ყაზბეგში “კამარა ჰესის” წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება | დღეს სკოპინგის ანგარიშის განხილვა და აქციაა დაგეგმილი

პროტესტი ყაზბეგში “კამარა ჰესის” წინააღმდეგ გრძელდება – დღეს ჰიდროელექტროსადგურის სკოპინგის ანგარიშის განხილვა გაიმართება, რომლის პარალელურად ადგილობრივები საპროტესტო აქციას გამართავენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ჰესი მუნიციპალიტეტს საფრთხეს უქმნის, წარმოდგენილ პროექტში კი ძირითადი შენიშვნები გათვალისწინებული არ არის. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 16:00 საათზე სოფ. გორისციხის რიტუალების სახლის შენობაში.
“ყაზბეგში გაიმართება კამარა ჰესის სკოპინგის ანგარიშის განხილვა, მეორედ შემოიტანა კომპანიამ და სააგენტოც რატომღაც დათანხმდა და მართავს იგივე დოკუმენტზე, რომელიც დაწუნებულ იქნა, სკოპინგის განხილვას. დასაბუთებული არ არის საერთოდ პროექტის საჭიროება, წარმოდგენილი კვლევები არის ძალიან დაბალი ხარისხის. თერგი, დაახლოებით 5კმ, კიდევ მეტი, უნდა მოექცეს მილში, ტურისტული თვალსაზრისით თუ საარსებო გარემოს ეს ყველა მიმართულებით საფრთხეს უქმნის ყაზბეგის მუნიციპალიტეტს”, – ამბობს ანა გელაშვილი, სათემო ორგანიზაცია “ლომეკის” დამფუძნებელი.
ცნობისთვის, შპს “კამარა ენერჯის” თერგის ხეობაში 16,62 მგვტ დადგმული სიმძლავრის “კამარა ჰესის” მშენებლობა სურს, რასაც მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ეწინააღმდეგება. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე აშენებული ჰესების გამო, ხეობები ზაფხულობით დამშრალია და ტურისტებს აღარ იზიდავს, ტურიზმი კი ამ კუთხეში შემოსავლის მთავარი წყაროა.