომში – პროექტი), რომელიც ითვალისწინებს არსებული სახიდე გადასასვლელის გვერდით ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტობრივად ამ ეტაპზე შექმნილია ფორსმაჟორული გარემოება (2025 წლის 16 მარტს სატრანსპორტო კოლაფსის მასშტაბის, საცობში მოყოლილი მანქანების/ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით შეიქმნა კრიზისული მდგომარეობა).
შესაბამისად, მშენებლობის მოკლე ვადაში განუხორციელებლობის შემთხვევაში, ყოველდღიურად მოძრავი ათასობით როგორც შიდა გადაადგილების, ასევე ტრანზიტულად მოძრავი მანქანები, აღმოჩნდებიან საცობში საათების განმავლობაში, რამაც შესაძლებელია მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვიოს და შესაბამისად, ფორსმაჟორული სიტუაციებისა და მათგან გამომდინარე შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მშენებლობის გადაუდებლად განხორციელება. შესაბამისად, ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, აუცილებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – სენაკი – ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე არსებული სახიდე გადასასვლელის გვერდით, პროექტის შესაბამისად, ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობა, უსაფრთხო, შეუფერხებელი და კომფორტული გადაადგილების პირობების უზრუნველსაყოფად.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17-კმ28 მონაკვეთის (თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და ახალი სახიდე გადასასვლელი გახდება ხსენებული, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17-კმ28 მონაკვეთის (თბილისი-ნატახტარი) შემადგენელი ნაწილი და აშენდება ხსენებული (თბილისი-ნატახტარი) პროექტით მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად.
დეპარტამენტსა და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“-ს შორის 2023 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ.№106-23 ხელშეკრულების ფარგლებში შპს„კავკასუს როუდ პროჯექტი“-ის მიერ დაწყებულია პროექტით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოები. სამუშაოების ხანგრძლივობაა დაახლოებით 18 თვე.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-16 მუხლის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს გზშ-ისგან იმ კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის, რომლის მიზანია ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნულ შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს დასაბუთებული განცხადება იმის შესახებ, რომ გზშ-ის პროცედურამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების დროულად განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი- სენაკი – ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე არსებული არაგვის სახიდე გადასასვლელის მოწყობის მიზნით, პროექტის განხორციელებისათვის, ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გაგვიწიოთ შუამდგომლობა საქართველოს მთავრობასთან გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან (გზშ)გათავისუფლების თაობაზე, ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დოკუმენტაციაში.
