ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია – ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ – ვაჟა ბერიძე

ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია – ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ – ვაჟა ბერიძე
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
– ბატონო ვაჟა, ვხედავთ, რომ საშინაო პოლიტიკაში პროცესები ისევე სწრაფად ვითარდება, როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში. ამ ორივე პროცესის დინამიკა და ტრაექტორია ერთმანეთს იმით ჰგავს, რომ ჭირს იმის პროგნოზირება, სავარაუდოდ, საბოლოოდ რა სახეს მიიღებს დაწყებული ეს ორივე პროცესი.
ევროპულ სამყაროს, რომლისკენაც ჩვენივე კონსტიტუციის შესაბამისად თითქოს საქართველო მიისწრაფვის, საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქვს საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები. ევროპის საბჭომ 8 პუნქტიანი შენიშვნები წერილობით გამოგვიგზავნა.
მოვისმინეთ ამ შენიშვნებზე მმართველი ლიდერების კომენტარებიც. არც შენიშვნები იყო მოულოდნელი და არც მათზე პასუხები, რადგან „ქართული ოცნებიდან“ კარგა ხანია გვესმის, – თითქოს ევროპა ქართულ ტრადიციებს, მართლმადიდებლურ ეკლესიას ებრძვის და ასე შემდეგ.
ის რომ თურმე მსოფლიოს და ევროპას „გლობალური ომის პარტია“ და დიფ სთეითი ებრძვის, სოციოლოგიის თანახმად ამის გამოკითხულთა 49% სჯერა, რაც უდაოდ სახელისუფლებო პროპაგანდის შედეგია.
მოკლედ ასეა – ევროპა ჩვენგან კორუფციასთან ეფექტურ ბრძოლას, არაევროპული მიღებული კანონების გაუქმებას, საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვის უფლებების დაცვას და კიდევ ბევრ რამეს ითხოვს.
ასეთი არჩევანის წინაშე ვართ დაყენებული – თუ ევროკავშირი გინდათ – ან გააგრძელეთ ევროპისკენ სვლა, ან დაემშვიდობეთ ევროპულ სიკეთეებს – უვიზო მიმოსვლას, ევროპაში მკურნალობისა და სწავლის შესაძლებლობებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ რეალობას, რომელშიც ქვეყანა 2025 წლის ზაფხულშია აღმოჩენილი?
– ეს დაკა-დაკა და გამიშვი-დამაკავე, იმის ნიშანია, რომ ჩვენი მდიდარი და საინტერესო წარსულიდან ვერაფერი ვისწავლეთ. ისევ ხობის წყლის ნაპირზე ვდგავართ 555 (რა საინტერესო ციფრებია…) წელია, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს პეტრას მშენებლობა დამთავრებული აქვს (523-526), არქეოპოლისში (ციხე-გოჯი) ისევ ირანელები სხედან და ჩვენ ორ ბოროტებას შორის უმცირესს ვირჩევთ, იმხანად უკვე ერთმორწმუნეს.
მეგობრებო, რა დასავლეთი, რა ჩრდილოეთი და რა აღმოსავლეთი – დღესვე ცვლის, მყისიერად, კაცობრიობის მომავალს. ჩვენ კი 1918-1921 წლების წარმოსახვებიდან ვერ გამოვსულვართ და ნეიტრალიტეტზე ვოცნებობთ, არ გვახსოვს რა, თუ როგორ დამთავრდა იმდროინდელი ოცნება ნეიტრალიტეტზე 1921 -ის თებერვალში.
ჩვენი ცივილაზაცია, ქართული (პროტოქართულთან ერთად), ერთ-ერთი უძველესია, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ნამონღოლარი საქართველოს მერე ქვეყანა მხოლოდ ფრაგმენტულად და დროდადრო იყო ერთიანი და ძლიერი (გიორგი ბრწყინვალეს ეპოქა), რაც დაქუცმაცებულობის პერიოდით დასრულდა, როცა დაკნინდა ყველანაირად და გაქრა ძველი დიდება.
ერთხელაც გაჩნდა საქართველოს გაერთიანების შანსი და აბა რის ქართველები ვიყავით, იქვე არ ჩაგვეკლა – ბაზალეთის ომში ვხოცეთ ერთმანეთი. არადა, არსებობდა ქვეყნის გაერთიანების იშვიათი შანსი, რომელიც მერე, ერეკლე II –მდე არ გაჩენილა. მერე და მერე – გაგიხარია, ვგმობდით ძმათამკვლელ ომს და ვვიშვიშებდით სუფრებთან ყანწით ხელში.
თუ ამ პრიზმაში არ შევხედეთ დღევანდელ რეალობას, ყველა იმედი გადაგვეწურება და ვერც სიტუაციის გამომწვევ მიზეზებამდე მივალთ. არ შეიძლება მთელი ერი ორად გავიყოთ და ერთმანეთს დავცხოთ. ჩვენი ქვეყანა, ამ მეტისმეტად აჩქარებულ დროში, დიდ კატაკლიზმებს ვეღარ გადაიტანს.
მით უმეტეს, როცა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და მისი აღდგენის რეალური შანსი არც ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩანს და არც ჩინეთის ორბიტაზე გადასვლით. თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთთან სრული ურთიერთგაგება და მასთან დაბრუნებაც კი არ არის ამ პრობლემის მოგვარების გარანტია.
ევროსაბჭოს მიმართვაზე ბრძანებთ – შენიშვნებს სხვანაირად აღიქვამს ხელისუფლება და სხვანაირად ოპოზიცია, რაც აპრიორი მათი გათვალისწინების შეუძლებლობაზე მიუთითებს.
ევროპა, რა თქმა უნდა, არ ებრძვის ჩვენს ტრადიციებს და ჩვენს დედა – ეკლესიას. ესეც პირობითობისა და აღქმის სფეროა. თუმცა, როცა დაუნდობელი, ერთმანეთის გამომრიცხავი თვალსაზრისების კაკაფონია იწყება, იქ შეუძლებელია სიმართლის და სიცრუის გარჩევა და ყველაფერი ოდენ მეტოქის დამამცირებელ-დამაკნინებელ ფრაზებამდე დადის.
ამიტომ, ქვეყნის ინტერესებშია არა „ოცნების,“ ან ოპოზიციის განადგურება, და რომელიმე მხარის დომინირება თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, არამედ თვალსაზრისების შეჯერება, მტყუანის და მართლის გარჩევა სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში, პარტიების ყოველგვარი აკრძალვის და მედიების პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებად გადაქცევის გარეშე.
თუ ასე არ მოხდა, ჩვენ ვერ დავამტკიცებთ, რომ დამოუკიდებლობის ღირსნი ვართ და ამაზე, მე და თქვენ, ადრეც გვისაუბრია, როცა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის ნანგრევებზე წარმოშობილი სახელმწიფოების ბედზე ვმსჯლობდით. ასევე, სხვა იმპერიების ნანგრევებზეც და შევნიშნეთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოშობილმა ყველა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს დამოუკიდებლად არსებობის უფლება და შესაძლებლობა.
ეს რუსეთ-უკრაინის ომმაც დაადასტურა, როცა პუტინმა ლენინის მძაფრი კრიტიკა დაიწყო 1922 წელს საბჭოთა კავშირის ფაქტობრივად და არსებითად სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნების გამო, რამაც რუსეთს დაკარგინა დიდი ტერიტორიები მნიშვნელოვანი წიაღისეულით და მნიშვნელოვანი სტრატეგიული თვალსაზრისით. და რამაც ს საშუალება მისცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპის ტერიტორიულად ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანა გამხდარიყო.
ერთ მშვენიერ დღეს, ფაქტობრივად, „ბელოვეჟის ტევრში“ ხელმოწერილი ხელშეკრულება ლამის ფარატინა ქაღალდად იქცა და გაჩაღდა ბრძოლა უკრაინისთვის, მისი წიაღისეულისთვის, იშვიათი ლითონებისთვის, უზარმაზარი და მასშტაბური სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მიმდინარეობს საუბრები დაპყრობილი ტერიტორიების ნაწილის რუსებისთვის დატოვების თაობაზე, ს შემადგენლობაში აღიარებაზე და ა.შ. თუმცა, ის პერსპექტივა, რომ სხვაგვარ შედეგს ან რუსეთი შეეგუება ხილულ პერსპექტივაში, ან უკრაინა, არსებითად არ ჩანს.
ტერიტორიების საკითხსაც იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ რუსეთს ჩვენი მიწა-წყლის 20 % აქვს ოკუპირებული და თუ უკრაინაში დაუშვეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი რუსეთს დარჩა, ეს ჩვენთვის არ იქნება სახარბიელო სიტუაცია.
ასეთი პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი და ჩვენ იმ პუნქტებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ისედაც მოსაგვარებელია ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
კიდევ უფრო მრავალშრიანი საკთხია „გლობალური ომის პარტია“ და „დიფ სთეითი“. აქ ედავებიან ოცნების პროპაგანდისტებს, ხდება თემის გაბიაბრუება, მაგრამ არ ედავებიან დონალდ ტრამპს და ტულსი გაბარდს – დაზვერვის სამსახურის შეფს, რომლებიც „დიფ სთეითისგან“ მომდინარე ზეწოლაზე და ობსტრუქციაზე საუბრობენ.
ახლა, ჩვენთან პრობლემის გაშარჟება შედეგს არ მოიტანს. ალბათ, გახსოვთ, მე და თქვენ ვისაუბრეთ „დიფ სთეითის“ რაობასა და არსზე ერთ-ერთ ინტერვიუში. მათ შორის, ქართული „დიფ სთეითის“ არსებობასა და თავისებურებებზე.
პოლიტიკის მეცნიერებაში მკვლევართა უმრავლესობის მიერ გაზიარებული „დიფ სთეითის“ განმარტება – განსაზღვრება არ არსებობს. თუმცა, მისი ხელაღებით უარყოფა ტრამპს არ გამოსდის პრეზიდენტის პოსტზე და მისი იგნორირება არავის მისცემს ხელს.
ახალ დემოკრატიებს, კაპიტალის ზეობის პერიოდში, ახასიათებთ რიგი თავისებურებები, რაც ძალაუფლების საფუძვლად არჩევანის თავისუფლების გარდა, პოლიტიკურ სისტემებზე გავლენიანი წრეების, გაერთიანებების და ადამიანების ზეგავლენას გულისხმობს.
ეს რეალურია, რეალური იყო და იქნება. ეს, სხვათა შორის, არსებითი განსხავების მიუხედავად, ახასიათებს, როგორც დასავლურ დემოკრატიებს, ისე სპეციფიკურ დემოკრატიებს (თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი) და ავტორიტარულ და დიქატატორულ რეჟიმებსაც კი.
კორუფციასთან ბრძოლაც აუცილებელია, ოღონდ არა კორუმპირებულების „განკულაკების“ მეშვეობით და მათგან ნაპარავის კულუარული ამოღების გზით. სხვათა შორის, შესაძლოა, საზოგადოებამ არჩევანი შეცვალოს და თუ შემოთავაზებული ვარიანტი ურთიერთობისა ხელს არ აძლევს, ღიად თქვას, რომ აღარ უნდა ევროკავშირის წევრობა და ამას არ უნდა მოჰყვეს ეგზეკუცია ამ პატარა, თავისუფლება ახლადმოპოვებული ქვეყნის წინააღმდეგ – როგორც ეს ერთ ქართულ ლექსშია მგელსა და ბეკეკაზე შეგონებით – „დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი“…
ამ დეტალების გააზრება არის ხელისუფლების და ოპოზიციის უმთავრესი ამოცანა. რა თქმა უნდა, ვითარება სერიოზულია. უვიზო მიმოსვლის შეჩერება უამრავ ადამიანს დააზარალებს და აქამდე საქმე არ უნდა მისულიყო. მეორეს მხრივ, ძალიან ცუდად გამოიყურება ევროკავშირის ლიდერების მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით საქართველოს მოსახლეობის დაშანტაჟების პოლიტიკა, რისგანაც აქამდე, სავსებით სწორად, ისინი თავს იკავებდნენ, რათა მოსახლეობა, მოქალაქეები არ დაჩაგრულიყვნენ ამით.
ახლა გამოსავლის ძიების დროა. ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია. რეალობაა, რომ ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ.
