ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის ლიდერები შეთანხმდნენ ფედერალური მთავრობის 2024 წლის ბიუჯეტზე, რომლის მოცულობა თითქმის 1,6 ტრილიონი დოლარია. 886 მილიარდი დოლარი თავდაცვის ხარჯია, 704 მილიარდი კი – სხვა სფეროების. შეთანხმებას 7 იანვარს მიაღწიეს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა და სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა.
კონგრესის წევრები საშობაო არდადეგებიდან ამ კვირაში ბრუნდებიან. წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ და სენატმა, რომლის უმრავლესობაშიც დემოკრატები არიან, 2024 წლის ბიუჯეტი 19 იანვრამდე უნდა მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამთავრობო დაწესებულებები მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ და ე.წ. შათდაუნის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, კონგრესი 2023 წელს ვერ შეთანხმდა მომდევნო წლის ფედერალურ ბიუჯეტზე. რესპუბლიკელები ზოგიერთი სოციალური ხარჯის შემცირებას მოითხოვდნენ.
2023 წლის ნოემბერში წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მიიღეს კანონპროექტი მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2024 წლის 2 თებერვლამდე გაგრძელდა, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო დაწესებულებების და პროგრამების 2024 წლის 19 იანვრამდე. მოგვიანებით, 2023 წლის დეკემბერში კონგრესმა დაამტკიცა 886-მილიარდიანი თავდაცვის ბიუჯეტი.
7 იანვარს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ წარმომადგენელთა პალატის და სენატის ლიდერები 2024 წლის ბიუჯეტზე შეთანხმდნენ, თეთრმა სახლმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება გამოაქვეყნა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი სამთავრობო დაწესებულებების დახურვის აღსაკვეთად და მნიშვნელოვანი ეროვნული პრიორიტეტების დასაცავად. ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს სოციალური პროგრამების მნიშვნელოვნად შემცირებას.
კონგრესის ლიდერებს შორის შეთანხმების მიღწევა უკმაყოფილებას გამოიწვევს კონსერვატორ რესპუბლიკელებში, რომლებიც მოითხოვენ მკაცრ ეკონომიას, მათ შორის ვეტერანთა დახმარების და ჯანდაცვის პროგრამების შეკვეცის ხარჯზე.