ქუთაისში, ახალციხესა და გურჯაანში ახალი მრავალფუნქციური პარკების პროექტირებისთვის კონკურსები გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსები გამოაცხადა ქუთაისის, ახალციხისა და გურჯაანის ახალი, თანამედროვე პარკების პროექტირებისთვის – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„ინიციატივის მიზანია ქალაქებში ეკოლოგიურად მდგრადი, მრავალფუნქციური და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული სარეკრეაციო სივრცეების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურისტული პოტენციალის ზრდას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
ქუთაისში, ახალი პარკი ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ, დაახლოებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა. ახალი ცენტრალური პარკების მოწყობაა დაგეგმილი, ასევე, ახალციხესა და გურჯაანში.
სამივე ქალაქის პარკებში გათვალისწინებული უნდა იყოს საბავშვო სათამაშო ზონების, სპორტული მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელის, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების, მათ შორის ღია სცენის, პავილიონებისა და ღონისძიებების მოედნების მოწყობა.
ასევე, სამივე პარკში უნდა განთავსდეს საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, სასმელი წყლის შადრევნები, მოეწყოს დეკორატიული ტბები და შადრევნები.
ამასთან, პარკებში დაგეგმილია რეკრეაციული ზონების და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა.
გარდა ამისა, პროექტების მიხედვით, პარკების ტერიტორიებზე უნდა განთავსდეს ავტოსადგომები, მათ შორის ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი ადგილები, მოეწყოს გარე განათება, სარწყავი სისტემა, უსაფრთხოების და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები.
ახალი პარკების სივრცეები სრულად უნდა იყოს ადაპტირებული ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
პროექტები უნდა ითვალისწინებდეს, ასევე, ბიომრავალფეროვნების დაცვას და პარკების ადგილობრივი სახეობების მცენარეებით გამწვანებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.