გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ განაცხადა. პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდა მათ სარჩელში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“.
„გიორგი გახარიას პარტიასთან მიმართებით სამართლებრივი არგუმენტი ამ მათი ანტიკონსტიტუციურობისთვის იყო ან იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი. იმით, რომ ისინი პარლამენტში შემოვიდნენ, მათ ამ სამართლებრივი არგუმენტისგან თავი გადაირჩინეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სად წავიდა ჩორჩანას და 20 ივნისის საკითხზე გიორგი გახარიას მისამართით ხელისუფლებაში არსებული კითხვები, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ის, რაც არის პოლიტიკური შეფასების ნაწილი, ხელისუფლება ამ შეფასებებს ყოველთვის აკეთებს.
„რაც შეეხება კონსტიტუციურ სტანდარტს პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად, ამ სტანდარტში თუკი რამე ჯდებოდა, ჩვენ ჩვენს სარჩელში ავსახეთ, თუკი რომელიმე პარტია ამ სტანდარტს აკმაყოფილებდა. ორი კრიტერიუმი იყო მთავარი იმის განსასაზღვრად, თუ რომელი პარტიის წინააღმდეგ მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოში. პირველი, რამდენად მყარი იყო სამართლებრივი არგუმენტები პარტიის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ამ არგუმენტს აკმაყოფილებს 3 + რამდენიმე პარტია, რომელიც სარჩელში არ მოხვდა. მეორე კრიტერიუმიც გვქონდა, რაც საერთაშორისო სტანდარტია. საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ კონკრეტული პარტია თავისი ქმედებით თუ იდეებით იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო, არამედ ერთ-ერთი პირობა არის, რომ ის რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას. ერთკაციანი მარგინალური, დე ფაქტო, თუ ქაღალდზე არსებული პარტიები ამ საფრთხეს არ ქმნიან. ამიტომ, ასე განისაზღვრა პარტიები. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მან პირველ კრიტერიუმში, რაც შეეხება სამართლებრივ არგუმენტს, თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა ეს ხელისუფლებასა და გიორგი გახარიას შორის რაიმე შეთანხმება ან გარიგება, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ „ქართული ოცნება“ არავის ერიდება.
„ჩვენ არავის ვერიდებით, არც იმას, ვის მიმართ მოგვეთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოში აკრძალვა მიუხედავად იმისა ვის, რა რეაქცია ექნებოდა, მათ მფარველებს თუ ასე შემდეგ. არც იმას მოვერიდეთ, რომ ზოგიერთი პარტია არ ჩაგვესვა იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ისინი მარგინალურები არიან. ერთადერთი კრიტერიუმი იყო კონსტიტუციურ-სამართლებრივი დასაბუთება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, სხვა პარტიები რომ შესულიყვნენ პარლამენტში, ისინიც გადაირჩენენ თავს თუ არა, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ სამივე პარტიის მიმართ გარდა საბოტაჟისა, არსებობს სხვა კონსტიტუციური სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები.
„სხვა ვერავინ შემოვიდოდა. საქმეც ის არის, რომ ამ პარტიებმა ამითაც საკუთარი რადიკალიზმი და ანტიკონსტიტუციურობა უფრო მეტად დაადასტურეს. მათ ის „ხიდებიც დაწვეს“, რომ დაეტოვებინათ შესაძლებლობა, პარლამენტში შემოსულიყვნენ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელოს“ მიმართ გარდა საბოტაჟისა, არსებობს სხვა კონსტიტუციური სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები. შეიძლება ამ ერთი არგუმენტისგან გათავისუფლებულიყვნენ, მაგრამ რას უზამს „ნაციონალური მოძრაობა“ წამების სისტემას, რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ამხილა და დაადასტურა. რას უზამენ ტელევიზიების, ბიზნესის მიტაცებას?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.




