ქეთევან თურაზაშვილი რუსთავში საპენსიო სესხებით დაზარალებულ 100-ზე მეტ პენსიონერს შეხვდა

პარტია „ – მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი რუსთავში იურისტების გუნდთან ერთად ჩავიდა და სესხებთან დაკავშირებით პენსიონერებს იურიდიული კონსულტაცია გაუწია.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონსულტაცია 100-ზე მეტ პენსიონერს გაეწია.
„დეპუტატმა პენსიონერებს გამოსავლის გზები გააცნო, თუ როგორ უნდა მოხდეს პანდემიის დროს გახანგრძლივებული ვალების ძველ ჩარჩოში დაბრუნება და განულება. საუბარია იმ პენსიონერებზე, რომლებსაც ბანკმა „კოვიდ“ პანდემიის დროს ე.წ. საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა და სანაცვლოდ თვითნებურად, მათი ნებართვის გარეშე გაუხანგრძლივა სესხის ვადა და აქედან გამომდინარე სესხის ოდენობა.
ასევე, საუბარია ე.წ. ,,ოვერდრაფტების” მქონე პენსიონერებზე, რომლებსაც ამგვარი სესხები ისე მისცეს, რომ კარგად არ აუხსნეს, თუ რასთან ჰქონდათ საქმე. უკვე არსებობს არაერთი პრეცედენტი, რომ პარტია „მოქალაქეების” ჩართულობით მოხერხდა სესხის პირვანდელ ვადასა და ოდენობაზე დაბრუნება და სესხის დასრულება“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც თურაზაშვილი განმარტავს, ადამიანებს არ აუხსნეს თუ რა პირობებით აძლევდნენ სესხს, რა საფრთხეებს შეიცავდა და რამდენად რთული იქნებოდა მისი დაფარვა.
„პენსიონერებს დახმარება სჭირდებათ და მე გადავწყვიტე დავეხმარო. საბედნიეროდ გვაქვს რამდენიმე ათეული წარმატებული მაგალითი, როდესაც მოვახერხეთ პანდემიის დროს გახანგრძლივებული სესხის განულება, რომლის ძირის თანხის ორმაგი და და სამმაგი ოდენობა ადამიანებს დაფარული აქვთ, თუმცა კიდევ წლები უნდა ეხადათ ბანკის სქემით. პენსიონერების არსებობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია „ლიბერთი ბანკმა” დააბრუნოს ვალი ძველ ჩარჩოში და პენსიონერებს ვალები დაუკორექტიროს ისე, რომ ამ ადამიანებს ზედმეტის გადახდა აღარ მოუწიოთ. ვისაუბრეთ მასშტაბური პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და კონკრეტულ ნაბიჯებზე. ადგილზევე გუნდის იურისტების დახმარებით, პენსიონერებს გავუწიეთ კონსულტაცია, დავეხმარეთ განცხადებების მომზადებაში და ბანკში შევიტანეთ, ახლა ველით რეაგირებას და მზად ვართ შემდგომი ნაბიჯებისთვის”, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერების შეხვედრის ორგანიზების და იურიდიული დახმარების ინიციატივა საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეებს” ეკუთვნის.
„დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის ინიციატივით და გუნდის იურისტების დახმარებით პენსიონერებს უკვე ჰქონდათ ანალოგიური შეხვედრები თბილისში, გორში, თელავსა და ქუთაისში. აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ ბანკში 300-მდე პენსიონერის წერილი შევიდა, თელავში და გორში 400-მდე, ქუთაისში გამართული შეხვედრის შემდეგ კი საპარლამენტო ჯგუფ ,,მოქალაქეების” და დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის დახმარებით 500-მდე განაცხადი შევიდა ლიბერთი ბანკში.
იკვეთება კიდევ არაერთი სასესხო პრობლემა, მათ შორის სესხის პროცენტთან დაკავშირებით. პენსიონერების ნაწილი ითხოვს სესხის პროცენტის შემცირებას, გადახდის გრაფიკის ცვლილების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი რუსთავში, ლიბერთი ბანკის ცენტრალურ ფილიალში, პარტიის ლიდერების და იურისტების მიერ პენსიონერების დოკუმენტაციის განხილვისა და შეტანის პროცესში, სამ პენსიონერს სესხი გაუნულდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.