ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
„ფილარმონიაში გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი , ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები.
ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი 14 წლისაა და უკვე მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატებები, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ანსამბლი ახლახან დაბრუნდა ლევილის ისტორიულ მამულში გამართული ქართული ფესტივალიდან, ხოლო რამდენიმე დღეში მიემგზავრება იაპონიაში, საქართველოს დღეებში მონაწილეობის მისაღებად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, ანსამბლის წარმატებაში ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომაა ჩადებული.
„ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი დღეს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში მაყურებლის წინაშე ვრცელი საკონცერტო პროგრამით წარსდგა. ანსამბლის წარმატებაში ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომაა ჩადებული და მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს. მადლობა ყველას, ვინც კონცერტს დაესწრო და ჩვენი ანსამბლის მიმართ ასეთი მხარდაჭერა გამოხატა. ქუთაისის მთავარმა ანსამბლმა დაუვიწყარი საღამო აჩუქა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ მაყურებელს, რომელთა შორის იყვნენ ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ანსამბლს, რომელიც ხვალ იაპონიაში მიემგზავრება, ქართულ დღეებში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.