თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატი დახურა! ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – თორნიკე “ვირტუს ბოლონიას” შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონი გახდა და ეს ისე მოახერხა, რომ 3:0 მოგებული ფინალური სერიის ყველა მატჩში ის MVP გახდა. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშეც გახდა – მისი წილი ბოლონიური გუნდის გაჩემპიონებაში უდიდესია!
ბოლო მატჩში, რომელიც “ვირტუსმა” სტუმრად 96:74 მოიგო და ჩემპიონი გახდა, შენგელიამ იტალიის სერია A-ში პირადსარეკორდო 31 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ წინა მატჩში თორნიკეს მონაგარიც მისი ახალი რეკორდი – 29 ქულა იყო, რომელიც შენგელიამ დღევანდელ შეხვედრაში 2 ქულით გააუმჯობესა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 29 წუთი ითამაშა და 31 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. უბასრესია მისი სროლათა პროცენტი: 8-დან 7 ორქულიანი, 4-დან 4 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო. ანუ თოკომ 31 ქულა ისე დააგროვა, მთლიანობაში მხოლოდ 1 სროლა ააცილა – ეს კი ევროპულ კალათბურთში ათასში ერთხელ თუ ხდება.
ცალკე თემაა მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი, რომელმაც 46-ს უწია, რაც მიმდინარე პლეი ოფის რეკორდია. ბრენდონ ტეილორი “ვირტუსს” 19 ქულით შეეშველა, ხოლო “ბრეშადან” ჯეისონ ბარნელი გამოირჩა – 24 ქულა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს შენგელია “ბასკონიას” შეადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ეს ქვეყანა დატოვა. ახლა კი ის ისევ ესპანეთში ბრუნდება, ამჯერად იტალიის საჩემპიონო ტიტულით. შეგახსენებთ, რომ მისი “ბარსელონაში” გადასვლა შეთანხმებულია, თუმცა კატალონიურ კლუბს ეს ამბავი ოფიციალურად არ გამოუცხადებია. 2020 წელს “ბასკონიაში” და ახლაც, “ვირტუსში”, თორნიკეს მწვრთნელი სერბი დუშკო ივანოვიჩი იყო.
GBF.GE
სამწუხარო ამბავი – შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | “ტენერიფემ” “ვალენსიასთან” სერია 0:3 დათმო
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი – “ვირტუსმა” “ბრეშა” მეორე მატჩშიც დაამარცხა