– რასაც ბრძანებთ, გარკვეულ წილად გასაგებიც კია, მაგრამ, ევროეკავშირის სტრუქტურებს – ევროპარლამენტს, რომელიც ევროპელი პოლიტიკოსების საკრებულოა, ჩვენი ხელისუფლება რომ ევრობიუროკრატიას ეძახის, წლებია ბევრი რამ აქვთ გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოს ჯერ ევროპასთან ასოცირებული შეთანხმება გაეფორმებინა, შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონოდათ ევროპაში უვიზო მიმოსვლის საშუალება, შემდეგ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციული პროცესები გაღმავებულიყო.
ევროპა საქართველოსგან რასაც ითხოვს, არ ითხოვს ჩინეთისაგან, ცენტრალური აზიის ქვეყნებისაგან, არც აზერბაიჯანისგან, რადგან მათ ევროკავშირში შესვლის სურვილი არც არასდროს გამოუთქვამთ. ევროპა ამ ქვეყნებთან თანამშრომლობს არა როგორც ევროკავშირის პოტენციურ წევრებთან, არამედ, როგორც პარტნიორებთან.
ჩვენი ხელისუფლების საუბრები და მოლოდინი იმაზე, რომ ევროპაში ლიბერალურ ელიტას, კონსერვატიული ელიტა ჩაანაცვლებს, ბევრი თვალსაზრისით გაუგებარიც კია. ასეც რომ მოხდეს მომავალში, ფაქტია, რომ ევროპელი კონსერვატიული იდეოლოგიაც თუნდაც ეკონომიკაში ლიბერალურ მიდგომებს იზიარებს.
ახლა როცა საქართველო ასე ახლოს იყო გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ეს არა თუ ვერ ვერხდება, შესაძლოა, დავკარგოთ კიდეც ამგვარი შესაძლებლობა.
ჩანს, რომ ევროსტრიქტურებიც ჩვენთან მიმართებაში ჩიხში არიან, რადგან ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას ევროკომისიის რეკონერაციების შესრულებაზე უარი ეთქვას.
სავარაუდოდ, როგორ შეიძლება დასრულდეს ევროსტრუქტურებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ის სერიოზული გაუგებრობები, რომელიც დღეისათვის არსებობს და კრიტიკული დრო შესაძლოა 31 აგვისტოს შემდეგ დადგეს?
– 31 აგვისტოს მერე დაიწყება თავდავიწყება. ჩვენი ოპოზიცია და ევროკავშირის ლიდერი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებით გამოწვეული უკმაყოფილების გამო ხალხი ქუჩაში გამოვა და საპროტესტო ტალღა აგორდება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს ადგილობრივი თვითმმართველობის ს ჩატარებასა და შედეგებს.
მე მიმაჩნია, რომ ევროინტეგრაციის კურსი არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაექვემდებაროს გადასინჯვას. ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობის პოზიციაა, მაგრამ მეც და ჩემს ბევრ თანამოქალაქეს სერიოზულად გვაწუხებს და შეიძლება ითქვას, აღგვაშფოთებს ევროპელი ფუნქციონერების ქედმაღლური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, რაც არ იქნებოდა კატასტროფა ჩვენი თავმოყვარეობისთვის, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის როგორმე ავიტანდით, მაგრამ მათი ქმედებები, პოზიცია, ურთიერთობის მანერა, აუფასურებს იმ ღირებულებებს, რაც ჩვენთვის მისაღები და სასურველი იყო ყოველთვის.
ეს ეხება როგორც პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებას, ისე კონიუნქტურულ ურთიერთობებს წევრობის კანდიდატებთან, ადამიანის უფლებებს, თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირების საფუძვლებს და ასე შემდეგ. აი ეს არის, რაც გვაშორებს ევროპისგან და რაც ექსტრემისტულ ძალებს საზოგადოების უმრავლესობის განწყობის ტორპედირების საშუალებას აძლევს.
არ შეიძლება, ვიღაც ევროპისთვის სანიმუშოდ და მისაღებად გვისახავდეს მოლდოვას, რომლის პრობლემებსაც კარგად ვიცნობთ და არ შეიძლება ბალტიისპირელი პოლიტიკოსი მუშტს გვიღერებდეს და მოგვიწოდებდეს რუსეთის ცალსახა და მტკიცე ბლოკადისკენ, მასთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტისკენ და მისი მეუღლე რუსეთში ბიზნესს აკეთებდეს.
ევროკავშირი ჩვენთვის საოცნებო და მისაღები იმიტომ იყო, რომ დიდ და პატარა ქვეყნებს ექცეოდნენ, როგორც თანასწორს. რატომ ვერ დასაჯეს დიდი ბრიტანეთი „ბრექსიტისთვის“, რატომ ვერ წამოარტყეს ხელი თურქეთს გადატრიალების მცდელობის საკმაოდ უხეშად ჩახშობისა და უამრავი ადამიანის დაპატიმრების გამო ერთობ საჭოჭმანო საფუძვლებით, ან ფეთჰულა გიულენის მომხრეების დევნის გამო?
ესენი დიდი და ძლიერი ქვეყნები არიან, – არა?.. და რა იქნა საყოველთაო თანასწორობის იდეა, თანასწორობის დიდთა და მცირეთა, რომელიც რუსო-დიდრო და სხვა ფრანგი განმანათლებლების ჰუმანისტურ იდეალებზე ჩამოყალიბდა?
ასეთი კითხვა ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ებადება, მათ ლეგიტიმური ხასიათი აქვს, თორემ ჩვენი ხელისუფლების უნიათობის თაობაზე გაუთავებელი საუბარი რა შედეგს მოგვცემს, – ეს ისედაც ცხადია.
– ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა – არმონაწილოების თემა აქტუალური გახლავთ.
იმის გათვალისწინებით, რომ ბარიერგადალახული პარტიებიდან ორმა პარტიამ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ორმა ბოიკოტი გამოაცხადა, გაუგებარია რა უნდა ხელისუფლებას. ვგულისხმობ იმას, უნდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა.
თუ უნდა, მაშინ, როგორც მინიმუმ, უცნაურადაც კი გამოიყურება „ლელოს“ ლიდერების – ხაზარაძისა და ჯაფარიძის ციხეში აღმოჩენა. მეტიც, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიციაში ვინცაა, ყველა „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“ და მთელი სამოქალაქო სექტორი „აგენტია“, მაშინ, უნდა დაგვდოს პატივი და საზოგადოებას უთხრას- პოლოტიკურ ველზე არსებული პარტიებიდან, ვინ არაა „აგენტი.“
პრემიერმა მ თქვა – „ევროპაში ვიზით ვივლით თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციური საკითხი“. თუ ევროპაში უვიზო მიმოსვლა გააუქმდა ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერ ჯგუფებს, საკმაოდ ბევრი მოაკლდება.
რატომ არ უნდა „ქართულ ოცნებას“ რომ არჩევნებში იმ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში მხარს „ოცნებას“ უჭერს?
და კიდევ – თუ ევროსტრუქტურებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, „ქართული ოცნება“ იტყვის რომ საზოგადოების დაკვეთა იყო ასეთიო?
– ვფიქრობ, „ოცნებას“ არ უნდა, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ“, როგორც თავად უწოდებენ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამ ჩვენი ოპოზიციის ახლომხედველური ნაბიჯები ხელისუფლების წისქვილზე რომ ასხამს წყალს, ცხადია.
მათ თბილისში მაინც უნდა ეცადათ მერობის კონკურენტუნარიანი კანდიდატის შერჩევა და დაყენება.
მესმის, რომ ეს რთულია, ამ შემთხვევაში ჯგუფდებადობის კანონი ნამდვილად არ მოქმედებს, ანუ ოპოზიცია მთლიანადაც რომ გაერთიანებულიყო, ეს მათ ხმებს კი არ გაზრდიდა, არამედ შეამცირებდა, იმდენად განსხვავებული და შეუთავსებელი პოლიტიკური სუბიექტები არიან. მაგრამ მაგალითად ვიტყვი, რომ დაეთანხმებინათ მერობის კანდიდატად კენჭისყრაზე, ეს საინტერესოს გახდიდა პოლიტიკურ პროცესს და წაადგებოდა ქვეყანას.
„ოცნებას,“ თითქოს არ უნდა, რომ ჰყავდეს ამ არჩევნებში მოწინააღმდეგე, მაგრამ ძლიერი კანდიდატები და კონკურენტები რეგიონებშიც და თბილისშიც ყველასთვის იქნებოდა სასარგებლო. მათ შორის, ხელისუფლებისთვის, რადგან არჩევნების ლეგიტიმურობას, დამკვირვებლებზე მეტად, კონკურენტული გარემო და არჩევნებისადმი ხალხის დამოკიდებულება განსაზღვრავს.
„ოცნებას,“ თითქოს არ უნდა, რომ ჰყავდეს ამ არჩევნებში მოწინააღმდეგე, მაგრამ ძლიერი კანდიდატები და კონკურენტები რეგიონებშიც და თბილისშიც ყველასთვის იქნებოდა სასარგებლო. მათ შორის, ხელისუფლებისთვის, რადგან არჩევნების ლეგიტიმურობას, დამკვირვებლებზე მეტად, კონკურენტული გარემო და არჩევნებისადმი ხალხის დამოკიდებულება განსაზღვრავს
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, ეს ამ უაღრესად განათლებული პიროვნების ფრთიან ფრაზად ნამდვილად არ გამოდგება. უვიზო რეჟიმის გარეშე საქართევლო არ დაიქცევა, მაგრამ ჩემი აზრით, ასეთი ვითარება, შეიძლება ეგზისტენციური საკითხი არ იყოს, მაგრამ ვისაც ეს შეეხება, მათთვის, შესაძლოა, ეგზისტენციური კრიზისის წინაპირობა აღმოჩნდეს,
ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანი, გნებავთ ერი, ცხოვრების საზრისს, ამქვეყნად თავის დანიშნულებას ვეღარ პოულობს და ჩიხში შეიძლება აღმოჩნდეს. ეგზისტენციური საკითხი შესაძლოა არ იყოს უვიზო რეჟიმის გაუქმება, მაგრამ საარსებო საკითხი ბევრი ადამიანისთვის იქნება, ანუ არსებობისთვის საჭირო, არსებობისთვის ხელშემშლელი.
ეგზისტენციური საკითხი შესაძლოა არ იყოს უვიზო რეჟიმის გაუქმება, მაგრამ საარსებო საკითხი ბევრი ადამიანისთვის იქნება, ანუ არსებობისთვის საჭირო, არსებობისთვის ხელშემშლელი
„ოცნება“ ვერ იტყვის, რომ უვიზო რეჟიმის შეწყვეტა საზოგადოების დაკვეთა იყო. მესმის თქვენი სარკაზმი, მაგრამ მთლად ასეც არაა საქმე.
– თქვენთან დაკავშირებამდე „ინტერპრესნიუსთან“ თქვენს წინა ინტერვიუს გადავავლე თვალი, სადაც ბევრ საგულისხმო რამეზე საუბრობთ.
მხოლოდ ორ ამონარიდს მოვიხმობ – „ავტორიტარიზმის ნიშნები, ქვეყნის მართვა-გამგებლობის პროცესში, ნამდვილად ჩანს.“. . „სრულფასოვანი ოპოზიციის ჩამოყალიბება წარმოუდგენელია და ეს შეიძლება გახდეს ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერების საფუძველი“.
ფაქტია, რომ ოპოზიცია იმაზე სუსტად გამოიყურება, ვიდე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ხელისუფლებაში რომ მთლად კარგად ვერაა საქმე, ამას აჭარის ექს-ხელმძღვანელ თორნიკე რიჟვაძის ისტორია, ეკონომიკის მინისტრის ექს-მოადგილის, ასევე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ფინანსური შემოწმებების დაწყებაც მოწმობს.
იმის გამო, რომ ქვეყანაში „სრულფასოვანი ოპოზიცია“ არ არსებობს, შეიძლება ეს იყოს ქვეყანაში „ავტორიტარული მართვა-გამგებლობის“ კიდევ უფრო მეტად გაძლიერების საფუძველი“?
– ცხადია, ავტორიტარიზმის ნიშნები ქვეყნის მართვა-გამგებლობის პროცესში, სახეზეა. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც არ არის წიაღისეულით ისეთი მდიდარი, როგორც აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ან გნებავთ ყატარი და ბახრეინი, შესაბამისად დემოკრატიაა ის უძლიერესი ინსტრუმენტი, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეების ნიჭიერებასა და უნარებს მომავალი კეთილდღეობის საფუძვლად აქცევს.
თუმცა, სხვა და სხვა ვითარებაში და სხვა და სხვა სირთულის სიტუაციებში, 1918-1921 წლებში და 1991 დან დღემდე, ქართულმა დემოკრატიამ ბევრით ვერაფრით გამოიჩინა თავი. მსოფლიო რუკაზე დაფიქსირებულ შევარდნაძის საქართველოში კორუფცია მძლავრობდა და დემოკრატია სიმდიდრეების უსაზომო მოხვეჭის წინაპირობად იქცა.
მოდერნიზაციის გზაზე შემდგარ ქვეყანაში, სმმართველობისას, იმ ყაიდის ავტორიტარიზმი ჩამოყალიბდა, რომლის შედეგების ლიკვიდაცია დღემდე გრძელდება და კაცმა რომ თქვას, დღევანდელი ოპოზიციის სისუსტე დიდწილად იმითაცაა გამოწვეული, რომ წინა პლანზე იქ ისევ იმ რეჟიმის წარმომადგენლები ჩანან და ამას მოსდევს ბოლო პერიოდის, ამ ხელისუფლების პერიოდში გაძლიერებული ავტორიტარიზმის ნიშნები.
და იქნებ, სულო ცოდვილო, არც არის ჩვენი ეთნოფსიქოლოგიის შესატყვისი დასავლური ტიპის დემოკრატია, ან გნებავთ, რუსული, თურქული და აზერბაიჯანული დემოკრატია და უფრო ეფექტური, მკაფიოდ ავტორიტარული რეჟიმი იქნება.
ასეთი პესიმისტური დასკვნისთვის, იმედია, მომიტევებთ. გაძლევთ პირობას და გავაგრძელებ, მე როგორც ერთი მოქალაქე ამ ქვეყნის, ამ საკითხის კვლევას. ოღონდ, რა იქნება ეს ავტორიტარიზმი, – განათლებული, თუ ტირანია, ძნელი საპროგნოზოა და ისევ დემოკრატიის ხარისხის გასაუმჯობესებლად მოგვიწოდებს.
– გვერდს ვერ ავუვლით იმას, რაც ჩვენს სამეზობლოში, კერძოდ სამხრეთ კავკასიაში ხდება.
მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების რუსეთის გარეშე დაწყებას. აბუ-დაბიში ამ ქვეყნების პირველი პირების შეხვედრის შედეგებმა გვაჩვენა, რომ დიდია იმის ალბათობა, რომ წლის ბოლომდე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერება.
მხარეები უკვე მუშაობენ იმაზე, რომ ბაქოში გაიხსნას სომხეთის საელჩო, ხოლო ერევანში აზერბაიჯანის. თურქეთსა და სომხეთს შორის დაწყებულია დაახლოების პროცესი, რომელიც ასევე შეიძლება დასრულდეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით.
ამის გარდა, საუბარია იმაზე, რომ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ზანგეზურის კარიდორით თურქეთი სახმელეთო გზით დაუკავშირდება აზერბაიჯანს. თუ მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდა, რეალურად მოხდება რეგიონში სერიოზული გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ძვრები.
არც ბაქოში და არც ერევანში არ მალავენ, რომ ორ ქვეყანას შორის დაახლოების პროცესის დაჩქარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაჭოში იმყოფებოდა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფი.
ანუ, მოსაზრება, რომ, „აშშ-ს ინტერესი სამხრეთ კავკასიაში არ ჩანს“, როგორც მინიმუმ, სწორი არ აღმოჩნდა. ამას წინათ თქვენც გაქვთ გამოთქმული მოსაზრება რომ „სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსი შეცვლილია“. სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოსთვის სამხრეთ კავკასიაში ერთი მხრივ აშშ-ს აქტიურობა, ხოლო მეორე მხრივ რუსეთის პოზიციების დასუსტება?
– ძალთა ბალანსი შეცვლილია, ოღონდ დღეს არსებული ბალანსი ერთხელ და სამარადჟამოდ ჩამოყალიბებული მოცემულობა არ არის.
დღეს, რეგიონში, რუსულ-თურქული სტატუს-კვოა. სომხეთის მიბრუნებამ დასავლეთისკენ, ახალი რეალობა დააყენა. შესაბამისად, ერდოღანის და ალიევის ალიანსი საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება.
აზერბაიჯანმა ისარგებლა პუტინის სურვილით, დაესაჯა ფაშინიანი და დაიბრუნა ყარაბაღი. ზანგეზურის კორიდორზე სომხების თანხმობამ კი სერიოზულად შეაზანზარა რეგიონი.
ევროპელები სომხეთს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკვანძო ქცეყნად მიიჩნევენ და ეს ვიღაცებს აოცებს, არადა სულაც არ არის აუცილებელი შავი ზღვის პირად მდებარეობდეს ქვეყანა, რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი რომ იყოს.
ასეა თუ ისე, სომხური ფაქტორი და ზანგეზურის კორიდორის მნიშვნელობა რეგიონისთვის, შტატების ახალი ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირების ყურამდეც მივიდა და ანკარაში აშშ-ის ელჩმა ტრამპის სურვილი გააჟღერა ზანგეზურის კორიდორის 100 წლის ვადის იჯარის ამერიკული ლოჯისტიკური კომპანიისთვის გადაცემის თაობაზე.
იმავე დღეს რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფაშინიანის განცხადებით, ის არ მიიჩნევს შესაძლებლად ზანგეზურის კორიდორის ნებისმიერი მესამე ქვეყნის მიერ გაკონტროლებას. ამას უკვე დილით მოჰყვა სხვა სააგენტოების ინფორმაცია, რომ ფაშინიანი ზანგეზურის კორიდორის გაკონტროლებას უცხო ქვეყნის კომპანიის მიერ, არ გამორიცხავს.
რა და როგორაა, მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ფაშინიანი, რომელიც ჩემი ვარუდით, იმდენად სხვა ყაიდის სომეხი პოლიტიკოსია, რომ მას ამ მხრივ, მხოლოდ XVIII საუკუნის დიდი სომეხი მოღვაწე ისრაელ ორი თუ შეედრება, ვითარების მართვას ცდილობს.
თუმცა, რა თქმა უნდა, ფაშინიანის სურვილი და მისწრაფება, დაალაგოს ურთიერთობები მეზობლებთან, მათ შორის, თურქებთან და ქვეყანა განვითარების გზაზე დააყენოს, ძალიან ძნელი იქნება განსახორციელებლად და ხორცშესასხმელად.
ამერიკული კომპანიის მიერ ზანგეზურის კორიდორის გაკონტროლება, თუ ეს მოხდა, ჩვენთვის ურიგო არ იქნება. არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ თუ აზერბაიჯანი და სომხეთი დალაგდებიან და ამ რეგიონზე ტვირთების მოძრაობისთვის ქართული მაგისტრალების ალტერნატივა გაჩნდება, ეს ჩვენ დაგვაზარალებს.
თუ რეგიონი დალაგდება, თუ მშვიდობა მყარი იქნება, ტვირთები და ეკონომიკური სიკეთეები ყველას ეყოფა და რეგიონში არსებობს ყველა წინაპირობა, რომ იგი იქცეს არა ახლო აღმოსავლეთად, არამედ ეკონომიკური აღმავლობის ოაზისად. ამისთვის რეგიონში ყველაფერი არსებობს – წიაღისეულიც, ნიჭიერი ბინადარი ხალხიც და სათანადო სიბრძნეც.
უიტკოფის ვიზიტი ბაქოში, უწინარეს ყოვლისა, იმის გამოხატულებაა, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის თვალსაწიერში უკვე სამხრეთ კავკასიაციაა. და არა მარტო ის. იზურის კორიდორი, თუ შტატებმა გააკონტროლა, ეს რუსეთის სერიოზული მარცხიც იქნება და ერდოღანისაც. „დიდი თურანის“ ცენტრად მოაზრებული არეალიდან ზანგეზურის კორიდორის კონტროლით გაყვანილი თურქეთის პრეზიდენტი ერთობ არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ისიც უნდა ითქვას, რომ ს მიერ ალ -შარაას წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები, ერდოღანის გაფრთხილებაც იყო შტატების მხრიდან, რომ ის სირიაში არ დაუშვებს ძლიერი ხელისუფლების ჩამოყალიბებას, რომელიც მთელ სირიას გააკონტროლებს, ქურთებით დასახლებული და ენერგორესურსებით მდიდარი რეგიონისა და დრუზების საცხოვრისის ჩათვლით.
ტრამპს სირიის გაკონტროლება ერდოღანთან ერთად, როგორც ჩანს, სხვაგვარად წარმოედგინა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი