სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა შენობა, სადაც თავად სააგენტოს ოფისი მდებარეობს.
კერძოდ, საუბარია ჭავჭავაძის №49ა-ში მდებარე სახელმწიფო ქონებაზე, რომელიც 36 მლნ ლარად იყიდა.
როგორც BM.GE-მ გაარკვია, აუქციონში გამარჯვებული შპს სითი დეველოფმენტია. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, ამ უკანასკნელის 100%-იანი წილი „სითი მოლის“ მფლობელ კომპანია შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას ეკუთვნის.
საპრივატიზებო ქონების აღწერა შემდეგია: №49ა-ს მიმდებარედ არსებული 22.00 კვ.მ; 5.00 კვ.მ; 8.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ჭავჭავაძის გამზირზე N49-ში მდებარე 121.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და №49ა-ში მდებარე 9134.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილი და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი.
როგორც ირკვევა, სააგენტო გარკვეული პერიოდით კვლავ გააგრძელებს შენობით სარგებლობას. მყიდველი კი ვალდებულია მინიმუმ 5 წელი ქონების სააგენტოს მხრიდან შენობის უსასყიდლოდ სარგებლობა უზრუნველყოს. სააგენტოს მიერ ქონების გამოთავისუფლების პირობად კი ჩადებულია კომპანიის მხრიდან ალტერნატიული ოფისის შეთავაზება. კერძოდ, შემძენმა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის შემდეგ, თუმცა არაუგვიანეს 40 თვეში, ქონების სააგენტოს შეთავაზება უნდა წარუდგინოს თბილისში სხვა ინფრასტრუქტურით უსასყიდლოდ სარგებლობაზე, რომელიც კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, ამის შემდეგ კი სააგენტო ვალდებულია შენობა ორი თვის ვადაში გამოათავისუფლოს. სააგენტოსთვის შეთავაზებული შენობა არანაკლებ 3 985 კვ.მ. ფართობის უნდა იყოს, 70 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომით, კეთილმოწყობილი და ა.შ.
აუქციონის პირობებით კომპანიას 20 მლნ დოლარის ინვესტირების ვალდებულება ეკისრება მას შემდეგ, რაც ქონების სააგენტო შენობას დაცლის. ამასთან, კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხოს 32 773 188 ლარი შემდეგი გრაფიკის შესაბამისად: ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შენობის გამოთავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში – 17 000 000 ლარი, ხოლო გამოთავისუფლებიდან ერთი წლის ვადაში – დამატებით 15 773 188 ლარი.