ყველაფერი, რაც ევრობასკეტზე უნდა იცოდეთ – საქართველოს ნაკრების უპირატესობა, 3 ფავორიტი და ე.წ. Dark Horse

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი, უფრო მეტად ცნობილი როგორც “ევრობასკეტი”, 2025 წელს უკვე 42-ედ გაიმართება. ტურნირი, რომელსაც ევროპის კალათბურთის მთავარ ტიტულადაა წოდებული, 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება და მასპინძლობას ოთხი ქვეყანა გაუწევს – კვიპროსი (ლიმასოლი), ფინეთი (ტამპერე), პოლონეთი (კატოვიცე) და ლატვია (რიგა). სწორედ რიგა იქნება ის ქალაქი, სადაც გაიმართება ფინალური ეტაპი და ჩემპიონი გამოვლინდება.
ორი სიტყვით შევეხოთ წარსულს… ევრობასკეტის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის – პირველი ტურნირი 1935 წელს, ჟენევაში ჩატარდა და მასში სულ 10 გუნდი მონაწილეობდა. ლატვიამ გამარჯვება არავის დაუთმო, მეორე ადგილზე ესპანეთი გავიდა. მას შემდეგ ჩემპიონატი უზარმაზარ სპორტულ მოვლენად გადაიქცა, რომელმაც ევროპის კალათბურთის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 24 ეროვნული ნაკრები იღებს მონაწილეობას.
ფორმატი ასეთია: მონაწილეები გაიყოფიან ოთხ ჯგუფად, ჯგუფური ეტაპის შემდეგ კი საუკეთესო 4 გუნდი (6-დან) გადაინაცვლებს პლეი-ოფში, კერძოდ მერვედფინალიდან ფინალამდე. ევრობასკეტი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს არა მხოლოდ კონტინენტური ტიტულის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ის გავლენას ახდენს მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპებზე.
წლების განმავლობაში ჩემპიონატის ტრიუმფატორები ხშირად განსაზღვრავდნენ მთლიანად ევროპის კალათბურთის განვითარებას. საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ნაკრებები იყვნენ, ბოლო ათწლეულებში კი წამყვან ადგილს ესპანეთი (3), სლოვენია (1) და საფრანგეთი (1) იკავებენ.
წლევანდელი ევროპირველობა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რადგან მასპინძლობს ოთხი განსხვავებული ქვეყანა, რაც ტურნირს მეტ მასშტაბსა და მრავალფეროვნებას სძენს. ოთხივე ქვეყანაში მზადება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობდა, რადგან ევროპული კალათბურთის მთავარი სცენის მიღება არა მხოლოდ სპორტული, არამედ კულტურული და ტურისტული მნიშვნელობის მოვლენაა.
საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეჯგუფში ჩვენს ნაკრებს არ გაუმართლად – ბოსნია ჰერცოგოვინა, კვიპროსი, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი. ეს 2 უკანასკნელი გერმანია, სლოვენიასა და სერბეთთან ერთად მთლიანად ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტებად არიან შერაცხულნი.
განრიგი
28 აგვისტო – vs ესპანეთი
30 აგვისტო – vs იტალია
31 აგვისტო – vs საბერძნეთი
2 სექტემბერი – vs კვიპროსი
4 სექტემბერი – vs ბოსნია და ჰერცეგოვინა
შემადგენლობა: რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე.
ერთის მხრივ, შემადგენლობა დაბალანსებულია, გვყავს გამოკვეთილი ლიდერი – შენგელია, მამუკელაშვილი, ბითაძე, უბერებელი შერმადინი და ლეგიონერი, რომელიც კაპიტანთან ერთად ყოველთვის კარგად თამაშობს, თუმცა ძიძიჩის შეგირდებმა ბოლო 6 დაპირისპირებიდან 6-ივე წააგეს. უარყოფითი ფონით ევროპირველობაზე გასვლა კი დასანანია, თუმცა მთელ საქართველოს სჯერა, რომ ბიჭები სხვა მოტივაციით გავლენ და მაქსიმალურად შორ მიზანს დაისახავენ და მიაღწევენ იმ მწვერვალამდე, სადაც არასდროს ვყოფილვართ. ტესტ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ შენგელიას გარეშე გუნდი რადიკალურად განსხვავებულ და სუსტ კალათბურთს აჩვენებს, თითქოს და უჭირთ მთავარი მწვრთნელის დახაზული ტაქტიკის მოედანზე გადატანა. ბოლდუინმაც სუსტი მატჩები ჩაატარა, ლეგიონერი თავის თავს არ ჰგავდა. ტრადიციულად პერიმეტრის დაცვა და შეტევა გვიჭირს, თუმცა ჩვენც გვაქვს უპირატესობები, როგორიცაა მამუკელაშვილის ინდივიდუალიზმი, ბითაძის დიდოსტატური ორმხრივი თამაში და შერმადინის გამოცდილება. გეგმა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა და ამისთვის 4 საუკეთესოში უნდა მოვხვდეთ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ბოლო 2 მატჩის მოგებით მომდევნო ეტაპზე გავალთ…
3 ფავორიტი
ჩატარდა გამოკითხვა და უდიდესი უპირატესობით, 73.1%-ით გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ პირველობას სერბეთი არავის დაუთმობს. შემადგელობას რომ გადავხედავთ მსგავსად დაბალანსებული გუნდის მოძიება იშვიათია, ჰყავთ სუპერვარსკვლავი და მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი, ნიკოლა იოკიჩი, NBA-ის არაერთგზის საუკეთესო მოთამაშეს მხარს ბოგდან ბოგდანოვიჩი, ნიკოლა იოვიჩი, მარკო გუდურიჩი, ვასილი მიჩიჩი, ნიკოლა მილუტინოვი და სხვა სპორტსმენები აუბამენ. სერბეთის ნაკრები ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხის კომბინირებული თამაშით, დისციპლინა და მწვრთნელის თითოეული დავალების მოედანზე სწორად გადატანა კი ფავორიტობას ამტკიცებს, არ უნდა დაგვავიწყდეს პერიმეტრიდან შეტევაც. რაც შეეხება სუსტ წერტილს, რთულად სათქმელია, თუმცა რეალობა ასეთია, შეზღუდე ნიკოლა იოკიჩი და შენ გაიმარჯვებ, თუმცა იოკიჩის შეზღუდვა რამდენად შესაძლებელია თქვენთვითონ განსაჯეთ.
