ქეთი ქურდოვანიძე: რა დააშავა პაოლო იაშვილმა, მართლა გაუგებარია, სადაც ტიციანი, იქ პაოლო

ლიტერატურათმცოდნე 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართულის პროგრამაში შესულ ცვლილებებს პროფესიულ შეფასებას აძლევს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“მეგობრებო, დღეს გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების საპროგრამო სია. დიდი აჟიტაჟი და მითქმა-მოთქმა მოჰყვა ამ ამბავს. შევეცდები, ავხსნა რა არის აქ მთავარი და რა უმნიშვნელო:
მთავარი არის ის, რომ

1. პროგრამა როგორც არ უნდა შეცვალო, შედეგი იქნება იგივე, გამომდინარე სწავლების მეთოდებიდან და ხარისხიდან. ეს ცალკე საუბრის თემაა.

2. მისაღებ გამოცდებზე უნდა მოწმდებოდეს არა ლიტერატურის ცოდნა, არამედ მოსწავლის უნარები, მათ შორის წერითი, კრიტიკული აზროვნების, სოციალური და მორალური დილემების გადაჭრის და ა.შ.

დავუბრუნდეთ პროგრამას. დიდი ხანია, მედიის საშუალებით მოვუწოდებ განათლების სამინისტროს, გადახედოს სასწავლო პროგრამებს და აი, გადახედა კიდეც. საუბედუროდ, ვინც ამ პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდა, ოდნავადაც არა აქვს წარმოდგენა, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ლიტერატურული ტექსტი, რა დარჩეს და რა ჩაჰბარდეს წარსულს.

1. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, გურამიშვილის ქართლის ჭირით წარმოდგენა. ეს დავითიანის ყველაზე სუსტი ნაწილია.

2. აღმაშფოთებელია თაობათა ბრძოლის ამსახველი ნარატივების გაქრობა და კაპიტულანტური ლექსების დატოვება მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ლიტერატურის განხილვისას.

3. სავალალოა ილიას “განდეგილი” იგნორირება, რამეთუ ამ პოემაში არის ქართული განმანათლებლობისთვის ძალიან ღირებული ნარატივი.

4. დაუშვებელია “ბახტრიონი” პროგრამიდან ამოღება, ეს არ არის მხოლოდ ისტორიული პოემა და განიხილავს ძალიან მნიშვნელოვან ადამიანურ პრობლემებს კოლექტიური და ინდივიდუალური პასუხისმგებლობებისა.

5. მნიშვნელოვანია ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედების სწავლება. მისი ტექსტები არის ს იმპერიის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის დოკუმენტები. ხევისბერი გოჩა კი ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება ტრადიცია იქცეს ტრაგედიად.

6. რა დააშავა პაოლო იაშვილმა, მართლა გაუგებარია, სადაც ტიციანი, იქ პაოლო.

ახლა რაც დარჩა:

1. წამებები ადგილზეა, ამის შესახებ არაერთხელ ვთქვი და აღარ გავიმეორებ.

2. “მთვარის მოტაცება” და “თეთრი საყელო” არის ქართული პროზის უმნიშვნელოვანესი ტექსტები და ეს უგულებელყოფილია.

3. რა ნიშნის მიხედვით დარჩა “ყივჩაღის პაემანი” და არ დარჩა “ნინოწმინდის ღამე”, რომელიც ათასჯერ უკეთესი ლექსია. თუ პოსტმოდერნიზს ამით ასწავლით, კარგად ყოფილა თქვენი საქმე.

4. რატომ შემოიფარგლება კლდიაშვილი “სამანიშვილის დედინაცვლით”, მაგაზე უკეთესი მწერალი, ვინ გვყავს?

5. რა ლიტერატურულ ღირებულებას წარმოადგენს ქარჩხაძის “იგი” და დოჩანაშვილი “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა?”, სრულიად აუხსნელია.

6. რა ნიშნის მიხედვით დარჩა აკაკის პოეტური ჩავარდნა “თორნიკე ერისთავი” და რატომ ამოიღეს ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი “აღმართ-აღმართ”?.

და ბოლოს, რომელი საუკუნეა ხალხო, სად არის თანამედროვე ქართული ლიტერატურა, არაფერს ვამბობ უცხოელ ავტორებზე.

ერთი სიტყვით, არ დავიწყებ პოლიტიკურ სპეკულაციებს და პროფესიული შეფასებით შემოვიფარგლები. მართლა ასეთი გემოვნება და ცოდნა აქვს პროგრამაზე მომუშავე ჯგუფს თუ…?!”.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს