რატომ ირჩევს მსხვილი ბიზნესის ნაწილი „ნეიტრალიტეტს“ პოლიტიკური კრიზისის დროს და რატომ არ აფიქსირებს ხმამაღლა საკუთარ პოზიციას მმართველი პარტიის ქმედებების გამო?! – ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” იურისტ ეკატერინე ეგუტიას დაუსვეს.
ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK LAW OFFICE-ის თანადამფუძნებელი ვარაუდობს, რომ ბიზნესმენების ნაწილი პოტენციური პრობლემების შექმნის შიშის გამოა ჩუმად, ნაწილს კი მაინც არ სჯერა, რომ მმართველი პარტია „რუსეთისკენ მიგვათრევს“.
– შიშის ფაქტორი არის ძალიან სერიოზული, ამიტომ გასათვალისწინებელია და ალბათ რაღაც დოზით გაგებით უნდა მოვეკიდოთ [მსხვილი ბიზნესის დუმილს]… მაგალითად, დიდი ბანკების [ხელმძღვანელები] ხომ ვერ გამოვარდებიან და ხომ ვერ იდგებიან მიტინგებზე, რადგან ამ ბანკების აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ისინი ასაქმებენ ათასობით ადამიანს, ჰყავთ ინვესტორები და ასეთი რყევები არავის აწყობს… ბიზნესში შიშის ფაქტორს იწვევს ისიც, რომ შეიძლება, ნებისმიერ დღეს სხვადასხვა ინსპექცია შემოვიდეს და [პრობლემები შეგექმნას]… სასამართლო აქ არაა და სად იჩივლებ?! საქართველოში ხომ მარტივად ხდება ქონების ხელყოფა, რადგან საკუთრების უფლება სათანადოდ არაა დაცული. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ბიზნესის ნაწილი აფიქსირებს თავის პოზიციას, რადგან ბიზნესისთვის სტაბილურ ევროპულ ბაზარზე ყოფნა არის მომგებიანი, ვიდრე – სანქცირებული რუსეთის გუბერნიად ყოფნა…
– არიან ისეთი ბიზნესმენებიც, ვისაც ჯიუტად არ სჯერა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია… მაგალითად, მე და თქვენ ბიზნესპარტნიორს ნინა კობახიძეს „წერტილშიც“ გვისაუბრია ამ თემაზე…
– იმდენად დაუჯერებელია, რომ ხელისუფლება მიგვათრევს რუსეთში, იმდენად სავალალო და მტრული გადაწყვეტილებაა ეს, რადგან ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაშია, ბევრისთვის, მათ შორის „ოცნების“ ამომრჩევლისთვის ეს არის დაუჯერებელი მომენტი; მათ არ სჯერათ [ევროპული გზიდან გადასვლის] და მიაჩნიათ, რომ საქართველო მაინც შევა ევროპაში.
– როდესაც ამდენი ფაქტია ევროინტეგრაციის გზიდან გადასვლის, სად არის მიჯნა, როცა დაიჯერებენ?
– როცა მათ მიადგებიან, შემდეგ იქნება ალბათ ეს მიჯნა… როცა პირდაპირ, განსხვავებული აზრის გმო დაგაპატიმრებენ სახლებში და გეტყვიან, რომ „შენ ხარ აშშ-ის ან ევროპის აგენტი“ და გაგკოჭავენ… მაგრამ შეიძლება, მაშინაც თქვან, რომ „ხვალ ალბათ გამომიშვებენ ციხიდან“… და მაინც, ალბათ არსებობს მიჯნა – ფიზიკურად შენ რომ შეგეხებიან, მერე მიხვდები, რომ რუსული მეთოდებით იმართება სახელმწიფო.
– რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
– უსამართლობას უნდა დავუსვათ წერტილი. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა.
