ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025

ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივი სთვის ემზადება – რა ბედი ელის ბოიკოტის საკითხს
“აღიარება ბრიუსელის გვერდის ავლით” თუ დიპლომატიური ეტიკეტი – რას ნიშნავს ავსტრიის კანცლერის წერილი კობახიძისთვის
სამშვიდობო პროცესის ჩავარდნის შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივად გაგრძელების რისკები
* * *
ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება – რა ბედი ელის ბოიკოტის საკითხს
“თვითმმართველობის არჩევნების საკითხმა ოპოზიციაში უთახმოება გამოიწვია და შესაძლოა ერთიანი ბოიკოტიც არ გამოვიდეს. თანდათან უკვე იკვეთება კონტურები ვინ შეიძლება გავიდეს ადგილობრივ არჩევნებში. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია აცხადებს, რომ ამისთვის პარტია ემზადება, თუმცა, მიაჩნია, რომ “დღეს მზად არ არის გადაწყვეტილებისთვის”. ბარიერგადალახული დანარჩენი ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, ნაწილს კი ნაადრევად მიაჩნია პოზიციის დაფიქსირება. თუმცაღა, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების ნახევარი სერიოზულად ფიქრობს ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას, თუმცა, ის კონკრეტულად არ ასახელებს რომელს სურს. “ქართული ოცნება” კი აცხადებს, რომ თუკი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, “საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთხელ იგემებს უდიდეს მარცხს”, ხოლო, თუკი არ მიიღებს, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის უკეთესი იქნება, რადგან “ჯანსაღი ოპოზიციისთვის ადგილი გამოთავისუფლდება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება – რა ბედი ელის ბოიკოტის საკითხს.
“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემის წამოწევა “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ახალი არჩევნების საკითხი უკანა პლანზე იწევს, ოპოზიციაში კი უთანხმოება შეაქვს. “როგორც კი ადგილობრივ თვითმმართველობის მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი დაისვა, ეს თემა “ქართული ოცნებიდან” იყო წამოსული, მას სურდა, რომ ახალ არჩევნებიდან ლაპარაკი თვითმმართველობის არჩევნებზე გადაემისამართებინა. მან ეს მარტივი მიზეზის გამო მოახერხა, რადგან აღმოჩნდნენ პარტიები, რომლოებმაც თქვეს, რომ მათთვის ეს საკითხი კატეგორიულად მიუღებელია და ამ არჩევნებში მონაწილოება არ უნდა მივიღოთო და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოსთხოვეს, რომ თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ”, – თქვა ძაბირაძემ, რომლის აზრით ამან გარკვეული უხერხულობები გამოიწვია და სიტუაცია უბრალოდ წავიდა ისე, რომ ხელისუფლებამ არა მარტო იმას მიაღწია, რომ დისკუსია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე დაიწყო და საპარლამენტო არჩევნებმა სადღაც მეორე პლანზე გადაინაცვლა, არამედ იმასაც, რომ ოპოზიციურ ერთიანობაში გარკვეული დაპირისპირებაა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ადრეც ვამბობდი და ახლაც იგივეს ვიმეორებ, რომ სრული პოლიტიკური სიბრიყვეა, რომ დღეს ილაპარაკო ადგილობრივ არჩევნებზე მიიღებ თუ არა მონაწილეობას. ეს პოლიტიკური პროცესია და არავინ არ იცის სექტემბერში რა ვითარება იქნება. იქამდე დიდი დროა და პროცესი მიდის, ნელ-ნელა ხდება პოლიტიკური ვითარების ცვლილებაც. თუნდაც ის განცხადება, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა, რომ თურმე პარტიებს არ აკრძალავს, ნიშნავს იმას, რომ ზეწოლა და სანქციები გრძელდება. არ ვიცით, რა იქნება სექტემბერ-ოქტომბერში და დღეს ამ გადაწყვეტილების მიღება მიმაჩნია პოლიტიკურად არასწორად. გარდა ამისა, ეს დაპირისპირებაა, ეს ხომ ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი არაა, ფაქტიურად სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვართ. ასეთ დროს, როგორ შეიძლება დაპირისპირებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ, ექვსი თვით ადრე გამოაცხადო, რას გააკეთებ ექვსი თვის შემდეგ. ეს ხომ პოლიტიკური მოწინააღმდეგისთვის მიცემული კარტია და თუ მან იცის რას გააკეთებ, მოწინააღმდეგე გააკეთებს იმას, რაც თავისთვის უნდა”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“არჩევნებში ვიღაცა მონაწილოებას აუცილებლად მიიღებს და აქ კიდევ სამსჯელო და საფიქრალია რა და როგორ სჯობს, მაგრამ მანამდე ეს თემა ოპოზიციურ სპექტრში საერთოდ არ უნდა განხილულიყო, ეს ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგი პასუხი იქნებოდა, მაგრამ ვიღაცეებს ძალიან ეჩქარებათ ხოლმე პოზიციების დაფიქსირება და ფსევდორადიკალური განცხადებების კეთება. რადიკალური განცხადებების კეთება კარგია მაშინ, როცა ამას შესაბამისი ძალა და მექანიზმები გაქვს და ისე რამდენიც გინდა ილაპარაკე. რამდენი განცხადებაც არ უნდა გავაკეთო, ეს ერთი კაცის განცხადებაა და მეტი არაფერი. ამ განცხადებებთანაც ოპოზიცია ფრთხილად უნდა იყოს, თუ უნდა ქვეყანაში არსებული რეალობა შეცვალოს”, – მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციას გახარიას პოზიციის გამო უკვე ეტყობა გახლეჩის ნიშნები თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით. “ოპოზიციას უკვე ეტყობა გახარიასთან დაკავშირებით გახლეჩის ნიშნები, იქ კომისიაზე მისვლამაც გახლეჩისმაგვარი პროცესი გააჩინა, ალბათ ადგილობრივი არჩევნები დამატებითი ფაქტორი გახდება, მაგრამ მეორეს მხრივ როგორც ჩანს, გახარია არ აპირებს აჰყვეს ოპოზიციის არც არჩევნების და არც პარლამენტის მუშაობის მიმართ ბოიკოტს… თითქმის დარწმუნებული ვარ და უთქვამს კიდეც, რომ შესაძლოა ბარიერგადაულახავმა ს “გირჩმა” მიიღოს მონაწილეობა (ადგილობრივ არჩევნებში), დანარჩენს რაც შეეხება, თუნდაც”ლელოს” კოალიციას, არ მგონია ჯერ ამ პროცესში ასე ღრმად შევიდნენ”, – ამბობს საყვარელიძე, რომლის ვარაუდით, “ეს დამოკიდებული იქნება უცხოეთიდან სიგნალებზე”, – განაგრძობს გამოცემა.
“ვვარაუდობ, რომ ჯერჯერობით უცხოეთიდან ითხოვენ, რომ არსებობდეს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო დაუმორჩილებელი პარტიების ჯგუფი, იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიტიკა შეეძლოთ ჩვენი ხელისუფლებისა. თუკი დასავლეთს იმ დროისთვის ეს განწყობილება ჩაუქრება და მართლაც პროგნოზი ჯერ ძალიან ადრეა, მაშინ მე მგონი პარლამენტშიც შეიძლება შევიდნენ, მიზეზის მოფიქრება რთული არაა… ბოიკოტი ჯერ ერთი ოპოზიციისთვისაა ცუდი და ასევე ქვეყნისთვის, რადგან ქვეყანას ოპოზიციური პარტიები სჭირდება. მეორე ვარიანტია კიდევ, რაც მათ ჩაქრობას შეუწყობს ხელს, შესაძლოა მათ ადგილზე ახალი ოპოზიციური პარტიები შემოვიდნენ, მაშინ მათი დაბრუნებაც კი არ უშველის და არ დაუბრუნდებათ ძველი რეიტინგი”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ის დღეს მზად არ არის გადაწყვეტილებისთვის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადება, ისევე, როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ის ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ყველამ თავის საქმეს მიხედოს. “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ კი განაცხადა, რომ “ნახევარი ოპოზიციური პარტიები ამ წუთის მდგომარეობით სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას. მელია არ აკონკრეტებს პარტიებს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს მისი გუნდი, მათ შორის თავად, რომ ეს არ მოხდეს. მისივე თქმით, რომ არა საპარლამენტო ბოიკოტი “ერთი ადამიანიც არ იდგებოდა, დღემდე ხომ საერთოდ არავინ იდგებოდა აქციაზე” და მაქსიმუმ ერთი კვირით გაეპროტესტებინათ, თუ ოპოზიციური პარტიები არ მიმართავდნენ ბოიკოტს. მელია იმასაც ამბობს, რომ 2020-2021 წლების გამოცდილება, როგორც “გაკვეთილი, უნდა მივიღოთ”. “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის გარეშე, გარეშე აზრი არ აქვს. ეს იქნება არამხოლოდ პროტესტის მუხტის მოკვლა, არამედ რეჟიმის არაღიარების წყალში გადაყრა”,- დასძენს გამოცემა.
