ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ინფორმაციით, 13 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პოლიცია ჟურნალისტებს, რომლებიც იმ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა).
ქარტიის განცხადებით, ამგვარი ქმედებისთვის თებერვალში შეცვლილი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ეს შემთხვევები უმეტესად თბილისში მოხდა, თუმცა არის ერთი შემთხვევა რეგიონშიც, კერძოდ, ზუგდიდში.
პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება:
● „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო შუბითიძეს, 17 თებერვალს;
● „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო წვერავას, 17 თებერვალს;
● „ტვ პირველის“ ფოტოგრაფს და ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს (შეატყობინეს 21 თებერვალს);
● „პუბლიკას“ ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს, 14 თებერვალს;
● „ტაბულას“ ჟურნალისტს ბექა ჯიქურაშვილს, 14 თებერვალს;
● „ტაბულას“ ჟურნალისტს ნიკოლოზ ჭირაქაძეს, 17 იანვარს;
● „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნათია გოგსაძეს, 2 თებერვალს;
● „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ალექსანდრე საჯაიას, 4 იანვარს;
● „მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორს ვახო ქარელს, 26 იანვარს;
● „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, 22 იანვარს;
● “ევრონიუსის” ჟურნალისტს დავით კეკენაძეს, 3 იანვარს;
● „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სალომე ჩადუნელს, 10 ნოემბერს;
● ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელს გერმანე სალიას, 13 დეკემბერს.
“ყველა ჟურნალისტმა შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სადავო დროის მონაკვეთში ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვთ. მათ პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათები ეკეთათ და ნაწილი დიდი ზომის პროფესიული აპარატურის გამოყენებით მუშაობდა. პოლიციას მათი ჟურნალისტად იდენტიფიცირება თავიდანვე არ უნდა გასჭირვებოდა.
ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების ყველა შემთხვევაში პროცესი განსხვავებულად წარიმართა. ზოგიერთ ჟურნალისტს პოლიციამ შესაბამისი ცნობის წარდგენა მოსთხოვა, ზოგიერთს პოლიციასთან მხოლოდ ცალმხრივი კომუნიკაცია გამოუვიდა, უკუკავშირის გარეშე, ნაწილს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს, ხოლო ზოგიერთის სასამართლო პროცესი გაიმართა კიდეც. ზოგიერთი აპირებს, რომ საჯარიმო ოქმი ჩაიბაროს და შემდგომ გაასაჩივროს”, – ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, რაც ამ შემთხვევებს აერთიანებს, არის ის, რომ საბოლოო შედეგი შემთხვევათა უმეტესობაში არ არის დამდგარი, ეს კი ჟურნალისტებს მოლოდინის რეჟიმში ტოვებს და გაურკვევლობაში ამყოფებს.
კანონის რეპრესიული ნორმების დაუსაბუთებლად გამოყენება ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლის. პოლიციის ქმედებები მათ და, ზოგ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებს, უქმნის ფსიქოლოგიურ წნეხს, აკარგვინებს მათ დროსა და სხვა სახის რესურსს.
გზის გადაკეტვის გამო დასაჯარიმებელ ჟურნალისტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც ტენდენციაზე მიუთითებს. ეს ყოველივე ან მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ამოცანა ჟურნალისტთა სამუშაო გარემოს კიდევ უფრო დამძიმება და მათი სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შეზღუდვაა, ან, უკეთეს შემთხვევაში, სერიოზულ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც შსს-ს და სასამართლო სისტემას სასწრაფოდ უნდა ჰქონდეს რეაგირება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან დაკავშირებული მიმდინარე ყველა ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მსგავსი საქმეები მომავალშიც არ აღძრას.
