„ყაზბეგში რომ ჩახვიდეთ, ტაქსის მძღოლი გეტყვის მყინვარწვერზე აგიყვანო. ეს ასაკრძალია“ – ნიკოლოზ ერქომაიშვილი

საქართველოში „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, განათლებისა სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ დაარსდა. სკოლა მსურველებს 13 სასწავლო კურსს სთავაზობს. მათ შორის არის სამთო და ალპური გამყოლის, ასევე სათხილამურო ინსტრუქტორის პროფესიები. საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულმა გიდის საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზია უნდა აიღოს, რომელსაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული ორგანო გასცემს. შესაბამისი ცვლილებები ,,ტურიზმის შესახებ“ კანონში შევიდა და 2026 წლიდან ამოქმედდება.
სფეროს რეგულირებისა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების საჭიროებაზე ,,კომერსანტს“ ,,საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის” პრეზიდენტი ესაუბრა. ნიკოლოზ ერქომაიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ბევრი არაკვალიფიცირებული გამყოლია და მათი საქმიანობის რეგულირება საჭიროა, რათა უბედური შემთხვევები თავიდან ავიცილოთ.
,,რა საკვირველია ეს საკითხი პრობლემურია, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში და ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეს პროფესია (სამთო, ალპურ და სათხილამურო გამყოლს) არის რეგულირებადი, რადგან ძალიან მაღალი რისკის მატარებელი პროფესიაა. შესაბამისად, გახდა რეგულირებადი, თუმცა ჯერ აღსრულების მექანიზმი არ არის ჩამოყალიბებული და დახვეწილი. ეს ცხადია, რომ უნდა იყოს რეგულირებული. ყოველთვის იყო პრობლემა. იყო ძალიან ბევრი არაკვალიფიცირებული გამყოლი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ცოდნა. როგორც ექიმს არ შეუძლია ჩაატაროს ოპერაცია თუ არ დაასრულა სწავლება და არ გაიარა პრაქტიკა, იგივეა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე გაქვს ჩაბარებული მთაში. სათავგადასავლო ტურიზმი უფრო და უფრო იზრდება. შესაბამისად, ეს რეგულაცია ნამდვილად აუცილებელია და იმედია ადრე თუ გვიან თავის შედეგს გამოიღებს.”- აცხადებს ნიკოლოზ ერქომაიშვილი.
,,საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის” პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრობლემურია ასევე უცხოეთიდან ჩამოსული გიდების საქმიანობაც, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია არ აქვთ. ნიკოლოზ ერქომაიშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ საკითხის დარეგულირებაც. მისივე თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც სამთო კურორტებზე დასაქმებულები გამყოლის ფუნქციას ითავსებენ, რაც მისი შეფასებით ასევე ასაკრძალია.
,,საქართველოში წლებია უკვე არაკონტროლირებადია ეს ყველაფერი. არამარტო სამთო სფეროში. იგივე თხილამურებიც რომ ავიღოთ. ყოველ წელს ხდება კონფლიქტი. გვყავს გესტარბაიტერები (სტუმრად ჩამოსული მომუშავე გიდები). უამრავი რუსია. გარდა მაგისა არიანი უკრაინელებიც, დანაც უამრავია ჩამოსული. სათხილამურო კურორტებზე ვიზუალურად კარგად ჩანს. მათ თვითონ არ იციან პროფესიონალურად როგორ ისრიალონ, მაგრამ მასწავლებლობენ ყოველგვარი განათლების გარეშე. ცხადია ეს ასაკრძალია. ცხადია, რომ ეს მოქმედებს ქვეყნის პრესტიჟზე. მაგალითად, არ შეიძლება შენ ჩახვიდე შვეიცარიაში და იმის გამო, რომ თოვლი გინახავს იმუშაო სათხილამურო მასწავლებლად, ან მთა გაქვს ნანახი და ხალხი წაიყვანო მთაზე. ეს სამწუხაროდ ხდება. იგივე ყაზბეგში რომ ჩახვიდეთ, ტაქსის მძღოლი გეტყვი მყინვარ წვერზე აგიყვანო. ეს იგივეა ვიღაცამ გააკეთოს ოპერაცია, როდესაც არ იცის როგორ გააკეთოს. როდესაც მთაზე მიგყავს ადამიანი შენ გამოცდილების გარდა უნდა გქონდეს სწავლება გავლილი. როგორ ამოიყვანო ნაპრალიდან, თუ ზვავში მოჰყევი ან მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა როგორ მოიქცე. ეს არის სამწლიანი სწავლება, რომელიც სავალდებულო უნდა იყოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიისთვის.”- აცხადებს ნიკოლოზ ერქომაიშვილი.
,,საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის” პრეზიდენტი განმარტავს, რომ ასოციაცია არაკვალიფიციური გიდების საქმიანობის გაკონტროლებას ცდილობს, მაგრამ მათ კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლება არ აქვთ, რათა ასეთ პირებს საქმიანობა აუკრძალონ. ასოციაციამ შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა და პარლამენტს წარუდგინა, თუმცა ის ჯერ არ განუხილავთ.
,,ჩვენც ვცდილობთ, რომ გავაკონტროლოთ ეს, თუმცა არანაირი საკანონმდებლო უფლება არ გვაქვს, რომ ავუკრძალოთ ვიღაცას სიტყვაზე მყინვარწვერზე ადამიანის წაყვანა. ოფიციალურად ეს არ შეგვიძლია, მაგრამ შემუშავებული გვაქვს აღსრულების მექანიზმი. ამაზე ძალიან დიდი დრო და ფინანსური რესურსი დაიხარჯა. დაფინანსება მივიღეთ USAID-ისგან. შარშან გავაკეთეთ აღსრულების მექანიზმი. ის პრაქტიკა, რაც არსებობს ალპურ ქვეყნებში მოვარგეთ საქართველოს რეალობას და შევთავაზეთ სახელმწიფოს, მაგრამ ჯერჯერობით სულ სხვა კანონმდებლობით არის დაკავებული ე.წ. პარლამენტი.”- განმარტავს ნიკოლოზ ერქომაიშვილი.
,,ტურიზმის კანონში“ შესული ცვლილების მიხედვით სამთო, სათხილამურო და ალპურმა გამყოლმა საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზია უნდა აიღოს.
,,შეიძლება გქონდეს საფრანგეთის სათხილამურო და ალპინიზმის ნაციონალური სკოლის ,,ENSA“-ს სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობის მიერ, მაგრამ ლიცენზირება უნდა გაკეთდეს. ალპებში, ამერიკაში, თუნდაც იაპონიაში ეს სისტემა მუშაობს. ეს არის გამოცდილი პრაქტიკა. გვინდა, რომ ეს რეგულაციები დაინერგოს კავკასიონზე. საქართველოში პირველ რიგში.”- აცხადებს ნიკოლოზ ერქომაიშვილი.
კანონი მიღებულია, თუმცა ახლა მისი აღსრულების მექანიზმია დასაზუსტებელი. ,,საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის” პრეზიდენტი აცხადებს, რომ აღსრულების მექანიზმი მათ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციასთან (IFMGA) ერთობლივი მუშაობით გაწერეს და სახელმწიფოს წარუდგინეს, თუმცა ის ჯერ არ განიხილება. – ,,შევთავაზეთ სახელმწიფოს და გავითვალისწინეთ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველა სხვა ქვეყანაში, (მართლაც მუშაობს და რატომ უნდა მოიგონო რაღაც ახალი) მაგრამ ახლა სხვა კანონებით არიან დაკავებულები. ეს ნაკლებად აინტერესებთ.”- აცხადებს ნიკოლოზ ერქომაიშვილი.