“ჩვენი პოზიცია არის ის, რაც საჯაროდ ბევრჯერ იქნა გაცხადებული, რომ სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება და არ ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, მათ შორის ახალი პირობებით, რომელზე შეთანხმებულია ყველა მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი, მანამდე არანაირ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ პირადად. არანაირი ადგილობრივი არჩევნები არ იქნება და ეს ზღაპრები, რომ ვითომ ოპოზიციამ შეიძლება დედაქალაქი მოიგოს და ა.შ. ეს არის ბოდვა, ტყუილი. ამ არჩევნებზე ადამიანები არ მივლენ. შეუძლებელია ამ არჩევნების მოგება, ისინი დაწერენ იმას, რაც უნდათ. თბილისზე ილუზიები, რომ 26 ოქტომბერს ჯამში ოპოზიციამ მოიგო, ეს არის ილუზიები. რა გარემოებების ცვლილებებს ელოდებიან, უნდა ახსნას ყველამ, ვინც მაგას ამბობს. ყველა, ვინც ესეთ განცხადებებს აკეთებს, სინამდვილეში ელოდება იმას, რომ მოკვდეს პროტესტი და მერე თქვან, რომ ქუჩიდან არაფერი გამოგვივიდა და ტრიბუნას მაინც გამოვიყენებ. ნანახი მაქვს ეს 2020 -ის არჩევნების შემდეგ… ეს იქნება, პროტესტის მუხტის მოკვლა და ასევე, გარედან ის რაც აქამდე შევინარჩუნეთ, ამ რეჟიმის არაღიარება, სანქციების შემოღება და ა..შ ამ ყველაფრის წყალში გადაყრა”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
“აღიარება ბრიუსელის გვერდის ავლით” თუ დიპლომატიური ეტიკეტი – რას ნიშნავს ავსტრიის კანცლერის წერილი კობახიძისთვის
“ავსტრიის ახალი კანცლერი ქრისტიან შტოკერი, პრემიერ ირაკლი ს წერილს უგზავნის, სადაც კანცლერი ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე წერს. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და როგორც ჩანს, ეს არის კობახიძის მილოცვაზე პასუხი ახალი კანცლერის მხრიდან. ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარება ავსტრიის მხრიდან, “ბრიუსელის გვერდის ავლით”. ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს არაა აღიარება, რადგან ვერც მადლობის წერილში ვერ იტყოდა არაღიარებაზე რამეს კანცლერი და დიპლომატიური ეტიკეტიც მოითხოვდა პასუხის დაბრუნებას. უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრიაში კოალიციური მთავრობა ხუთთვიანი პოლიტიკური ჩიხის შემდეგ, მარტის დასაწყისში ჩამოყალიბდა. კრისტიან შტოკერმა ავსტრიის კანცლერის პოსტზე ფიცი მაშინვე დადო. შტოკერი ხელმძღვანელობს სამპარტიულ კოალიციურ მთავრობას, რომელშიც შედიან მემარჯვენე ცენტრისტული “სახალხო პარტია”, “სოციალ-დემოკრატები” და ლიბერალური “ნეოსი”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “აღიარება ბრიუსელის გვერდის ავლით” თუ დიპლომატიური ეტიკეტი – რას ნიშნავს ავსტრიის კანცლერის წერილი კობახიძისთვის.
“ქრისტიან შტოკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილში წერს – “საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც ეფუძნება ორმხრივ პატივისცემას და ურთიერთგაგებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდგომ წლებშიც გავაღრმავებთ წარმატებულ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის” და საქართველოს მთავრობის მეთაურს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერად დანიშვნის მილოცვისთვის მადლობას უხდის. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეს წერილი საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებას არ ნიშნავს. .ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ავსტრიის კანცლერის წერილის შეფასებისას ამტკიცებს, რომ ევროპა ბრიუსელისგან “თავის დაღწევას ცდილობს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ეს აღიარებას არ ნიშნავს, რადგან ეს უბრალოდ იყო მისალოცი წერილი, ავსტრიის კანცლერის უფლებამოსილება ძალაში შევიდა რამდენიმე დღის წინ და კობახიძემ მიულოცა. უბრალოდ, ავსტრიის კანცლერიც ვალდებული იყო, არა მხოლოდ კობახიძეს, არამედ ვინც მიულოცა, მათთვის საპასუხო წერილი გაეგზავნა. დიპლომატიური ეტიკეტი მოითხოვდა იმას, რომ მადლობა გადაეხადა. მადლობის წერილში კი ვერ იტყოდა, რომ არ გაღიარებთ, არჩევნები გააყალბეთ და ა.შ. ეს შემდგომი განსჯის საგანია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძემ.
“ევროპა ბრიუსელისგან თავის დაღწევას ცდილობს. ბრიუსელი იქცა ისეთად, როგორიც იყო მოსკოვი საბჭოთა კავშირის დროს, რომ ყველაფერს მოსკოვს უნდა დაკითხვოდნენ. ამდენად, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც ცდილობენ დაუძვრნენ იმ უსამართლობას, რომელსაც ბრიუსელელი ბიუროკრატია იჩენს საქართველოს მიმართ. ცდილობენ და უკვე კიდევაც აკეთებენ საქმეს, თანდათანობით მოხდება ის, რომ ყველა დანარჩენებიც ცნობენ საქართველოს ხელისუფლებას. ავსტრია კიდევ ერთი მაგალითია, რომ საბოლოოდ საქართველოს ხელისუფლების აღიარება მოხდება. საქართველოს ხელისუფლების აღიარება დამტკიცდა ანტალიაში მიმდინარე კონფერენციის დროსაც. ხელისუფლება რომ ლეგიტიმურია, ეს ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, მაგრამ უცხო სახელმწიფოების მხრიდან მაინც გაიწელა ეს. ვისზე ნაკლებია აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ჩინეთი, იგივე ავსტრია. მაშასადამე, საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმური ძალაა და ვისაც არ უნდა ნუ დაინახავს. მსგავსი განცხადებები თანდათანობით დაიწყება, უკვე ფაქტობრივად დაწყებულიცაა, აბა ვინ უნდა აღიარონ, გვარამია და თაბაგარი? გვარამია-თაბაგარს ბრიუსელი და მაკრონი აღიარებს, დანარჩენი ყველა – საქართველოს”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
სამშვიდობო პროცესის ჩავარდნის შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივად გაგრძელების რისკები
“დონალდ ტრამპს -ის პრეზიდენტობის 100 დღე უსრულდება, თუმცა, წინასაარჩევნო დაპირება, უკრაინის ომის დასრულება, ამ დრომდე არ შესრულებულა, იმის მიუხედავად, რომ გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ბევრი მის გეგმას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუკი ტრამპის სამშვიდობო გეგმა ჩავარდება, დაიწყება ახალი პროცესები. შესაძლოა ეს იყოს უკრაინის გაძლიერებული დახმარება ამერიკის მხრიდან, სხვა ძალის ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში და ა.შ. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის ვარაუდით, თუ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ჩავარდება, იძულებული გახდება ს დაეხმაროს. ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, თუ ეს მოლაპარაკება ჩავარდება, გამორიცხული არაა კონფლიქტის მოგვარებაში სხვა ძალა ჩაერთოს, თუმცა მისივე თქმით, სარისკოა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სამშვიდობო პროცესის ჩავარდნის შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივად გაგრძელების რისკები.
“თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, რა თქმა უნდა, ამან წესით აბსოლუტურად უნდა შეცვალოს ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა. მას სხვა გზა არ ექნება გარდა იმისა, რომ განაცხადოს, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რამაც საბოლოოდ უნდა მიიყვანოს ს დამარცხებამდე. მე მგონია, რომ ამერიკის მოსახლეობა, რომლის უმეტესობა ამ კონფლიქტში უკრაინას უჭერს მხარს, მათი აზრის იგნორირება ვერ მოხდება. შესაბამისად, ისინი აუცილებლად მოახდენენ ზეწოლას ტრამპის ადმინისტრაციაზე, რათა მან უკრაინის დახმარება გააგრძელოს”, – დაასკვნის გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
“დათქმები საერთაშორისო მოლაპარაკებებში ძალიან ბევრია, თუმცა, ბოლოს მხარეები თანხმდებიან და აქ ხდება ის პროცესები, რასაც ჰქვია დათმობები ორივე მხრიდან. არ მგონია, რომ მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები ბოლომდე გაგრძელდება იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი სამხედრო ფინანსური მხადამჭერი, ამერიკა გასულია თამაშიდან და ევროპის შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულად გაუხდება ამ პროცესის შემდგომი ინტენსიური მხარდაჭერა, როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო თვაკლსაზრისით. ამას მიმავატოთ ის, რომ სოციალურ-ეკონომიკური არამდგრადობა შეინიშნება ევროპის კონტინენტზე და ცხადია, ასობით მილიონ ამომრჩეველს არ ადარდებს სხვა ქვეყანაში მიმდინარე ომი. ბუნებრივია, ევროპელი აქტორებიც შეეცდებიან, როგორმე დაითანხმონ და მოსკოვი შეთანხმებისკენ. თუმცა, აი, აქ არის ძალიან საშიში მომენტი უწინარესად უკრაინელი ხალხისთვის, რათა ზელენსკის მთავრობა არ აიძულონ იმაზე მეტ დათმობაზე წავიდეს, ვიდრე ახლა არის მოლაპარაკებათა დღის წესრიგში”, – მიიჩნევს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“ამაში ვხედავ დიდ რისკს, რადგან რაც უფრო გაიწელება ეს კონფლიქტი, მით უფრო იხეირებს ოკუპანტი რუსეთი. მისთვის ამ სანქციებს და შეზღუდვებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამას ვინმე კი არ ამბობს, არამედ თავად დასავლელი აქტორები და სამხედროები იძახიან, რომ თავდასხმითი პოტენციალი რუსეთის მხრიდან არ შესუსტებულა და პირიქით, უფრო გაძლიერდა. თან დაეხმარა ჩინეთი და ჩრდ. კორეა. ამიტომ უფრო იმედის მომცემად უნდა შევხედოთ, რომ რაღაც ეტაპზე გარღვევა მოხდება. შესაძლოა ამ ფორმატმა, რასაც ახლა ვხედავთ, არ გაამართლოს და სხვა რომელიმე აქტორი ჩაერთოს. ვერ გეტყვით დანამდვილებით რომელი ძალა იქნება, მაგრამ თუ ჩიხში შევიდა არსებული ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკების ფორმატი უკრაინაზე, რასაკვირველია, საჭირო იქნება არა ფასილიტატორი, არამედ დამხმარე, რომელიც პოზიციების დაახლოებაში წვლილს შეიტანს. თუმცა, აქაც რისკს ვხედავ უკრაინელი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ”, – დასძენს გია აბაშიძე.