თამამად შეიძლება, ითქვას, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ამჟამად საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარეობს,- ამის შესახებ GREDA-ს პროექტის მენეჯერმა, მატა გორდეზიანმა რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
გორდეზიანის შეფასებით, პროექტის ამოქმედება საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროკავშირთან ელექტროენერგიით პირდაპირი ვაჭრობა განახორციელოს, განავითაროს ექსპორტი, დივერსიფიციროს იმპორტის წყაროები და რეგიონში სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია შეითავსოს.
,,თამამად შეიძლება, ითქვას, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ამჟამად საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარეობს. პირველ რიგში, პროექტი მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ევროპასთან არ აქვს ფიზიკური საზღვარი, კაბელი კი, რომელიც ფიზიკურად დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს, მოგვცემს საშუალებას, ევროკავშირთან ელექტროენერგიით ვაჭრობა პირდაპირ მოვახდინოთ. ერთი მხრივ, საშუალება გვაქვს, ჩვენი გამომუშავებული ელექტროენერგია გავიტანოთ ექსპორტზე, მეორე მხრივ, ვაწარმოოთ იმპორტი ევროპიდან და მოვახდინოთ ჩვენი იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია. ამჟამად საქართველო უმეტესწილად ელექტროენერგიას რუსეთიდან, ასევე, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ყიდულობს, კაბელის საშუალებით კი მოგვეცემა საშუალება, ელექტროენერგია, საჭიროების შემთხვევაში, ევროპიდანაც შევიძინოთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო შეასრულებს სატრანზიტო ქვეყნის როლს და აზერბაიჯანიდან წამოსული ელექტროენერგია გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი ევროპაში წავა. ამაში, ბუნებრივია, საქართველო გარკვეულ სარგებელს მიიღებს. იქნება ზუსტად იგივე მოდელი, როგორც თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის შემთხვევაში, სუბსიდირებული ტარიფით ვიღებთ აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს. დაახლოებით ასეთივე მოდელი იქნება ამ შემთხვევაშიც”,- აღნიშნავს გორდეზიანი.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოსთვის არა მხოლოდ ენერგეტიკულად, არამედ ეკონომიკურადაც სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს — როგორც GREDA-ს პროექტის მენეჯერი მატა გორდეზიანი აღნიშნავს, ინფრასტრუქტურა ქვეყანას მისცემს შანსს მეტი ინვესტიციის მოზიდვაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და საერთაშორისო დაფინანსების ზრდაზე.
მისი თქმით, უკვე დასრულდა ტექნიკურ-ეკონომიკური წინასწარი კვლევა და მიმდინარეობს სიღრმისეული შეფასება EBRD-ის ჩართულობით, რომლის შედეგებზე დამოკიდებული იქნება საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ენერგეტიკული პროექტის განვითარება.
,,მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფოსა და ეკონომიკისთვის ეს არის სტრატეგიული წერტილი, რომელიც მეტი ინვესტიციის მოზიდვის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნის, მეტი საერთაშორისო დაფინანსების მიღების შესაძლებლობებს ქმნის. ზოგადად, რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში ეს საქართველოს როლის გაძლიერებას უწყობს ხელს.
უკვე ჩატარდა წინასწარი მოსამზადებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ახლა უფრო სიღრმისეული კვლევაც დაიწყო, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება, რადგან ტექნიკურად საკმაოდ რთული და ამბიციური პროექტია. გავიხსენოთ, როცა ენგურჰესს აშენებდნენ, მაშინაც ეს პროექტი ძალიან ამბიციური ჩანდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, შესანიშნავი შედეგი დაიდო. დაინტერესებულია ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტიც, მათ შორის, კვლევას EBRD ახორციელებს. თუ კვლევა აჩვენებს, რომ პროექტი განხორციელებადია, აუცილებელია, საქართველომ მისი განვითარება პრიორიტეტად დაისახოს”,- აღნიშნა მატა გორდეზიანმა “კომერსანტის” ეთერში.

 
				 
								
 
								

