ღია ბანკინგის გამოყენებით ახალი, ინოვაციური სერვისების რაოდენობა იზრდება – სებ

თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რაც მომხმარებლებს უფრო მარტივ, სწრაფ და მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს – ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამ პროცესში ღია ბანკინგის ეკოსისტემის შექმნა და განვითარებაა, რომელიც ხელს უწყობს კონკურენციის ზრდას, ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მომხმარებლისთვის ფინანსურ სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას.
ღია ბანკინგი საქართველოში არა მხოლოდ სერვისების გაციფრულების ახალი სტანდარტია, არამედ ინოვაციების განვითარების ერთგვარ პლატფორმასაც წარმოადგენს. კერძო სექტორისთვის ის ახალი შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის – იქნება ეს მომხმარებელზე მორგებული კრედიტის შეთავაზება, გამარტივებული დისტანციური იდენტიფიკაცია თუ ფინანსური ინფორმაციის ანალიზზე დაფუძნებული პერსონალიზებული სერვისები.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ღია ბანკინგის გამოყენებით ახალი, ინოვაციური სერვისების რაოდენობა გაიზარდა, ამის მაგალითებია:
ღია ბანკინგის ინტეგრაცია სახელმწიფო სერვისებში – საქართველოს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ღია ბანკინგის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა გადახდების ინიცირება უშუალოდ ინტერნეტ ბანკიდან ან ფინანსური აპიდან. ეს ამარტივებს გადასახადების გადახდას, ზრდის პროცესის გამჭვირვალობას და ზოგავს მომხმარებლის დროს „სილქ ბანკისა“ და „სილქნეტის“ ერთობლივი ინოვაციური პროდუქტი – მათ აპლიკაცია MySilknet-ში დანერგეს ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად, გამარტივებული პროცესით, რამდენიმე წუთში, მიიღოს სესხი. საკრედიტო განაცხადის შევსებისას გამოყენებულია ღია ბანკინგი და ალტერნატიული მონაცემების საფუძველზე მომუშავე შეფასების ალგორითმები.
მსგავსი მიდგომა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, რომელიც კარგად მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად – დიდ ბრიტანეთში, სადაც ღია ბანკინგი ფართოდ გამოიყენება როგორც კომერციულ, ისე საჯარო სერვისებში – გადასახადების გადახდა ხდება რამდენიმე წამში და ფინანსური ინოვაციებიც უფრო სწრაფად ინერგება.
საქართველოც აქტიურადაა ჩართული გლობალური განვითარების ტენდენციებში. ეროვნული ბანკი მუდმივად უჭერს მხარს ინოვაციური სერვისების დანერგვას. ღია ბანკინგის განვითარება და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების ხელშეწყობა სებ-ის მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც საბოლოოდ, ქვეყნის ფინანსურ სექტორს ახალ, ციფრულ ეტაპზე გადაიყვანს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.