სერბეთის განრიგი:
(27 აგვისტო), პორტუგალია (29 აგვისტო), ლატვია (30 აგვისტო), ჩეხეთი (1-ლი სექტემბერი) და თურქეთი (3 სექტემბერი).
ფავორიტთა სიაში მეორე ადგილზე გერმანია გავიდა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რიგებში საუკეთესო კალათბურთელი დენის შროდერი გახლავთ, მხარს ძმები ვაგნერები, ობსტი, დანიელ ტაისი, ბონგა და სხვა ევროპული თუ ამერიკული კალათბურთის ვარსკვლავები უბამენ. უპირატესობას დაბალანსებული შეტევა და დაცვა ქმნის, წარმატების ფორმულა კი სისწრაფესა და პერიმეტრზეა დამოკიდებული.
გერმანიის განრიგი:
მონტენეგრო (27 აგვისტო), შვედეთი (29 აგვისტო), ლიეტუვა (30 აგვისტო), დიდი ბრიტანეთი (1-ლი სექტემბერი) და ფინეთი (3 სექტემბერი).
მესამე ფავორიტად კი ესპანეთი სახელდება, თითქოს და შემადგენლობით არც თუ ისე გამორჩეული ვარსკვლავებით ან თუნდაც სახელებით, თუმცა ევროპირველობის მოქმედი გამარჯვებულების ზოგადად სპორტული სტილი აქცევთ მათ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. მთავარი ვარსკვლავი? ძმები ჰერნანგომესები, რომელთა აფეთქებამაც გასულ ათწლეულში მესამე ტიტული მოუტანა “ლა როხას”. რა არის ესპანური კალათბურთის უპირატესობა? პასუხი ერთია, ფსიქოლოგია ან გამარჯვებულის მენტალიტეტი, თქვენ რომელიც მოგეწონებათ ის აირჩიეთ. დალაგებული, კარგად განსწავლული ტაქტიკური ერთიანობა, სისწრაფე, კარგი პერიმეტრი, დაუოკებელი სურვილი გამარჯვებისა და რაც მთავარია სერხიო სკარიოლოს ამ სპორტისადმი განსწავლულობა და თამაშის კითხვა აქცევს “ლა როხას” გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად.
ესპანეთის განრიგი:
საქართველო (28 აგვისტო), ბოსნია ჰერცოგოვინა (30 აგვისტო), კვიპროსი (31 აგვისტო), იტალია (2 სექტემბერი) და საბერძნეთი (4 სექტემბერი).
რაც შეეხება ფარულ ფავორიტს (Dark Horse):
ფარული ფავორიტის დასახელება ყოველთვის რთულია, იქნებ საბერძნეთი ან სლოვენია? ან იქნებ შესუსტებული, მაგრამ მაინც მაღალი კლასის საფრანგეთი? ვფიქრობ, ეს ნაკრებები ე.წ. Dark Horse-ად არ მოიაზრებიან და მათგან წარმატების მიღწევაც არავის გაუკვირდებათ. აი ჩუმი ფავორიტი კი ვფიქრობ, თურქეთის ნაკრებია. რა აქცევთ მათ საშიშ და არასასურველ მეტოქედ?
NBA-ის ვარსკვლავი ცენტრი, ალფერენ სენგუნის სათამაშო კლასი, მოედნის ხედვა და ინტელექტი თურქეთის ნაკრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა, “ჰიუსტონ როკეტსის” კალათბურთელის მსგავსად, დიდი წარდგენა არც ჩედი ოსმანს სჭირდება, რომელსაც ზურგს NBA-ის გამოცდილება უმაგრებს და ამჟამად “პანათინაიკოსის” ერთ-ერთი ლიდერია. უკვე მრავალი წელია, რაც თურქეთის ნაკრებს ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი – შეინ ლარკინი ჰყავთ. ვფიქრობ, თურქების მთავარი პლუსი სამწამიანში დომინაციასთან და პერიმეტრის ძლიერ დაცვასთან ერთად, გუნდის შეთამაშებულობაა. უდავოა, რომ წლევანდელ ევრობასკეტზე თურქეთის ნაკრების მიზანი რაც შეიძლება შორს გასვლა იქნება.
წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუდო მეტოქეები EUROBASKET 2025-ის საკვალიფიკაციოში ცნობილია
თურგაი დემირელის და კამილ ნოვაკის შეფასებები საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით
ევრობასკეტ 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა წინამორბედებისგან სიმბოლურად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ესტაფეტა გადაიბარეს
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
ევრობასკეტ 2025-ის მეოთხე მასპინძელი პოლონეთი იქნება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო – რა იქნება ევრობასკეტზე?
Marca: საქართველოს ნაკრების სერიოზული პრობლემა – შენგელიას ექიმების რჩევის მიუხედავად ნებისმიერ ფასად თამაში სურს
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია